ვიქტორ სანიკიძე კვლავ საუკეთესოა: გამოცემა "ბასკეტინსაიდმა" ქართველი ფორვარდი "მონტეპასკი"-"პესაროს" მატჩის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელა.
მისასალმებელია, სასიამოვნოა, მაგრამ, ამავე დროს, უცნაური. რატომ უცნაური? - ვიქტორმა 18 წუთი ითამაშა, 9 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა.
ასეთი სტატისტიკის კალათბურთელებს MVP-ად იშვიათად ასახელებენ. თუმცა შესაძლოა, გადამწყვეტ მომენტში იმოქმედა საოცრად და მატჩის ბედის გადაწყვეტის გამო სხვებისგან გამოარჩიეს...
მაგრამ სანიკიძეს არც ბოლო წუთებზე უთამაშია. მეტსაც გეტყვით - იგი მეოთხე პერიოდში მოედანზე არ გამოჩენილა.
მოკლედ, ციფრები და სტატისტიკა ამ შემთხვევაში არაფრისმთქმელია. საჭიროა მატჩის სრული სურათის აღდგენა: მე-15
ზუსტად ორ წუთში პესაროელებმა სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს (36:23) და "მონტეპასკის" დამრიგებელი ლუკა ბანკი იძულებული გახდა, მოედანზე დაებრუნებინა ვიქტორი, რომელიც მეტოქეს არც მოხსნას ანებებდა და შეტევაშიც აქტიური იყო.
მისი სამქულიანისა და ზედიზედ ჩაგდებული ოთხი საჯარიმოს შემდეგ ანგარიში გათანაბრდა - 43:43.
28-ე წუთისთვის სანიკიძე ესტონელმა კრისტიან კანგურმა შეცვალა და მას მერე მოედანზე აღარ გამოჩენილა.
ვფიქრობთ, ყველაფერი გასაგებია: მესამე პერიოდში სწორედ 13-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრისთვის (რამაც საბოლოო შედეგზე დიდი გავლენა მოახდინა) გამოარჩიეს ვიქტორი.
ერთი შეხედვით, მაინც უცნაურად ჩანს მწვრთნელის გადაწყვეტილება - მეოთხე პერიოდის უსანიკიძეოდ ჩატარებასთან დაკავშირებით. თუმცა საიტ "ოლრაუნდს" თუ ვენდობით, ვიქტორმა კოჭის მცირე ტრავმა მიიღო და ბოლოს ამიტომაც დაისვენა.
მატჩის შედეგს კი ცხრილში გაეცნობით.
* * *
მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუს" შეხვედრის სცენარიც მონტეპასკისეული იყო: მასპინძელი კანტუელები მატჩის შუაში მეტოქე "ბრინდისის" 13 ქულით (39:26) ჩამორჩნენ, თუმცა მესამე პერიოდიდან მანუს გუნდმა ძალა მოიკრიბა და თამაშიც შემოატრიალა - 84:80.
მატჩის საუკეთესოდ ბელგიელი ჯონათან ტაბუ დაასახელეს, რომელმაც 3 სამქულიანი ჩააგდო და 17 ქულას მოუყარა თავი.
ქართველმა უკანახაზელმა კი მოედანზე 33 წუთი გაატარა და 11 ქულა ჩააგდო (6-დან 4 ორქულიანი, 4-დან 3 საჯარიმო).
* * *
კვირას ითამაშა "ნაპოლიმაც", დაძაბულ შეხვედრაში ადგილობრივი პუბლიკის წინაშე "აგეტთან" მინიმალური სხვაობით დამარცხდა - 72:73.
უნდა მოგახსენოთ, რომ ნეაპოლელთა გუნდში ქართველმა არ ითამაშა. ნიკა მეტრეველი გუნდში კი ვარჯიშობს, მაგრამ კვირას განაცხადში არ გამოჩენილა.
"ნეაპოლში" ჩემი გადასვლა გადაწყვეტილი იყო, თუმცა გუნდში მოულოდნელად სიტუაცია აირია - მენეჯერებსა და ხელმძღვანელობას შორის უკმაყოფილებაა და სიტუაციის დალაგებას ველი.
ამ კვირაში ყველაფერი გაირკვევა და იმედი მაქვს, მომდევნო შეხვედრაში მონაწილეობას მივიღებ", - გვითხრა ნიკა მეტრეველმა და დასძინა, "ნაპოლიში" ჩემი ამპლუის კალათბურთელი სჭირდებათ და სათამაშო დრო საკმარისად უნდა მქონდესო.
ისღა დაგვრჩენია, ნიკასთან ერთად მოვლენების განვითარებას დაველოდოთ.
უკრაინა
წარუმატებელი კვირეული გამოუვიდა გიორგი ცინცაძის "ბუდიველნიკს". თუ მანამდე გუნდს უკრაინის ჩემპიონატში ხუთივე მატჩი მოგებული ჰქონდა, 19 და 21 ოქტომბერს ორივე გასვლითი შეხვედრა დათმო. თან, ვერ ვიტყვით, რომ მისი მეტოქე "კრივბასბასკეტი" შეჯიბრების ფავორიტი იყო.
რაც შეეხება "ფეროს", ეს გუნდი სატურნირო ცხრილის სათავეშია (6 გამარჯვება, 1 მარცხი).
კრივბასელები სასწაულად დაუსხლტნენ "ბუდიველნიკს" (70:69): მეოთხე პერიოდის დაწყებამდე ცინცაძის თანაგუნდელები 59:51-ს იგებდნენ. როგორც წესი, აინარს ბაგაცკისის გუნდს დიდი ჩავარდნები არ ახასიათებს და იყო იმედი, რომ "ბუდიველნიკი" მატჩს გამარჯვებამდე მიიყვანდა. თუმცა 36-ე წუთისთვის კალისტას ეზიუკვუს ზუსტი ტყორცნის შედეგად "კრივბასი" 65:63 დაწინაურდა.
შეგახსენებთ, რომ ეზიუკვუ რამდენიმე წლის წინათ გიორგი ცინცაძესთან ერთად ესტონური "ტარტუ როკის" ღირსებას იცავდა.
ბოლო წამებზე დარიუს შელენგას დრიბლინგის შედეგად "ბუდიველნიკი" 69:68 დაწინაურდა. მასპინძლებს შეტევისთვის საკმარისი დრო არ ჰქონდათ, თუმცა ჯეიმს ფლორესმა სირენამდე 4 წამით იოლად შეაღწია მეტოქის ფარქვეშ და კრივბასელები წინ გაიჭრნენ - 70:69.
დარჩენილ დროში სტუმარი მაკოლმ დილეინის ტყორცნა არაზუსტი გამოდგა და გამარჯვება "კრივბასბასკეტს" დარჩა.
გიორგი ცინცაძე ბოლო წუთებზე მოედანზე არ იყო. მართალია, მხოლოდ 1 ქულა ჩააგდო, მაგრამ ვინც თამაშს უყურა, დაგვეთანხმება, რომ ურიგოდ არ გარჯილა.
ესპანეთი
პირინეებზე ბექა ბურჯანაძის "კახასოლმა" სეზონის პირველი მატჩი მოიგო. ქართველმა ახალგაზრდამ მეტოქის კალათის მიმართულებით ერთი ორქულიანი ისროლა და ისიც კალათში მოათავსა.
სწორედ ამ ტყორცნის ამსახველ ფოტოს გთავაზობთ ამავე გვერდზე.
ამერიკა
16 ოქტომბერი თორნიკე შენგელიას მუდამ ემახსოვრება. სწორედ ამ დღეს შედგა მისი დებიუტი "ბრუკლინის" შემადგენლობაში. პირველივე მატჩში მან 11 ქულა ჩააგდო და გადამწყვეტ მომენტში ეფექტური ჩატენვით დაგვამახსოვრა თავი.
თორნიკესა და ზაზა ფაჩულიას შესახებ გასულ კვირას ვრცლად ვილაპარაკეთ და ამჯერად აღარ განვმეორდებით.
დაველოდოთ მომდევნო მატჩებს. "ატლანტა" 26 ოქტომბერს დეტროიტში "პისტონსთან" ითამაშებს, ხოლო "ბრუკლინი" 24-ში "ნიუ იორკს" უმასპინლებს.
მოთამაშე | გუნდი | თარიღი | შეჯიბრება | VS | ანგარიში | წუთი | ქულა | მოხსნა | პასი | ჩაჭრა | დაფარება |
ზაზა ფაჩულია |
ატლანტა (NBA) |
16.10 | NBA | ინდიანა VS |
102:98 | 30 | 6 | 7 | 2 | 3 | 0 |
18.10 | NBA | VS ნიუ ორლეანი | 97:68 | 17 | 6 | 4 | 1 | 0 | 0 | ||
20.10 |
NBA | VS დალასი |
109:94 | არ უთამაშია | |||||||
თორნიკე შენგელია |
ბრუკლინი (NBA) | 15.10 | NBA | VS ვაშინგტონი |
98:88 | არ უთამაშია | |||||
16.10 | NBA |
ბოსტონი VS |
96:97 |
26 |
11 | 2 | 2 | 2 | 1 |
||
18.10 |
NBA |
VS ბოსტონი | 85:113 | 10 | 0 | 0 | 2 | 1 | 0 |
||
19.10 | NBA | VS ფილადელფია |
96:106 |
არ უთამაშია | |||||||
მანუჩარ მარკოიშვილი |
კანტუ (იტ) |
18.10 |
ევროლიგა |
პანათინაიკოსი (საბ) VS |
78:76 | 29 | 17 | 1 | 3 | 0 | 0 |
21.10 |
იტალიის ჩემპ. | VS ბრინდისი |
84:80 | 33 | 11 | 4 | 4 | 1 | 0 | ||
ვიქტორ სანიკიძე | მონტეპასკი (იტ) |
18.10 |
ევროლიგა |
მაქაბი (ისრ) VS | 70:68 | 20 | 7 | 12 | 0 | 0 | 0 |
21.10 |
იტალიის ჩემპ | VS პესარო |
65:60 | 18 | 9 | 7 | 1 | 0 | 0 | ||
გიორგი შერმადინი | მაქაბი (ისრ) |
18.10 |
ევროლიგა |
VS მონტეპასკი (იტა) | 70:68 |
10 | 4 | 1 | 1 | 0 | 0 |
22.10 |
ისრაელის ჩემპ. |
აშქელონი VS |
67:100 | 16 | 4 | 4 | 0 | 0 | 0 | ||
გიორგი ცინცაძე |
ბუდიველნიკი (უკრ) | 19.10 |
უკრაინის ჩემპ |
ფერო-ზნტუ VS | 97:78 | 17 | 5 | 3 | 3 | 2 | 0 |
21.10 |
უკრაინის ჩემპ |
კრივბასბასკეტი VS | 70:69 | 15 | 1 | 2 | 3 | 1 | 0 | ||
ბექა ბურჯანაძე |
კახასოლი (ესპ) | 20.10 |
ესპანეთის ჩემპ. | VS გრან კანარია | 74:63 | 3 | 2 | 0 | 0 | 1 | 0 |
ჯეიკობ პულენი |
ჰაპოელი (ისრ) | 21.10 |
ისრაელის ჩემპ. | VS ჰაპოელი (თელ-ავივი) |
77:84 | 35 | 17 | 0 | 3 | 3 | 0 |
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"