თითო გუნდს ორის აყვანის უფლება აქვს, ამიტომ დრაფტი ორ წრედ იყოფა. რადგან ამერიკის საკალათბურთო ასოციაციაში 30 გუნდია, 60-ამდე მოთამაშეს აირჩევენ, რომელთა შორის 20 წლის ქართველი თორნიკე შენგელიაც უნდა იყოს.
მას ტრევიზოს კემპამდე ოკეანისგაღმელი ექსპერტები დრაფტის მეორე წრის მეორე ნახევარში არჩევას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ იტალიაში შენგელიამ თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინა და მისი ფასიც ერთიორად გაიზარდა - პირველ წრეს მიუახლოვდა.
34-ედ კლივლენდში
აი, რას წერს ერთ-ერთი ამერიკული გამოცემა:
"კლივლენდ კავალიერსს" დრაფტზე
მას კარგი შეტევითი ალღო აქვს და სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში. თუ ყველაფერი ჩვენი ვარაუდის მიხედვით წარიმართა, ქართველი ფორვარდი დრაფტზე არჩევის შემდეგ ერთ წელს ისევ ევროპაში გაატარებს და ამის შემდეგ მიაშურებს NBA-ს.
რამდენად გაიზარდა შენგელიას ფასი წარმატებული ევროკემპის შემდეგ?
ქვესათაურში მოყვანილი კითხვა გამოცემა SBnation-ის ჟურნალისტის, ვენდელ მაქსის სტატიას ახლავს.
როგორც მიხვდით, პუბლიკაცია მთლიანად შენგელიას ეხება. მოდით, ქართულ თარგმანში ვნახოთ, რას წერს ბატონი ვენდელი:
"ტრევიზოში სამდღიანი კემპი გაიმართა. იტალიაში მის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩავედი, რათა კარგად გავცნობოდი ატმოსფეროსა და დრაფტის კანდიდატებს. გასაგები მიზეზების გამო ფრანგ ევან ფურნიეზე (პირველ წრეში არჩევის კანდიდატია) ვიყავი კონცენტრირებული.
ტრავმის მოშუშების შემდეგ ტრევიზოს კემპი ფურნიესთვის შესაძლებლობების დემონსტრირების კარგი სარბიელი უნდა ყოფილიყო.
...თუმცა იტალიაში დამხვდნენ არანაკლებ საინტერესო კალათბურთელები, რომლებიც NBA-ს დრაფტის მეორე წრეში არჩევის კანდიდატებად ითვლებიან.
ზოგიერთმა კემპზე დამაჯერებელი თამაშით არაერთი სკაუტი მოხიბლა. მაგალითისთვის გამოდგება თორნიკე შენგელია, 207 სმ სიმაღლის ცენტრი საქართველოს რესპუბლიკიდან, რომელიც გასულ სეზონში ბელგიური "შარლერუას" ღირსებას იცავდა.
მისი აგენტის, ლევან მიქელაძის თქმით, ევროკემპზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ დრაფტიდან შენგელიას კანდიდატურის მოხსნას არ აპირებენ. მართებული გადაწყვეტილებაა.
ახალგაზრდა ქართველი ევროლიგაზე საშუალოდ 7.6 ქულასა და 3.8 მოხსნას აგროვებდა; ბელგიის ჩემპიონატში - 8.8 ქულასა და 4.8 მოხსნას; ხოლო ახლახან დასრულებულ ტრევიზოს კემპზე - 14.3 ქულასა და 5.4 მოხსნას. იგი იტალიაში თამაშიდან ტყორცნების 59 პროცენტს იყენებდა (42-იდან 25).
შენგელია ტანმაღალი, მრავალმხრივი ფორვარდია, აქვს საქართველოს ნაკრებსა და ევროლიგაზე თამაშის გამოცდილება, კარგად აკონტროლებს ბურთს, შედეგიანია ახლო მანძილიდან ტყორცნებისას. ასევე, იოლად შეუძლია თავისუფალი პარტნიორის მოძებნა, რაშიც ევროკემპის მსვლელობისას არაერთხელ დავრწმუნდი.
საინტერესოა, ასეთი მონაცემების კალათბურთელს NBA-ს დრაფტზე რომელ ნომრად აირჩევენ? ზოგიერთი გამოცემა მის მეორე წრის შუასა და ბოლოში აყვანას ვარაუდობს. მაგალითად, "დრაფტექსპრესის" ვერსიით, შენგელიას ან "დეტროიტ პისტონსი" 44-ნომრად აიყვანს, ან "დალას მავერიქსი" - 55 ნომრად. მაგრამ ევროკემპის წყალობით, ეს რიცხვები შესაძლოა, საგრძნობლად შემცირდეს...
შენგელია ტრევიზოში საუკეთესო მძიმე ფორვარდი იყო, თუმცა ზოგჯერ მსუბუქი თავდამსხმელის პოზიციაზეც ირჯებოდა და სკაუტებს კარგად დაანახა, რომ მხოლოდ ერთ პოზიციაზე თამაში არ შეუძლია.
ზოგიერთი სპეციალისტი შესაძლოა, სკეპტიკურად უყურებდეს შენგელიას შანსებს NBA-ს ჩამგდები ფორვარდების წინააღმდეგ დაცვაში თამაშისას. ამ კომპონენტში მას სამუშაო აქვს, თუმცა არ შეიძლება მის დაცვით შესაძლებლობებზე უარყოფით კონტექსტში ლაპარაკი. ქართველი თავდამსხმელი ხომ ჯერ 20 წლისაა.
მას საკმარისი სისწრაფე აქვს, რათა მეტოქეებს არ ჩამორჩეს. დაფარებებიც ეხერხება. მოდით, საპირისპირო მხრიდანაც შევხედოთ: NBA-ს მძიმე ფორვარდები რამდენად იოლად შეძლებენ შენგელიას განეიტრალებას? დღესვე შეიძლება ითქვას, რომ მისი შეჩერება იოლი არავისთვის იქნება, თამაშის აგრესიული მანერის, სისწრაფისა და სიმაღლის წყალობით.
თუ (ან როცა) თორნიკე შენგელიას გვარს 28 ივნისის დრაფტზე ხმამაღლა გამოაცხადებენ, იგი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო მძიმე ფორვარდი იქნება.
შენგელია ამერიკაში ჩამოდის (NBA-ს კლუბებთან სამუშაოდ). მისი მიზანი იქნება: შეტევა, შეტევა, შეტევა!
აი, რა დაეხმარა მას (ტრევიზოს კემპზე) ფასის აწევაში."
კემპის საუკეთესო მომენტთაგანი - შენგელიას ჩატენვა
კემპის შემდეგ გამოცემა "დრაფტნეტზე" რამდენიმე კალათბურთელის დახასიათება გამოქვეყნდა. ცხადია, ჩვენს მკითხველს ასეთი ავტორიტეტული საიტის ჟურნალისტთა (რომლებსაც მჭიდრო კავშირი აქვთ სკაუტებთან) მოსაზრებაც დააინტერესებს:
"თორნიკე შენგელია ევროკემპზე ყველაზე ათლეტური კალათბურთელი იყო. იგი მაღალიცაა და ენერგიულიც. 207 სმ სიმაღლის ფორვარდის კვალობაზე შენგელია ბურთს საოცრად კარგად აკონტროლებს და ძალიან სწრაფია დრიბლინგისას.
კემპზე შენგელიას რამდენიმე ჩატენვა საუკეთესო მომენტთა შორის იყო. განსაკუთრებით ერთი დაამახსოვრდებოდა დამსწრე საზოგადოებას: ორი ხელით ბურთის ჩატენვა მეტოქის თავსზემოთ. მისი აქილევსის ქუსლი სროლაა. სადღეისოდ, ქართველი ფორვარდის პლუსი ენერგიულობა და ათლეტურობა უფროა, ვიდრე სროლის სიზუსტე..."
დაბოლოს
- თორნიკე შენგელია ამერიკაში უნდა ჩამოვიდეს. იგი ამჟამად ბელგიაშია და ამერიკის ვიზას ელის. ამ კვირაში შენგელია ამერიკაში გაფრინდება და 28 ივნისს დაგეგმილ დრაფტსაც დაესწრება.
როგორც თორნიკეს აგენტმა ლევან მიქელაძემ გვითხრა, NBA-ს კლუბებისგან დაინტერესებები არის, თუმცა დრაფტის შედეგების წინასწარ განსაზღვრა ძნელია - აღნიშნავს ჟურნალისტი ვენდელ მაქსი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"