თორნიკე შენგელიას 17-ქულიანი განაცხადი NBA-ში დარჩენაზე

AutoSharing Option
თორნიკე შენგელია ორლანდოს საზაფხულო ლიგაზე თამაშს დღითიდღე აუმჯობესებს. მას პირველ მატჩში 2 ქულა ჰქონდა, მეორეში - 8, მესამეში პირველივე პერიოდში გადააჭარბა წინა დღის მაჩვენებელს - 9 ქულა ჩააგდო. მივყვეთ მოვლენებს თანმიმდევრობით, ოღონდ ზემოდან ქვემოთ.

ფილადელფიასთან
მესამე შეხვედრაში მწვრთნელმა თოკო სასტარტო ხეთეულში დააყენა და არც შემცდარა - საწყის წუთებზე 10-ქულიანი უპირატესობის მოპოვება უმთავრესად ქართველის დამსახურება იყო. მას ბურთი არ აუცილებია - 2 ორქულიანი, 1 სამიანი და 4 საჯარიმო ჩააგდო და 16:6.

როგორც მოგახსენეთ, შენგელიამ პირველი მეოთხედი 9 ქულით დაასრულა. მეორე პერიოდში
მხოლოდ ბოლო ერთი წუთი ითამაშა, მესამეში კი საკმარისი დრო ერგო და მონაგარი 6 ქულით გაიმდიდრა - ორი ჯარიმიანი ორქულიანი ჩააგდო.

მწვრთნელმა თორნიკეს შრომა დაუფასა და მეოთხე პერიოდშიც შეიყვანა. საბოლოოდ "ფილადელფიამ" სამქულიანებით ძალიან გააწვალა "ბრუკლინი" და გაიმარჯვა კიდეც - 79:71.

თორნიკე შენგელიას ყველაზე მეტი სათამაშო დრო მესამე შეხვედრაში ერგო და თავისუფლადაც ითამაშა. მისი მონაგარი ასეთი იყო: 27 წუთი, 17 ქულა (9-დან 5 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი, 6-დან 6 საჯარიმო), 6 მოხსნა, 2 პასი, 4 ფოლი, 4 შეცდომა.

"ბრუკლინის" მაისურით 11 წუთი ითამაშა საქართველოს ნაკრების ყოფილმა გამთამაშებელმა ტორინ გრინმა (თითო მოხსნა-პასი, ჩაჭრა). "ფილადელფიას" მწვრთნელმა კი "არმიას" უკანახაზელი ჯერემი რიჩარდსონი მოედანზე არ შეიყვანა.

ორლანდოსთან
"შენგელიამ უნდა გვასწავლოს სიტყვა HUSTLE-ის ქართული მნიშვნელობა", - წერია "ბრუკლინ ნეთსის" ოფიციალურ საიტზე.

ვიდრე ამერიკულ პუბლიკაციას განვაგრძობდეთ, ინგლისურად დაწერილი სიტყვის თარგმნას შევეცდებით.

ზუსტი ქართული შესატყვისი არ აქვს, თუმცა ლექსიკონში ორი სიტყვითაა განმარტებული - ენერგიულად, სწრაფად მოქმედება.

"20 წლის ქართველი დრაფტზე 54-ე ნომრად აირჩიეს და მისი ევროპაში გაგზავნა იგეგმებოდა, თუმცა საზაფხულო ლიგაზე ერთ-ერთ საინტერესო კალათბურთელად იქცა. იგი კონტაქტს არ ერიდება, ბოლომდე იბრძვის და ამის შედეგიცაა პირველ მატჩში მიღებული ხუთი პერსონალური შენიშვნა.

შენგელიამ საწყის ორ შეხვედრაში პასის ალღო გამოავლინა, კარგად შეუძლია თავისუფალი პარტნიორის პოვნა.

"ბოსტონ სელტიქსთან" მატჩში კი მის ანგარიშზე სამი ეფექტური ჩატენვა იყო," - ვკითხულობთ კლუბის ოფიციალურ ვებსაიტზე.

ამავე სტატიას ერთვის გამოკითხვის ბლანკი, რომლის მიზანია "ბოსტონთან" მატჩში ყველაზე საინტერესო ბრუკლინელის დასახელება. ამ გამოკითხვაში ხმების 75 პროცენტით თორნიკე პირველია. მას მოსდევს ტაიშონ ტეილორი - 13 პროცენტი...

საზაფხულო ლიგის მეორე შეხვედრაში "სელტიქსთან" თორნიკე შენგელიამ უფრო თამამად შეუტია, თუმცა ვერც ამ შეხვედრაში გამოავლინა შესაძლებლობები სრულად.

მის ანგარიშზე 8 ქულა და 4 მოხსნა იყო. 207 სმ სიმაღლის ახალგაზრდამ 6 ორქულიანიდან 4 გამოიყენა. აქედან სამჯერ ჩატენა. სამივე ერთმანეთზე უკეთესი იყო, მაგრამ ჩვენდა გასაკვირად, მისი ზემოდან გდებები მატჩის საუკეთესო მომენტთა კრებულში არ შევიდა.

თორნიკეს 10 ქულამდე ასვლაც იოლად შეეძლო, მაგრამ ერთ ეპიზოდში საჯარიმოს გარედან ფარქვეშ შესულმა ბურთი, იმის ნაცვლად, რომ კალათში ჩაეტენა, თანაგუნდელს გადააწოდა, რასაც მისი კოლეგა არ ელოდა და ვიდრე სატყორცნად შეიმართა, მეტოქე წამოეწია.

მთავარი არ გვითქვამს - შენგელიას ასეთი სტატისტიკის ჩასაწერად 14 წუთიც ეყო. მეოთხე პერიოდის ბოლოს, როდესაც იგი მოედნიდან გავიდა, "ბრუკლინი" წინ იყო, თუმცა ბოლოს "ბოსტონ სელტიქსმა" თამაში შემოაბრუნა და 82:73 გაიმარჯვა.

შეხვედრის მსვლელობისას იყო ეპიზოდი, როცა თორნიკემ ფარიდან ასხლეტილი ბურთისთვის ბოლომდე იბრძოლა და კომენტატორის კომპლიმენტიც დაიმსახურა:

- თოკოს არაფრისა ეშინია, რაც გასაკვირი არ არის, ის ხომ ქართველია. გავიხსენოთ ზაზა ფაჩულია, რომელიც ამერიკაში ერთ-ერთ ყველაზე უშიშარ მებრძოლადაა ცნობილი. მან სახელი განსაკუთრებით მას შემდეგ მოიხვეჭა, რაც 2008 წელს პლეი ოფში კევინ გარნეტს გაწევ-გამოწევისას არაფერი დაუთმო.

ჯონსონი
"ბრუკლინი"-"ფილადელფიას" მატჩის შესვენებაზე NBA-TV-ის კომენტატორთა მაგიდას "ნეთსის" მთავარმა მწვრთნელმა ეივერი ჯონსონმა მიაშურა.

მან, ძირითადად, შემადგენლობაზე ილაპარაკა. ჟურნალისტებმა ჰკითხეს - არაერთი ექსტრა-კლასის მსროლელი გყავთ, რას უპირებთო?

- დღეს მოთამაშეთა პოზიციების მიხედვით დახარისხება არ შეიძლება. გამთამაშებელი მსროლელად თამაშობს, მსროლელი - მსუბუქ ფორვარდად და ა.შ.

კომენტატორები ასევე დაინტერესდნენ, ვარსკვლავების შემდეგ კიდევ ვის დამატებას აპირებს "ბრუკლინის" ხელმძღვანელობა. მწვრთნელმა მოკლედ უპასუხა:

- ბრუკსი, ტეილორი, შენგელია... კემპზე ჩვენი გუნდის შემადგენლობაში არაერთი კარგი კალათბურთელია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
თორნიკე შენგელია: გული დამწყდება, ამერიკაში თუ ვერ დავრჩები
ამერიკელი კომენტატორი: თორნიკე შენგელია ყველგანაა!
მკითხველის კომენტარები / 5 /
G A M I X A ღ D AAAAAAAAAAAAAA
imano
11:17 12-07-2012
0
წარმატებები თორნიკეს!!!
0

სიახლეები პოპულარული