ზაზა ფაჩულიას 9 მოხსნა და 8-ქულიანი მოგება "პორტლენდთან"

AutoSharing Option
ატლანტელი "ქორები" ამერიკის დასავლეთში მოგზაურობენ. ლოს ანჯელესიდან მათ პორტლენდს მიაშურეს და 13 ნოემბერს, დილას (თბილისის დროით) "ტრეილ ბლეიზერსთან" ითამაშეს.

სტუმრები პირველივე წუთებზე 11:2 დაწინაურდნენ და მეოთხე პერიოდამდე ინიციატივა ხელიდან არ გაუშვიათ.

სასტარტოებს კარგად შეენაცვლნენ სათადარიგოები და მეორე პერიოდში თანაგუნდელთა უპირატესობა 15 ქულამდე გაზარდეს (41:26).

ზაზა ფაჩულია მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და დაკისრებულ ფუნქციას ბოლომდე კარგად ართმევდა თავს. მართალია, მას ხუთი ტყორცნა გაუცუდდა, მაგრამ რაც მთავარია, სამწამიანი ზონისკენ პორტლენდელებს გზას კარგად უღობავდა და თითოეული
ბურთისთვის ბოლომდე იბრძოდა.

ერთ ეპიზოდში მან დაკარგული ბურთისთვის "ჭიდაობაში" თავი არ დაზოგა და "ატლანტას" ლეგენდა დომინიკ უილკინსისგან (მატჩის რეპორტაჟი მიჰყავდა) კომპლიმენტიც დაიმსახურა - ფაჩულია ფანტასტიკურიაო. ზაზამ 9 მოხსნა მიითვალა.

მეოთხე პერიოდის დასაწყისში ჯორჯიელებს "იარაღი დაუბლაგვდათ" და ბურთიც უწინდებურად ვერ ჭრიდა "პორტლენდის" კალათის ბადეს.

სამაგიეროდ, ყველაფერი გამოსდიოდა მასპინძელთა ლიდერ ოლდრიჯს და "ბლეიზერსმა" ანგარიში გაათანაბრა და ბოლო ორ წუთში ატლანტელებს საქმის ახლიდან დაწყება მოუწიათ.

ამჯერადაც ისევე კარგად გამოუვიდათ, როგორც შეხვედრის სტარტზე - ორწუთიან მონაკვეთში სმიტისა და ჰორფორდის შემწეობით "ქორები" 8:0 გაიქცნენ და 95:87 იმარჯვეს.

პორტლენდი-ატლანტა 87:95
ზაზა ფაჩულია: 23 წუთი, 2 ქულა (6-დან 1 ორქულიანი), 9 მოხსნა, 2 დაფარება, 2 ფოლი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული