მივყვეთ მოვლენებს თანმიმდევრობით. ნახევარფინალში გუნდები ასე დაწყვილდნენ: "ვენტსპილსი" (ლატვია)-"რიტასი" (ლიტვა), "როკი" (ესტონეთი)-"კალევი" (ესტონეთი). ტურნირს ტარტუს დარბაზმა უმასპინძლა, სადაც არაერთი ტრაფარეტზე შეხვდებოდით წარწერას "გიორგი". ლიტვურმა "რიტასმა" ნახევარფინალში ისევე იოლად სძლია "ვენტსპილსს", როგორც "როკმა" - "კალევს". ორივე წყვილში 19-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა: ლიტველებმა ლატვიელებს 82:63 აჯობეს, ხოლო ცინცაძის გუნდმა კალეველებს - 73:54.
"როკერებმა" მეტოქეს მესამე პერიოდში მოუღეს ბოლო, 22:7 მოუგეს და გამარჯვებულის
გიორგი ცინცაძე სასტარტო ხუთეულში იყო და თანაგუნდელთა გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. მართალია, მან მხოლოდ ორი ორქულიანი და 4 საჯარიმო ისროლა, მაგრამ თანაგუნდელებს პასები უხვად ჩამოურიგა - 8 შედეგიანი გადაცემა, 5 ქულა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება. "ბუმ" 23 წუთი ითამაშა. "როკერთაგან" 10 ქულას იანარ ტალტსი (16) და ნიგერიელი კალისტუს ეზიუკვუ (14 ქულა, 11 მოხსნა) ასცდნენ. მათი მარგი ქმედების კოეფიციენტი 19-ს გაუტოლდა, ცინცაძე ამ მაჩვენებლით მესამე იყო - 13.
ფინალში "ტარტუ როკს" სერიოზული გამოცდა ელოდა - ბოლო წლებში ესტონელები ლიტვურ გრანდებთან, "რიტასთან" და "ჟალგირისთან" გამარჯვებაზე მხოლოდ ოცნებობდნენ. "ტარტუს" დარბაზში ესტონელი ქომაგები სენსაციის ხილვის იმედით მივიდნენ და "როკმა" გაუმართლა - "რიტასს" არაფერი დაუთმო, ბოლო წამებამდე თანაბრად ებრძოლა. საფინალო სირენამდე 2 წუთით ადრე ესტონელები 55:54-ს იგებდნენ, რის შემდეგაც მათ დაცვაში თამაში კიდევ უფრო გააუმჯობესეს და დარჩენილ დროში "რიტასს" მხოლოდ 3 ქულა ჩააგდებინეს. გამარჯვებულის ბედი კი "როკერთა" გამოცდილმა ფორვარდმა იანარ ტალტსმა გადაწყვიტა: სირენამდე 1:39 წუთით ადრე სამქულიანი ჩააგდო, 0:27 წუთით ადრე ორი საჯარიმო და... 60:54.
ამას მოჰყვა ერთი მხრიდან ბიელიცას სამქულიანი და მეორე მხრიდან ეზიუკვუს საჯარიმო. 61:57 და "ტარტუ როკმა" სეზონი მქუხარე გამარჯვებით დაიწყო.
ტურნირის საუკეთესო კალისტუს ეზიუკვუ გახდა, რომელმაც "რიტასს" 11 ქულა ჩაუგდო. ტალტსმა ფინალში ყველაზე მეტი, 14 ქულა მიითვალა, გიორგი ცინცაძემ კი 16 წუთში 4 ქულა (6-დან 2 ორქულიანი), 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. იგი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან სტენ-ტიმუ სოკის ნაცვლად შევიდა.
მატჩის შემდეგ ბალტიის თასის მფლობელთა მწვრთნელი ინდრიკ ვესპაანუ გახარებული იყო:
- დავამტკიცეთ, რომ ევროლიგის წარმომადგენელ გუნდებთანაც შეგვიძლია გამარჯვება, ბალტიის ლიგაზე "ჟალგირისსა" და "რიტასს" ჩემპიონობაში სხვებიც შეეცილებიან...
"როკისა" და ესტონეთის ნაკრების ყოფილი უკანახაზელის ტანელ ტეინის (კარიერა წლეულს დაასრულა) მონათხრობში გიორგი ცინცაძეს ერთი აბზაცი მიეძღვნა:
- "როკი" ბალტიის ლიგაშიც თუ ისევე ითამაშებს, როგორც თასის ფინალში, საბოლოოდ ბევრს მიაღწევს. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სეზონი ახლა იწყება, ბევრი გუნდი სრულად არ შევსებულა. ზოგი კალათბურთელი ახალი ჩასულია და ადაპტაციისთვის დრო სჭირდება. მაგალითისთვის გიორგი ცინცაძეც გამოდგება. იგი ორი კვირაა, რაც გუნდთან ვარჯიშობს და გუნდს უნდა შეეჩვიოს. ორი წლის წინათ, როცა ცინცაძე "როკში" თამაშობდა, შედარებით გამოცდილი შემადგენლობა გვყავდა, გიორგიმაც ბევრი შეიძინა და ახლა იგი გუნდში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილია. სეზონის მსვლელობაში "ტარტუს" პროგრესსაც ველი და ცინცაძისასაც. ვფიქრობ, შეცდომების რაოდენობასაც მინიმუმამდე დაიყვანს და "როკში" მისი ფუნქციაც გაიზრდება.
ბალტიის თასზე მესამე ადგილზე გავიდა ლატვიის "ვენტსპილსი", რომელსაც "როკის" ყოფილი თავკაცი ალგირდას ბრაზისი წვრთნის. ტარტუელთა გუნდზე მანაც ილაპარაკა:
- მას შემდეგ, რაც ტარტუდან წავედი, ბევრი რამ შეიცვალა. თუმცა ერთი-ორი მოთამაშე ისევ გუნდშია. ტალტსი და ცინცაძე ძველებურად შედეგიანები არიან. ცინცაძე კარგად თამაშობდა და ტარტუში დიდი პოპულარობა მოიპოვა. ვფიქრობ, მას წლეულს არანაკლებ წარმატებული სეზონი ექნება.
შეგახსენებთ, რომ 2007 წელს ესტონეთის ჩემპიონატის პლეი ოფებში სწორედ ბრაზისმა ამოაგდო ძირითადი ხუთეულიდან ცინცაძე და მის ნაცვლად ახალწვეული დევიდ ბეილი ჩასვა, რომელმაც იმ სეზონში ვერ გაამართლა.
ბოლოს ესტონურ ინტერნეტ-გაზეთ "პროსტიმეესში" გამოქვეყვებული გამოკითხვის შედეგებს გთავაზობთ. კითხვა ასეთია: ახალ სეზონში ვინ გახდება "როკის" ლიდერი?
ხმების რაოდენობის მიხედვით საუკეთესო სამეული ასე გამოიყურება:
მესამე - იანარ ტალტსი (15.8 პროცენტი).
მეორე - ჯორჯ ვეიდემანი (19.9)
პირველი - გიორგი ცინცაძე (41.9)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"