ამერიკელები დუდა სანაძის "სან დიეგოში" ჩასვლას ეხმაურებიან

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი დუდა სანაძე ახალი სეზონიდან ამერიკაში ითამაშებს. იგი "სან დიეგოს" უნივერსიტეტში ჩაირიცხა და ნოემბრიდან კოლეჯების ლიგაში ჩაერთვება.

როგორც დუდამ გვითხრა, მასზე მწვრთნელი დიდ იმედებს ამყარებს და თავად კალათბურთელიც მონდომებით ვარჯიშობს, რათა იმედები გაუმართლოს.

გამოცემა "სან დიეგო უნიონ ტრიბუნში" გამოქვეყნდა მარკ ზეიგლერის ვრცელი სტატია, რომელიც ამერიკაში სანაძის ჩასვლას ეხმაურება.

"მწვრთნელმა ბილ გრირმა ახალი კალათბურთელი დაიმატა, ჯორჯიიდან. "ატმის შტატს" არ ვგულისხმობთ, ახალწვეული ქართველების ქვეყნიდანაა.

დუდა სანაძე დაოსტატდა თბილისში, აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის შესაყარზე მდებარე ექს-საბჭოთა რესპუბლიკის დედაქალაქში. იგი
"სან დიეგოში" პირველი არაამერიკელი როდი იქნება. მწვრთნელ გრირის გუნდში სხვადასხვა დროს ირიცხებოდნენ ბრაზილიელი, სამხრეთაფრიკელი, გერმანელი, ბერძენი და ჰოლანდიელი კალათბურთელები.

ცნობილია ერთი რამ - სანაძეს სროლა ეხერხება. იგი ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ვიცე-ბომბარდირი გახდა, საშუალოდ 17.2 ქულას აგროვებდა (9 მატჩში).

როგორც "სან დიეგოს" მწვრთნელმა აღნიშნა, მან ახალგაზრდა ქართველზე დასაკვირვებლად ევროპაში თავისი ასისტენტი კაილ ბანკჰედი მიავლინა, რომელმაც ამერიკაში დადებითი ინფორმაციები ჩამოუტანა და საბოლოოდ ასე გადაწყდა სანაძის გუნდში ჩარიცხვის საკითხი.

- დუდამ იცის, რა არის კალათბურთი, როგორ უნდა თამაში. იგი ევროპის თანატოლთა ჩემპიონატზე ბომბარდირთა დავაში მეორე იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მეტოქის კალათის გზაც არ ეშლება, - განაცხადა გრირმა.

მის გუნდში ქართველთან ერთად ჰოლანდიელიც ირიცხება, რომელიც მწვრთნელმა კანარის კუნძულებზე შენიშნა. "სან დიეგოს" გარდა, კონფერენციაში უამრავი უცხოელია, რასაც ბილ გრირი ნორმალურ მოვლენად მიიჩნევს:

- ყველა მწვრთნელი ცდილობს, სხვაზე უკეთესი გუნდი ჰყავდეს. თუ ამისთვის საჭიროა კალათბურთელების საზღვარგარეთიდან მოწვევა, რატომ არ უნდა ჩამოვიყვანოთ?"

ახლა თავად დუდა სანაძეს მოვუსმინოთ:

- ერთი თვეა, ამერიკაში ვარ და გუნდთან ერთად სერიოზულად ვემზადები. დღეში სამჯერ ვვარჯიშობთ, ჯერ გამძლეობაზე ვმუშაობთ, შემდეგ - ტრენაჟორების დარბაზში, საღამოს - ბურთთან ერთად. იოლი არ იყო, არ მეგონა, ამდენს თუ გავუძლებდი, მაგრამ ასეთ რეჟიმს უკვე შევეგუე.

როგორც ამერიკული პუბლიკაციიდან ჩანს, ბილ გრირი სანაძის დამატებით კმაყოფილია...

- მწვრთნელი ჩემდამი კარგადაა განწყობილი, მენდობა და მეუბნება, შენი იმედი გვაქვსო. მეც მონდომებით ვვარჯიშობ, რათა იმედები გავუმართლო.

შესავალშიც დავწერეთ, რომ "სან დიეგო" ოფიციალურ მატჩებს ნოემბერში გამართავს. ამ დრომდე კი ერთი აუცილებელი პროცედურაა გასავლელი: 20 წლის ქართველმა NCAA-ს სტატუსი, ანუ კოლეჯების ლიგაში თამაშის უფლება უნდა მიიღოს.

იგი უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრაციისა და მენეჯმენტის ფაკულტეტზე მოეწყო. სწავლება ოთხწლიანია, თუმცა კალათბურთელს ეიმედება, რომ ორ წელიწადში სათამაშოდ ევროპაში დაბრუნდება.

სანაძეს წლეულსაც ჰქონდა მიწვევა იტალიიდან, სინჯებზე უნდა ჩასულიყო და დარჩენის დიდი ალბათობაც არსებობდა, მაგრამ როგორც თავად ამბობს, სადღეისოდ სერია A-სთვის მზად არ არის, იტალიისთვის სწორედ ამერიკაში უნდა მოემზადოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული