გიორგი შერმადინის "მაქაბი" ნახევარფინალში ჰაიფას "მაქაბის" შეხვდა, ხოლო ჯეიკობ პულენის "ჰაპოელი" (იერუსალიმი) - აშდოდის "მაქაბის".
სამწუხაროდ, გიორგი და ჯეიკობი ფინალში ერთმანეთის წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ, რადგან პულენის გუნდმა აშდოდელებთან 10 ქულის სხვაობით წააგო - 59:69. მატჩის ბედი ბოლო პერიოდში გადაწყდა, რომელშიც "მაქაბიმ" 9:15 დაამარცხა.
წინა მატჩისგან განსხვავებით (29 ქულა), იერუსალიმელებს სათანადოდ ვერ დაეხმარა პულენი, რომელმაც 33 წუთში 8 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 1
ქულათა სიუხვით ვერც გიორგი შერმადინი გამოირჩა, რომელმაც 18 წუთში 3 ქულა (4-დან 3 საჯარიმო), 7 მოხსნა და თითო ჩაჭრა-პასი ჩაიწერა.
გიორგის "მაქაბიმ" დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა ჰაიფელი სეხნია - 86:79. მეოთხე პერიოდის დასაწყისში თელავიველები 64:72-ს აგებდნენ, თუმცა გადამწყვეტ მომენტში მდგომარეობის გამოსწორება მოახერხეს და ბოლო წუთები დამაჯერებლად ჩაატარეს.
შერმადინმა მეოთხე პერიოდის მეორე ნახევარი მოედანზე გაატარა. მისი ორი ზუსტი საჯარიმოს შემდეგ "მაქაბი" 83:67 დაწინაურდა.
ფინალში, რომელიც შაბათს გაიმართება, ორი "მაქაბი" ითამაშებს - თელ-ავივის და აშდოდისა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"