ქართველი NBA-ში: 76-54-32... რა ელის თორნიკე შენგელიას?

AutoSharing Option
765432... რას ნიშნავს კლებადობის მიხედვით ჩამოწერილი ექვსი ციფრი? მოდით, დავანაწევროთ და მერე განვმარტოთ: 76-54-32 ტელეფონის ნომერი არ გეგონოთ, საკალათბურთო ციფრებია, რომლებიც ივნისში საქართველოს ნაკრების 20 წლის ფორვარდის, თორნიკე შენგელიას გასწვრივ ჩამწკრივდა: მან ტრევიზოს საზაფხულო კემპზე 32 ნომრით ითამაშა, თავი მოაწონა NBA-ს კლუბებს და დრაფტზე 54-ე ნომრად "ფილადელფია-76"-მა აიყვანა.

შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულია 2003 წელს 41-ე ნომრად აირჩიეს და ამერიკელი სპეციალისტები მას ევროპაში დაბრუნებას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ საზაფხულო კემპებზე ფაჩულიამ პირველ წრეში არჩეულებსაც აჯობა და "ორლანდო მეჯიქისგან" კონტრაქტიც დაიმსახურა.

"ბრუკლინ ნეთსის" ხელმძღვანელობამ
2012 წლის დრაფტის დასრულებისთანავე "ფილადელფიას" თორნიკე შენგელია დაათმობინა და 207 სმ სიმაღლის ქართველი ორლანდოს საზაფხულო კემპზე (9-12 ივლისი) "ბრუკლინის" ღირსებას დაიცავს.

სწორედ ამ შეჯიბრების შემდეგ გადაწყდება, თორნიკე "ნეთსთან" გააფორმებს კონტრაქტს, თუ კარიერას დროებით ევროპაში გააგრძელებს.

მანამდე ამერიკელი სპეციალისტების მოსაზრებებს გავეცნოთ. გამოცემა "ბლიჩერრეპორტის" ჟურნალისტმა დენ ფავალემ შენგელიას ცალკე სტატია მიუძღვნა.

"2012 წლის დრაფტზე ძალიან ცოტა ევროპელი აირჩიეს. მათ შორის გახლდათ თორნიკე შენგელია, 20 წლის ქართველი, რომელსაც დიდი ენერგია აქვს, ღონიერია და მიზანმიმართული. შრომისმოყვარეობის ხარჯზე მან უმაღლეს პროფესიულ საფეხურს მიაღწია და ახალ სიმაღლეზე ასასვლელად ემზადება.

რა სარგებლის მოტანა შეუძლია გუნდისთვის?
შენგელია მომხსნელი მანქანაა. დიდებულია ფარქვეშ პოზიციისთვის ბრძოლისას. შთამბეჭდავი ბრუნი მას დიდ უპირატესობას აძლევს გაცილებით მაღალი კალათბურთელების წინააღმდეგ თამაშისას. შედარებით დაბალ მცველებს კი იოლად უმკლავდება.

თორნიკე მოედანზეც კარგად გადაადგილდება, ბურთსაც შესანიშნავად ფლობს და სიმაღლის კვალობაზე სწრაფიცაა, თუმცა ტყორცნის სიზუსტე აქვს გამოსასწორებელი. ზოგჯერ იგი ნაჩქარევადაც ისვრის...

რას ამბობენ სპეციალისტები?
არაერთი ექსპერტი სვამს კითხვას: კიდევ რა პლუსი აქვს შენგელიას, ათლეტურობისა და ენერგიულობის გარდა? აი, რას წერს ESPN-ის მიმომხილველი ჩად ფორდი: "თორნიკე შენგელია მაღალი, აქტიური ფორვარდია, მეტად ათლეტური ევროპელი ახალგაზრდის კვალობაზე. იგი ძალიან კარგი მომხსნელია, მაგრამ სადღეისოდ ასეთივე კარგი ჩამგდები ვერ არის. თუმცა წლევანდელ ევროლიგაზე სოლიდური შედეგი ჰქონდა - 8.3 ქულა".

ახალგაზრდა ქართველის მონდომება, მოხსნებისას დიდი აგრესიულობა ევროლიგაზე მართლაც ძვირად ფასობდა. თუმცა საკითხავია, ყოველივე ეს საკმარისი იქნება სხვა დონეზე, NBA-ში ღირსეულად სათამაშოდ?

რა ელის ამერიკაში?
ნაკლებად მოსალოდნელია, რომ შენგელიამ წლეულს, NBA-ში დარჩენის შემთხვევაში, დიდი სათამაშო დრო მიიღოს. თუმცა, თუ ასე მოხდა, კარგად შეძლებს თეთრის პარალელურად შავი სამუშაოს შესრულებას.

მნიშვნელობა არა აქვს, რამდენად ხშირად გამოჩნდება მოედანზე, ან რამდენ წუთს ითამაშებს - სათადარიგოთა სკამიდან ადგომისთანავე იგი ბოლომდე თავის სამუშაოზე იქნება კონცენტრირებული.

თუ შენგელიას სათამაშო დრო უნდა, საკუთარ კლუბს უნდა მისცეს მიზეზი ნდობისთვის. ამისთვის კი საჭიროა სროლის სტაბილურობა. ასევე, აუცილებელია დაცვაში თამაშის კიდევ უფრო გაუმჯობესება, დაფარებები და თორნიკე ღირებულ ფორვარდად ჩამოყალიბდება.

ასე რომ, დღეს შენგელიას NBA-ში თამაში დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწრაფად შეუძლია მინუსების აღმოფხვრა და პროგრესირება.

რამდენად მართებული იყო 54-ე ნომრად აყვანა?
207 სმ სიმაღლის ქართველი "ფილადელფიამ" 54-ე ნომრად აირჩია და უმალ "ბრუკლინ ნეთსს" დაუთმო. რა ჩაიფიქრეს ბრუკლინელებმა? იქნებ ქართველს რამე დაფარული საიდუმლოება აქვს? ამიტომ დღეს ძნელია იმის მტკიცება, რამდენად სწორი ნაბიჯი იყო მისი 54-ე ნომრად აყვანა. ეს მალე გამოჩნდება".

"ბლიჩერრეპორტის" სტატიას თან ახლავს რამდენიმე კითხვა თორნიკესთან დაკავშირებით. გამოკითხულთა 22.2 პროცენტი მიიჩნევს, რომ შენგელია NBA-ს "ოლ სტარის" დონის კალათბურთელად ჩამოყალიბდება; 18.4 პროცენტის აზრით, იგი სასტარტო მოთამაშედ იქცევა; 47.2 პროცენტს მიაჩნია, რომ თორნიკე NBA-ს რომელიმე გუნდის საკვანძო კალათბურთელი გახდება; ხოლო 12.3 პროცენტის აზრით, იგი იმედებს ვერ გაამართლებს.

თორნიკე შენგელია
დაიბადა: 05.10.1991
სიმაღლე: 207 სმ
წონა: 94 კგ.
პოზიცია: ფორვარდი

საკლუბო კარიერა
2007-10 - "ვალენსია" (ესპანეთი)
2010-11 - "პეპინსტერი" (ბელგია)
2011-12 - "შარლერუა" (ბელგია)
2012 - NBA-ს დრაფტზე აიყვანა "ფილადელფიამ" და "ბრუკლინ ნეთსს" დაუთმო.

მიღწევები
ევროთასის მფლობელი - 2010
ბელგიის ვიცე-ჩემპიონი - 2012

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნიუ ჯერზიმ იმ საღამოსვე თქვა რომ შენგელიას ევროპაში დატოვებდნენ რამდენიმე წლით. იმედია დაითრევს კონტრაქტს. ძალიან მინდა მისი თამაშების ნახვა ნბა-ში.
odala
11:06 02-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული