გიორგი შერმადინის "მაქაბიმ" ევროლიგაზე "შალონი" გაანადგურა

AutoSharing Option
ვიდეო
25 ოქტომბერს ევროლიგაზე ყველაზე დიდი სხვაობა, +29 ქულა საფრანგეთში დაფიქსირდა - "შალონმა" ისრაელის "მაქაბისთან" 61:90 წააგო.

მწვრთნელმა დევიდ ბლატმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა თავისი ოსტატობა: მეორე პერიოდში, მაშინ, როცა მისი გუნდი ათი ქულით დაწინაურდა, ფრანგებს მოედნის მთელ სიგრძეზე პრესინგი დაუწესა, რომლის გარღვევა შალონელებმა ვერ შეძლეს, შეცდომას შეცდომაზე უშვებდნენ. შესაბამისად, მეორე ათწუთეული მაქაბელებმა 27:13 მოიგეს.

გიორგი შერმადინმა გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა. საოცარი დამთხვევაა: სწორედ იმდენი წუთი ითამაშა, რამდენიც თორნიკე შენგელიამ; იმდენი ჩააგდო, რამდენიც თორნიკემ და იმდენჯერ მოხსნა, რამდენჯერაც შენგელიამ. მოკლედ: 12 წუთი,
3 ქულა, 5 მოხსნა.

თუმცა გიორგის ქულათა გრაფაში უფრო მაღალი ციფრის ჩაწერაც შეეძლო, მაგრამ საჯარიმოები უჩვეულოდ არაზუსტად ისროლა - 5-დან 1 გამოიყენა.

მეოთხე პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ეპიზოდი შერმადინის ჩატენვა იყო, რომელსაც ფრანგების მხრიდან წესების დარღვევა მოჰყვა.

38-ე წუთზე გიორგიმ ტრიალში ნახევარკაუჭით ისროლა, რასაც ფრანგმა კომენტატორებმა ასეთი შეფასება მისცეს - შერმადინი, როგორც აბდულჯაბარიო, თუმცა ტყორცნამ მიზანს ვერ მიაღწია.

მატჩის ბომბარდირი 17 ქულით მაქაბელი დევიდ ლოგანი გახდა.

კიდევ ერთი მსგავსება შენგელიასთან: შერმადინის გუნდსაც სამი მოგება აქვს, თუმცა ევროლიგაზე მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა. 26 ოქტომბერს ამ შეჯიბრებაში ორ-ორი წაგების მქონე "კანტუ" (მანუჩარ მარკოიშვილის გუნდი) და "მონტეპასკი" (ვიქტორ სანიკიძის) ითამაშებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული