იყო წინასწარმეტყველებაც: 2007 წლის ზაფხულში ჯამლეტ ხუხაშვილმა რადიო "ჯაკოს" სტუდიაში კახა შენგელიას უთხრა, ხუთი წლის შემდეგ შენი ვაჟის NBA-ში გადასვლით გავიხარებთო. 20 წლის ახალგაზრდა 2012 წლის დრაფტზე "ფილადელფიამ" აიყვანა და "ბრუკლინს" დაუთმო.
თორნიკეს ამერიკაში ახლდა მამამისი, ამჟამად "სამედიცინოს" თავკაცი კახა შენგელია, რომელსაც ოკეანისგაღმური ამბების გახსენება ვთხოვეთ.
- თორნიკე ამჟამად ამერიკაშია?
- იგი ბრუკლინშია, გუნდის დარბაზში ვარჯიშობს და სანაკრებოდ ემზადება. ეროვნულ
- "ბრუკლინი" უკვე შეუდგა ახალი სეზონისთვის მზადებას?
- თორნიკე ინდივიდუალურად ემზადება, თუმცა იქაური მწვრთნელების მეთვალყურეობის ქვეშაა. კარგია, გუნდთან კონტრაქტი აქამდე რომ გაფორმდა, საფიქრალი აღარ აქვს და მთლიანად ნაკრებზეა კონცენტრირებული. "ბრუკლინ ნეთსს" ეროვნული გუნდის თამაშების დასრულების შემდეგ შეუერთდება.
მართალია, NBA-ში ფეხის მოკიდება იოლი არ იქნება, მაგრამ ახლა ყველაფერი თორნიკესა და მის შრომისმოყვარეობაზეა დამოკიდებული.
- 28 ივნისის დრაფტს როგორ გაიხსენებთ?
- ბევრი ვინერვიულეთ. "ნიუ ორლეანის" ხელმძღვანელობას ნათქვამი ჰქონდა - შენგელიას ავიყვანთო, მაგრამ ორლეანელებმა სხვა ამჯობინეს. ამის გამო კიდევ უფრო დავიძაბეთ, თუმცა 54-ე ნომრად "ფილადელფიამ" რომ აირჩია, ძალიან გაგვეხარდა. სწორედ მაშინ მიიღო თორნიკეს აგენტმა მესიჯი "დალასის" წარმომადგენლებისგან, "ფილადელფიამ" მცირედით დაგვასწრო, შენგელია ჩვენ გვინდოდაო.
რამდენიმე წუთში სიტუაცია კიდევ ერთხელ შეიცვალა - თორნიკე "ბრუკლინ ნეთსმა" გამოისყიდა, რისთვისაც სოლიდური თანხა გადაიხადა.
- "ნიუ ორლეანმა" რატომ არ აიყვანა, ხომ არ უთქვამთ?
- ეს ჩემთვის დღესაც უცნობია. მთავარია, რომ თორნიკე აირჩიეს და მოხვდა იქ, სადაც სურდა.
- "ბრუკლინის" მწვრთნელმა ეივერი ჯონსონმა საინტერესო რამ თქვა - შენგელიას დრაფტამდე არ ვიცნობდიო...
- მისი თამაში "ბრუკლინის" წარმომადგენლებს ტრევიზოს საზაფხულო ლიგაზე ექნებოდათ ნანახი. დრაფტის შემდეგ კი ყველა დარწმუნდა, რომ თორნიკე არჩევას იმსახურებდა. ერთმა ამერიკულმა გაზეთმა ისიც დაწერა, მისი 54-ე ნომრად აყვანა შეცდომა იყო, უფრო ადრე უნდა აერჩიათ, ახალწვეულთა საუკეთესო ათეულში შეყვანას იმსახურებსო.
- ამას ორლანდოს საზაფხულო კემპზე ნაჩვენებ შედეგებზე დაყრდნობით ამბობენ. თორნიკე ლიგაზე მართლაც გამორჩეული იყო...
- როგორც სპეციალისტმა, მინდა ვთქვა, რომ ტრევიზოსა და ორლანდოს კემპებზე თორნიკე თანდათან უმატებდა. მან პირველი თამაში ვერც ევროპაში ჩაატარა სათანადოდ, ვერც ამერიკაში, თუმცა მალევე აუღო ალღო სათამაშო სტილს, სიტუაციებს და ორივე კემპზე სპეციალისტების მოწონება დაიმსახურა.
საზაფხულო ლიგებზე ყველა ინივიდუალურად თამაშობს, პასს არავისგან უნდა ელოდე, თუმცა ამის ფონზე ნამდვილად კარგად გამოიყურებოდა, ცდილობდა, მხოლოდ საკუთარ თავზე კი არა, გუნდზეც ეფიქრა. ამას მწვრთნელები თავის წიგნაკებში ინიშნავდნენ და ალბათ, ამიტომაც გაუფორმეს კონტრაქტი.
- აკლიმატიზაცია ხომ არ გასჭირვებია?
- ამერიკაში პირველად 1987 წელს ჩავედი და სამი დღე თავს კარგად ვერ ვგრძნობდი. ეს ჩვეულებრივი ამბავია. თორნიკე ადრე გაემგზავრა და ზაზა ფაჩულიასთან ერთად "ატლანტას" დარბაზში ვარჯიშობდა.
ცხადია, ღირებულ რჩევა-დარიგებებსაც იღებდა. ასე რომ, კემპის დაწყებამდე მას აკლიმატიზაცია გავლილი ჰქონდა.
აქვე, მინდა ხაზი გავუსვა ზაზას ფაქტორს. იგი მუდმივად ჩვენს გვერდში იყო და ყველამ იცოდა, რომ თორნიკე ფაჩულიას კაცი იყო. ზაზას ამერიკაში როგორ პატივსაც სცემენ, თავად მოგეხსენებათ. მას მადლობა წამოსვლამდეც გადავუხადე და გუშინაც... ფაჩულიას გარდა, ჩვენს გვერდით იყვნენ და გვგულშემატკივრობდნენ ამერიკაში მყოფები: შიო ხეცურიანი, ნიკა ვეფხვაძე, შოთა მაჭარაძე, კახა ლომაია...
- "სამედიცინოზეც" ვთქვათ. როგორი გუნდი იქნება მომავალ სეზონში?
- ახალგაზრდული შემადგენლობა გვეყოლება. "სამედიცინო" რამდენიმე წამყვანმა კალათბურთელმა დატოვა: კოკა ტომარაძემ, მიხეილ ჭოჭუამ... დავიმატეთ გიორგი ფერიაშვილი, გიორგი რევაზაშვილი.
გვსურს გიგა კვეტენაძის დატოვება, ველით მის პასუხს. დარჩა ირაკლი გაბისონია. მათ გვერდით კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა დავიმატეთ.
- "სამედიცინო" საბოლოოდ როდის დაკომპლექტდება?
- დასაწყისისთვის შემადგენლობაში 12-13 კალათბურთელი გვეყოლება. ამ მოთამაშეებთან კონტრაქტები მალე გაფორმდება და თქვენც შეიტყობთ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"