მანუჩარ მარკოიშვილმა ბულგარელ "აკადემიკოსებს" გაკვეთილი ჩაუტარა

AutoSharing Option
ევროლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუმ" ბულგარეთის "აკადემიკს" 87:79 სძლია.

ქართველი კალათბურთელი, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც გამორჩეული იყო. მის ანგარიშზე 15 ქულა (10-დან 5 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი, 2-დან 2 საჯარიმო) და სამი პასია.

მანუმ თანაგუნდელთა შორის მოედანზე ყველაზე მეტი დრო დაჰყო - 32 წუთი. "კანტუს" ბომბარდირი ისრაელის ნაკრებში მოთამაშე ალექს ტიუსი გახდა - 18 ქულა.

* * *
ახლა უფრო კონკრეტულად შეჯიბრების მნიშვნელობასა და სისტემაზე. ევროლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, რომელსაც "კანტუს" არენა მასპინძლობს, რვა გუნდი შეიკრიბა. ისინი ერთმანეთს ოლიმპიური
სისტემით ეთამაშებიან - დამარცხებული "გუდა-ნაბადს" იკრავს და შინ მიემგზავრება.

25 სექტემბერს "კანტუსა" და "აკადემიკის" გარდა, კიდევ ორმა გუნდმა ითამაშა: ჩეხეთის "ნიმბურკმა" ბელგიის ჩემპიონ "ოოსტენდეს" შანსი არ დაუტოვა - 83:65.

26 სექტემბერს კიდევ ორი მატჩია: რუსული "უნიქსი" გერმანულ "ულმს" დაუპირისპირდება, ხოლო ფრანგული "ლე მანი" უკრაინულ "დონეცკს". ნახევარფინალური ეტაპი ხუთშაბათს გაიმართება, ხოლო ფინალი - პარასკევს. საკვალიფიკაციოდან მხოლოდ ჩემპიონი მოხვდება ევროლიგის ჯგუფურ ეტაპზე.

გარკვეულია ისიც, საკვალიფიკაციოს მომგები რომელ ჯგუფში ჩაჯდება: "პანათინაიკოსთან" (საბერძნეთი), "რეალთან" (ესპანეთი), "ხიმკისთან" (რუსეთი), "ფენერბაჰჩესთან" (თურქეთი) და "ოლიმპიასთან" (სლოვენია).

* * *
დავუბრუნდეთ "კანტუ"-"აკადემიკის" შეხვედრას. როგორც ხშირ შემთხვევაში, პირველი პერიოდი ამჯერადაც სიმკვეთრით არ გამოირჩეოდა.

შეხვედრის დასაწყისში მანუჩარ მარკოიშვილმა ბურთი ჩატენა და მეოთხედი 2 ქულით დაასრულა.

საინტერესოა, რომ სასტარტო ხუთეულში მოთამაშე მანუჩარი მწვრთნელმა ანდრეა ტრინკიერიმ მეექვსე წუთზე დასასვენებლად მოედნიდან გაიხმო, თუმცა რომ შეატყო, ქართველის გარეშე სიტუაცია არცთუ სახარბიელოდ შეტრიალდა, ორ წუთში ისევ თამაშში ჩართო.

მეორე პერიოდიდან ბულგარელებმა გამოიჩინეს ფხა - მე-12 წუთზე მასპინძლებს 33:29 გაასწრეს, რის შემდეგაც იტალიელებმა წუთშესვენება აიღეს და მარკოიშვილმაც დაიქუხა.

თავად განსაჯეთ: 7 წუთში ქართველმა უკანახაზელმა 11 ქულა ჩააგდო (ერთი სამქულიანი და 4 ორიანი). სწორედ მისი დამსახურებაა, "კანტუ" დიდ შესვენებაზე თავაწეული რომ გავიდა - 48:47.

მესამე პერიოდის სცენარიც პირველის მსგავსი იყო: მანუჩარმა 2 ქულა ჩააგდო. ამჯერადაც იყო ეპიზოდი, როცა მწვრთნელმა იგი სკამზე დასვა, მაგრამ დასვენებისთვის ერთი წუთი აკმარა (მეტოქე 58:54 დაწინაურდა). სწორედ მოედანზე დაბრუნების შემდეგ ჩააგდო ზემოთ ნახსენები ორი ქულა (საჯარიმოებით) და - 59:58.

შესავლიდანაც გემახსოვრებათ, რომ მარკოიშვილმა მატჩი 15 ქულით დაასრულა, რაც იმას ნიშნავს, რომ მეოთხე პერიოდში ქულა არ ჩაუგდია.

სამაგიეროდ, გაიბრწყინა ტიუსმა, რომლის სიზუსტეს პიეტრო არადორის სამქულიანი დაემატა და სირენამდე 3 წუთით ადრე კანტუ 80:71 დაწინაურდა.

ამის შემდეგ მასპინძლებს თამაში თითქოს მშვიდად უნდა მიეყვანათ გამარჯვებამდე, მაგრამ ბრენდონ ჰითმა ზედიზედ ორი შეტევა სამქულიანებით დააგვირგვინა და "აკადემიკმა" სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა.

ბოლო ორ წუთში ნერვების თამაშში შედარებით გამოცდილმა იტალიელებმა იმარჯვეს და ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს, სადაც ჩეხურ "ნიმბურკს" "დაეჭიდებიან". მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

* * *
ბოლოს შეგახსენებთ, რომ შარშან ევროლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი ორ სხვადასხვა ქალაქში გაიმართა და ჯგუფში ორი გამარჯვებული მოხვდა. ერთ შეჯიბრებას ბელგიურმა შარლერუამ უმასპინძლა და ამავე სახელწოდების გუნდის ტრიუმფით აღინიშნა.

სწორედ საკვალიფიკაციო ეტაპზე მოირგო "შარლერუას" ფორმა თორნიკე შენგელიამ და ბევრისთვის მოულოდნელად, სასტარტო ხუთეულში დაიმკვიდრა ადგილი.

მეორე ქალაქში ყველას თურქულმა "გალათასარაიმ" აჯობა. ამ ამბიდან ერთ კვირაში კი გუნდს ზაზა ფაჩულია შეუერთდა, რომელმაც გასულ სეზონში NBA-ს ლოკაუტის გამო დროებით ევროპაში თამაში გადაწყვიტა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მანუჩარ მარკოიშვილი: ეს ჩემი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ტიტულია
იტალიის სუპერთასი ქართული სცენარით - მარკოიშვილმა სანიკიძეს აჯობა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული