ასე და ამგვარად, შენგელიას თანაგუნდელები ახალ სეზონს 3 ნოემბერს გახსნიან - "ტორონტოს" უმასპინძლებენ.
2 ნოემბერს ზაზა ფაჩულიას "ატლანტა ჰოქსი" დაიწყებს. მისი მეტოქე "ჰიუსტონი" იქნება.
კვირის დასაწყისში ამერიკულმა საიტებმა დაწერეს - ზაზა ფაჩულიას მოედანზე გამოსვლა კითხვის ნიშნის ქვეშაა, კოჭი აწუხებსო. ასეთივე ტრავმა ჰქონდა გამთამაშებელ ჯეფ ტიგს...
- ახლა ჩემს გვერდითაა ჯეფ ტიგი. მასაც კოჭი აწუხებდა. ორივე ყინულს ვიდებთ მარცხენა ფეხზე. რაც მთავარია, ტრავმა უკვე მოვიშუშე, თავს კარგად ვგრძნობ და 2 ნოემბერს "ატლანტას" დავეხმარები. იმედი მაქვს, წარმატებული სეზონი გამოგვივა, - გვითხრა 1 ნოემბერს საქართველოს ნაკრების კაპიტანმა.
გამოცემა "სპორტს ილუსტრეიტედში" გამოქვეყნდა თითოეული ატლანტელის დახასიათება კარსმომდგარი სეზონის წინ. აი, რა წერია ფაჩულიას შესახებ:
"დიდი ხანია, ზაზა ფაჩულიამ გულიანი და ენერგიული თამაშით "ატლანტას" ფანების გულები მოიგო. იგი მონდომებით იბრძვის ფარიდან ასხლეტილი ბურთისთვის, რასაც ქომაგები ძალიან აფასებენ.
სხვათა შორის, იგი გასულ სეზონში ატლანტას საუკეთესო შეტევითი მომხსნელი გახლდათ. თავის მხრივ კი, "ჰოქსი" NBA-ს გუნდებს შორის 28-ე იყო შეტევითი მოხსნების რაოდენობით. ეს მეტად დაბალი შედეგია, რის გამოსწორებასაც "ქორები" ახალ სეზონში ეცდებიან.
წლეულს ზაზას მნიშვნელოვანი როლი დაეკისრება შეტევების მეორე ფაზაში გადაყვანის პროცესში. მის ენერგიულობაზე ბევრი იქნება დამოკიდებული. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ შემადგენლობაში განხორციელებული ცვლილებების გამო "ჰოქსს" საკუთარი თამაში აქვს საპოვნი. ეს რთული იქნება, მაგრამ ზაზა ფაჩულიას ნათქვამი უნდა გავიხსენოთ: "იოლი არაფერია".
დანარჩენს უშუალოდ თამაშები გვიჩვენებს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"