ველოდებით დრაფტს: თორნიკე შენგელია "ატლანტას" მაისურით ვარჯიშობს

AutoSharing Option
29 ივნისს, თბილისის დროით 4 საათზე (მაშინ აღმოსავლეთ ამერიკაში 28 ივნისის საღამოს 7 საათი იქნება) ნიუ ჯერსის "პრუდენშალ სენთერში" NBA-ს დრაფტი გაიმართება.

მას სამი ქართველი დაესწრება - ეროვნული ნაკრების ფორვარდი თორნიკე შენგელია, მამამისი, "სამედიცინოს" მწვრთნელი კახა შენგელია და კალათბურთელის აგენტი ლევან მიქელაძე.

ბოლო წლებში თორნიკემ იმდენად სწრაფი პროგრესი განიცადა, რომ წლევანდელი დრაფტის წინ უკვე ყველა დარწმუნებულია - NBA-ს რომელიმე გუნდი აუცილებლად აიყვანს. მაგრამ საკითხავია, რომელი? დრაფტი ორ წრედ ტარდება და სპეციალისტები მეორე წრის დასაწყისში ან შუაში არჩევას უწინასწარმეტყველებენ.

ამერიკელმა ჟურნალისტებმა
უკვე გამოთქვეს რამდენიმე ვარაუდი: ქართველი თავდამსხმელი შესაძლოა "დენვერ ნაგეტსმა", "კლივლენდ კავალიერსმა" ან "დეტროიტ პისტონსმა" აიყვანოსო.

ბოსტონურმა გამოცემა "გრინსვიტმა" შენგელიას ცალკე სტატია მიუძღვნა სათაურით "ბოსტონ სელტიქსის" სავარაუდო არჩევანი - ქართველი ფორვარდი თორნიკე შენგელია".

ბოსტონი
შესავალში ვკითხულობთ, რომ "ბოსტონს" დრაფტზე სამი კალათბურთელის არჩევის უფლება აქვს - 21-ე, 22-ე და 51-ე ნომრად.

22-ეს უფლება "მწვანეებმა" "ოკლაჰომაში" კედრიკ პერკინსის გაშვების სანაცვლოდ მიიღეს.

შემდეგ ვეცნობით ზოგად ცნობებს თორნიკე შენგელიას შესახებ:

პოზიცია: მსუბუქი/მძიმე ფორვარდი.
ასაკი: 20 წლის.
სიმაღლე: 207 სმ.
წონა: 103.4 კგ.
2011-12 სტატისტიკა: 8.3 ქულა, 4.3 მოხსნა, 45.2% თამაშიდან ტყორცნები.

რა შეუძლია
"შენგელია მეტად ენერგიული კალათბურთელია. ერთნაირად წარმატებით შეუძლია როგორც შეტევაში, ისე დაცვაში თამაში.

მიუხედავად იმისა, რომ 207 სანტიმეტრი სიმაღლისაა, ბურთს მშვენივრად ფლობს და ძლიერი ფეხების დახმარებით მიმართულების მყისიერი ცვლილებაც ძალუძს. შენგელია ჩინებული მომხსნელია და პასის ალღოც აქვს.

იგი მაღალიცაა და ფიზიკურად ძლიერიც. შეუძლია თავი მშვენივრად გაართვას მსუბუქ და მძიმე ფორვარდების პოზიციებზე თამაშს.

გამორჩეული სისწრაფე მას დიდ უპირატესობას ანიჭებს. ამასთან, ის ფარქვეშაც მარჯვეა. მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო საკალათბურთო ლიგაში - ევროლიგაში საშუალოდ 40 წუთში 9.2 მოხსნას აგროვებდა.

თორნიკე შენგელიას სამუშაო აქვს საშუალო და შორი დისტანციებიდან ტყორცნებზე. ახალ საფეხურზე ასასვლელად აუცილებელია გამოამჟღავნოს ლიდერის თვისებები და იქცეს საკვანძო ფიგურად".

ჯერ ატლანტა
ჟურნალისტი სტივენ ჰიუიტი გვახსენებს, რომ თორნიკე საქართველოს ნაკრების პარალელურად გასულ სეზონში ბელგიის "შარლერუას" ღირსებას იცავდა, ხოლო ორიოდე კვირის წინ დასრულებულ ტრევიზოს კემპზე (რომელიც NBA-ს ორგანიზებით ჩატარდა) საუკეთესო კალათბურთელის გამოსავლენ გამოკითხვაში მეორე იყო.

ჟურნალისტი ასკვნის - "ბოსტონ სელტიკსი" შენგელიას მეორე წრეში აიყვანსო. როგორც მოგახსენეთ, ბოსტონელებს მეორე წრეში 51-ე ნომრად არჩევის უფლება აქვთ. თუ ამერიკელი მიმომხილველების ვარაუდებს გავითვალისწინებთ, ნაკლებად სავარაუდოა, თორნიკე 51-მდე არავინ აიყვანოს...

იგი ამჟამად ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაშია და უფროსი მეგობრის, ზაზა ფაჩულიას 27-ნომრიანი მაისურით "ჰოქსის" დარბაზში ვარჯიშობს.

შენგელია და ბოსტონი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები თორნიკე. მე ღრმად მჯერა, ერომ მას აიყვანენ.
samtredieli
12:52 26-06-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული