ამერიკელი კომენტატორი: თორნიკე შენგელია ყველგანაა!

AutoSharing Option
ამ მიმოხილვის სათაურად ამერიკელი კომენტატორის ფრაზა გამოვიყენეთ: "ორლანდო"-"ბრუკლინის" მატჩისას თორნიკე შენგელიამ მეტოქის ფარქვეშ იბრძოლა, სამქულიანის ხაზთან გადავარდნილი ბურთი ორლანდოელებს არ დაანება - გადახტა, მეტოქეს თვალსა და ხელს შუა ააცალა და მარტო დარჩენილ თანაგუნდელს იოლი ორი ქულა მოაპოვებინა.

სწორედ ამ მომენტში თქვა კომენტატორმა - შენგელია ყველგანააო. თუმცა შესაძლოა მხოლოდ კონკრეტული ეპიზოდი სულად არ იგულისხმა, რადგან თორნიკე მართლაც ბევრს შრომობდა, სწრაფად გადადიოდა შეტევაში და ასევე მაღალ ტემპში ბრუნდებოდა უკან.

ვინც მატჩს თავიდან ბოლომდე მიადევნა თვალი, დაგვეთანხმება, რომ შენგელიას ადგილზე ბევრი მოედანს გაბრაზებული
დატოვებდა, რადგან არაერთხელ აღმოჩნდა ხელსაყრელ პოზიციაზე და პასი არ მიიღო.

თუმცა 20 წლის ახალგაზრდას კარგად ესმის, რომ საზაფხულო ლიგაზე თამაშობს, სადაც ყველა კალათბურთელი თავის გამოჩენას ცდილობს.

ზოგი ბურთს თამაშიდან 13-ჯერ ესვრის (მარშონ ბრუკსი), მაგრამ ერთსაც ვერ აგდებს. რა გასაკვირია, რომ თორნიკემ, რომელმაც 2 ორქულიანი, 1 სამიანი და 2 საჯარიმო სტყორცნა, მოედანი მხოლოდ 2 ქულით დატოვა.

მას ნამდვილად მეტი შეუძლია, მაგრამ ცდილობდა, გუნდზე ეთამაშა, რითაც იგი მართლაც გამორჩეული იყო.

ოთხი კარგი პასი გასცა (კომენტატორებიც აალაპარაკა), თუმცა მისმა თანაგუნდელებმა მხოლოდ ერთხელ გამოიყენეს და თოკოსაც ოქმში 1 პასი ჩაეწერა.

ამერიკელები დიდ ყურადღებას აქცევენ სტატისტიკას. კემპის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ მიმოხილვაში ხაზგასმულია ბრუკლინელების: თორნტონისა (18 ქულა) და ტეილორის (17 ქულა), ორლანდოელი ნიკოლსონის (24 ქულა, 12 მოხსნა) თამაში, მაგრამ არაფერი წერია მასპინძელი გამთამაშებლის, უეინსის შესახებ, რომელმაც ნიკოლსონზე არანაკლები წვლილი შეიტანა გამარჯვებაში, თუმცა 13-ით ნაკლები - 11 ქულა და 10 პასი მოაგროვა.

აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ უნდა იყოს მიმოხილვაში ქართული გვარის არგამოჩენაც, მაგრამ, ჩვენი მხრივ, არ უნდა გამოგვრჩეს ერთი დეტალი: შენგელიას შრომა ოქმში მაინც სათანადოდ დაფასდა - პლუს-მინუსის გრაფაში +16 უწერია, რაც ორივე გუნდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

სწორედ თორნიკეს მოედანზე ყოფნისას "ბრუკლინმა" მეტოქეზე 16 ქულით მეტი ჩააგდო, რაც 20-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრის საწინდარი გახდა. ბოლო წამებზე ბრუკლინელებმა ანგარიშიც გაათანაბრეს, მაგრამ გამარჯვებამდე ცოტა დააკლდათ - 92:88 "ორლანდოს" სასარგებლოდ.

შენგელიას საბოლოო სტატისტიკა ასეთი იყო: 17:43 წუთი, 2 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება, 5 ფოლი, 1 შეცდომა. განაცხადში იყო და არ უთამაშია საქართველოს ნაკრების ყოფილ უკანახაზელ ტორინ გრინს. იმასაც გეტყვით, რომ მარკიზ ჰეინსი ორლანდოს კემპზე "ოკლაჰომას" მაისურით გამოდის.

ჩვენთვის კარგად ნაცნობ ამბავზეც უნდა დავწეროთ: "ორლანდო"-"ბრუკლინის" მატჩის პირველ ტაიმში დარბაზში სინათლე გამოირთო და კალათბურთელებს ხუთი წუთი მოუწიათ მოცდა...

"ბრუკლინი" მომდევნო შეხვედრას 10 ივლისს ჩაატარებს, თუმცა თამაშის დაწყებისას თბილისში 11 ივლისის პირველი საათი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თორნიკე შენგელია: გული დამწყდება, ამერიკაში თუ ვერ დავრჩები
თორნიკემ შენგელიამ "ნეთსის" მწვრთნელი მოხიბლა და გუნდში დატოვებაზე დააფიქრა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული