ბექა ბურჯანაძემ "კახასოლთან" სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა

AutoSharing Option
ესპანეთის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელ "კახასოლში" სხვადასხვა დროს ნიკა ცქიტიშვილი და ტაირონ ელისი თამაშობდნენ.

სწორედ მაშინ, როცა ტაირონი სნაიპერობდა, სევილიურ კლუბში ჩაირიცხა ახალგაზრდა ბექა ბურჯანაძე. იგი მალე იქცა იუნიორთა და ახალგაზრდული გუნდის ლიდერად.

ბექა 18 წლისა 3 იანვარს შესრულდა. ეს ის ასაკია, როცა ესპანეთში პროფესიონალური კონტრაქტი უნდა გაფორმდეს. ჰოდა, სევილიელებმა ამ ზაფხულს ბექას სამწლიანი ხელშეკრულება შესთავაზეს.

ცხადია, ქართულმა მხარემ ყველაფერი კარგად აწონ-დაწონა და კონტრაქტსაც მას მერე მოაწერა ხელი.

ბურჯანაძეს "კახასოლის" დუბლებთან ერთადაც შეეძლო თამაში (ება-ს ლიგაზე), მაგრამ იგი მწვრთნელმა მთავარი გუნდისთვის
შეიგულა და მომავალ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაშიც ათამაშებს.

ამ ლიგის ოფიციალურ საიტზე უკვე გამოქვეყნდა "კახასოლის" 11-კაციანი შემადგენლობა, რომელშიც მე-7 ნომრად ბურჯანაძეა.

ახალგაზრდა ქართველმა "კახასოლის" პირველ საკონტროლო შეხვედრაში საკმარისად ითამაშა და ანგარიშზე 9 ქულაც ჩაიწერა. მისმა გუნდმა კი ხორვატიის "ციბონას" სწორედ იმდენი ქულა ჩაუგდო, რამდენიც საქართველომ რუმინეთს - 91. ხორვატები კი 71 ქულას ვერ ასცდნენ.

3 სექტემბერს ბექას კონტრაქტის გაფორმება მივულოცეთ და "ციბონასთან" მატჩზე ვკითხეთ.

- ხორვატებთან დამაჯერებლად ვითამაშეთ. საბოლოოდ 20 ქულის სხვაობით მოვიგეთ. ამ შეხვედრაში მწვრთნელმა მძიმე ფორვარდის პოზიციაზე გამამწესა და ვფიქრობ, იმედი არ გავუცრუე.

მონდომებით ვვარჯიშობ და მომდევნო მატჩებისთვის ვემზადები. უახლოესი შეხვედრა 5 სექტემბერს გვაქვს,
- გვითხრა ბექამ.

მას გამოცდილ კალათბურთელებთან მოუწევს კონკურენცია, თუმცა ახალ სეზონს იმედიანად ხვდება. ყველაფერი ხომ მის შრომისმოყვარეობაზეა დამოკიდებული.

- მესამე ნომრად "კახასოლში" ხოან სასტრე და ბრაიან ეისბური თამაშობენ. მათ შეუერთდება მილენკო ტეპიჩი, რომელიც ამჟამად სერბეთის ნაკრებთან ერთად ევრობასკეტის შესარჩევს თამაშობს. თუმცა ტეპიჩი უნივერსალია და უკანახაზელის ფუნქციების შესრულებაც კარგად ეხერხება.

მძიმე ფორვარდის პოზიციაზე ბრედ ბაქმენი, ლუკა ბოგდანოვიჩი და მე ვართ. ლუკაც სერბეთის ნაკრებში თამაშობდა.


"კახასოლი", როგორც ყოველთვის, წლეულსაც საპლეიოფო გუნდი იქნება. საინტერესოა, რომ სევილიელებმა აგვისტოში ევროთასზე ბასკური "ლაგუნ არო" ჩაანაცვლეს. ასე რომ, ბექა ბურჯანაძეს ესპანეთის პირველობის პარალელურად ევროთასზეც მოუწევს ასპარეზობა.

ბოლოს შეგახსენებთ, რომ ბექამ ივლისში საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატი ითამაშა, 9 შეხვედრაში საშუალოდ 16.4 ქულასა და 8.4 მოხსნას აგროვებდა.

აგვისტოში კი ბურჯანაძე საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებს შეუერთდა და ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ითამაშა, სადაც მისი მონაგარი 17.6 ქულასა და 11.4 მოხსნას შეადგენდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული