შარშან ვიქტორსაც და მანუსაც ევრობასკეტის შემდეგ მცირე დასვენება ჰქონდათ, ამჯერად კი ამის დრო არ მისცეს. მიზეზი სერიოზულია: 22 სექტემბერს მარკოიშვილის "კანტუ" და სანიკიძის "მონტეპასკი" სეზონს ოფიციალურად იწყებენ - ერთმანეთს იტალიის სუპერთასისთვის დაუპირისპირდებიან.
შეგახსენებთ, რომ 2011-12 წლების სეზონში იტალიის თასიცა და ჩემპიონობაც "მონტეპასკიმ" მოიგო. "კანტუმ" თასის ფინალში ითამაშა, რითაც სუპერთასზე თამაშის უფლება მოიპოვა.
წლეულს ორივე გუნდის შემადგენლობაში სერიოზული ცვლილებები განხორციელდა და საინტერესოა, მოკლე დროში
კანტუ
სუპერთასისთვის მზადების გზაზე "კანტუმ" მონაწილეობა მიიღო "სიტა დი კაორლეს" თასის გათამაშებაში. ნახევარფინალში ლომბარდიელებმა "ნიუ იორკერ ფანტომსს" 10 ქულის სხვაობით აჯობეს - 89:79.
კანტუელთა მეტოქის დასახელებაში ამერიკული მეგაქალაქი კი ფიგურირებს, მაგრამ იგი გერმანიის ბრაუნშვაიგის გუნდია.
მანუჩარმა მატჩი 7 ქულით დაასრულა. გამარჯვებაში 20-ქულიანი წვლილი ნიკოლა მაზარინომ შეიტანა.
ფინალში კანტუელების მეტოქე ვიქტორ სანიკიძის ყოფილი კლუბი "ვირტუსი" იყო. მანუს სამქულიანის წყალობით ლომბარდიელები პირველ პერიოდში 21:17-ით დაწინაურდნენ და მას შემდეგ ბოლონიელთათვის თუნდაც ანგარიშის გათანაბრების უფლება არ მიუციათ.
ისინი მეოთხე პერიოდამდე ინარჩუნებდნენ 10-ქულიან უპირატესობას, რომელიც მატჩის ბოლოს "ვირტუსმა" ორამდე შეამცირა, თუმცა გამარჯვებაცა და "სიტა დი კაორლეს" თასიც "კანტუს" დარჩა - 73:71.
ამ შეხვედრაში მანუმ 12 ქულას მოუყარა თავი, ხოლო ბომბარდირი მისი თანაგუნდელი პიეტრო არადორი გახდა (19).
მონტეპასკი
ასევე საერთაშორისო ტურნირი ითამაშა ვიქტორ სანიკიძის "მონტეპასკიმ", თუმცა "კალიარის თასი" ევროლიგის ჩემპიონ ბერძნულ "ოლიმპიაკოსს" დაანება. თანაბარ ფინალში სტუმრებმა მცირე სხვაობით იმარჯვეს - 71:67.
შეხვედრის ვიცე-ბომბარდირი გახდა სანიკიძე, რომლის ანგარიშზეც 12 ქულაა. სიენელთაგან ბრაუნმა ჩააგდო 14 ქულა, ხოლო პირეოსელთაგან - გეჩევიციუსმა.
"კალიარის თასის" ნახევარფინალში "მონტეპასკის" ღირებული წინააღმდეგობა ვერ გაუწია ლუბლიანას "ოლიმპიამ". იტალიელებმა 70:51 მოიგეს. მანუჩარის მსგავსად, კლუბში ჩატარებულ პირველ მატჩში სანიკიძემაც 7 ქულა მიითვალა.
* * *
აქვე მოგახსენებთ, რომ კრისტიან კანგურისა (ესტონეთი) და ვიქტორ სანიკიძის ჩასვლამდე "მონტეპასკის" ამხანაგურ მატჩებში ვლადიმერ ბოისა ირჯებოდა.
რადგან უკლუბოდ იყო, სიენელებმა მას დახმარება სთხოვეს. თავის მხრივ, ევროგრანდში ვარჯიში ვოვასთვისაც სასარგებლო იყო.
ამ გარემოებას მისთვის კარგი კლუბის მოძებნაში უნდა შეეწყო ხელი.
როგორც თავად ამბობს, მისი მომავალი გუნდის ვინაობას მალე შევიტყობთ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"