თორნიკე შენგელიას დებიუტი ქარიშხალმა "სანდიმ" გადადო

AutoSharing Option
NBA-ს ოფიციალურ მატჩში თორნიკე შენგელიას დებიუტი გადაიდო. ამერიკის პროფესიულ ლიგაში მატჩის გადადება დიდი იშვიათობაა, თუმცა ეს სწორედ ახლა მოხდა.

ნიუიორკული დერბი "ბრუკლინსა" და "ნიქსს" შორის 1 ნოემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა ამერიკის ამ ქალაქს დამტყდარი სტიქიის გამო შეხვედრა გაურკვეველი დროით გადაიდო.

არადა, "ნეთსის" რუსი მფლობელის, მიხაილ პროხოროვის მილიონებით ბრუკლინში აგებული უზარმაზარი "ბარკლაი სენთერი" პირველი ოფიციალური მატჩისთვის ემზადებოდა და დიდი შოუც მოეწყობოდა, რომ არა ბუნებრივი კატაკლიზმები.

ატლანტიკის ოკეანიდან მოვარდნილმა ქარიშხალმა "სანდიმ" რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ნიუ იორკის სანაპირო უბნები მიანგრია და ქალაქის
მეტრო დატბორა.

ნიუ იორკის მერიამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ "ბრუკლინისა" და "ნიქსის" მატჩი გადაიდოს, რადგან დატბორილი მეტროს პირობებში არენის შევსება წარმოუდგენელი იქნება. გარეუბანში მდებარე "ბარკლაი სენთერისკენ" ნიუ იორკის მეტროს 9 ხაზი მიდის, რომლებიც დღეისთვის პარალიზებულია.

თუ როდის გაიმართება "ბრუკლინისა" და "ნიუ იორკის" მატჩი, ჯერჯერობით უცნობია. სავარაუდოდ, ეს არ მოხდება 2 ნოემბერს და შესაბამისად, "ბარკლაი სენთერი" პირველ მატჩს 3 ნოემბერს უმასპინძლებს, როცა ნიუ იორკს კანადური "ტორონტო რეპტორზი" ესტუმრება.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული