მანუჩარ მარკოიშვილმა მაჰორიჩს თავი გაახსენა

AutoSharing Option
იტალიაში ლომბარდიის თასისთვის ბრძოლაში ოთხი კლუბი ჩაერთო: "კანტუ", "მილანი", "კრემონა" და "ვარეზე".
პირველ ნახევარფინალში მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუმ" "კრემონა" გაანადგურა (70:50), მეორეში "მილანმა" "ვარეზეს" 74:60 სძლია. ფინალში ერთმანეთის წინააღმდეგ "მილანი" და "კანტუ" წარსდგნენ. დაძაბული შეხვედრა "კანტუს" გამარჯვებით 80:78 დასრულდა. მარკოიშვილმა გუნდს 18 ქულა შესძინა.

ნახევარფინალში "კრემონას" დამარცხება პირველ რიგში მანუჩარ მარკოიშვილის დამსახურებაა, რომელმაც 19 ქულა ჩააგდო. მატჩის მიმოხილვაში რამდენიმეჯერ გვხვდება "ბომბა დი მარკოიშვილი", რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველმა უკანახაზელმა მეტოქე სამქულიანებით "დაბომბა".

საინტერესოა, რომ "კრემონას" მანუს ყოფილი მწვრთნელი ტომო მაჰორიჩი ხელმძღვანელობს.
ისინი ერთად "კიევში", 2007-08 წლებში მუშაობდნენ. "კრემონაში" "კიევის" მაშინდელი კაპიტანი არტურ დროზდოვი ირიცხება, რომელმაც "კანტუსთან" 11 ქულა ჩააგდო.

ორიოდე დღის წინ კანტუელებმა "ფაბიო სიმოს" თასი მოიგეს. ამ ჯილდოს მათ "დინამო სასარი" ეცილებოდა. მანუჩარ მარკოიშვილის გუნდმა 78:62 იმარჯვა. მანუმ 2 ქულა ჩააგდო.

***

სხვათა შორის, "ჯუზეპე ანჯელიკოს" თასისთვის ბრძოლაში ზემოხსენებულმა "დინამო სისარიმ" ვიქტორ სანიკიძის "ვირტუსს" სძლია - 71:70. ქართველმა ფორვარდმა მატჩი 9 ქულით დაასრულა.

მანამდე ბოლონიელებმა შედარებით ძლიერ მეტოქესთან, 8 ქულის სხვაობით დათმეს: "მილანთან", 73:81. ვიქტორმა მოედანი უქულოდ დატოვა.

***

ნიკა მეტრეველის "კრაბსმა" "ფერარასთან" ვერაფერი გააწყო - 59:68. ნიკამ 6 ქულა ჩააგდო. "კიბორჩხალებს" შორის გამოცდილი დუშან ვუკჩევიჩი გამოირჩა - 20 ქულა.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული