ზაზა ფაჩულიამ 13 ნოემბერს Facebook-ზე ასეთი განცხადება გამოაქვეყნა: "რადგანაც ხვალ თავისუფალი დღე მაქვს, Wall-ზე დამიდეთ კითხვები, ვისაც რა გაინტერესებთ და პირველ 10 კითხვას გავცემ პასუხს. ველოდები საინტერესო კითხვებს".
კითხვები 10-ზე გაცილებით მეტი დაისვა, თუმცა ნაკრების კაპიტანმა პირობა შეასრულა. მაშ ასე...
- ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგადაა? ძველი ტრავმებიდან ხომ არ გაწუხებს რამე?
- ზაფხულში მიღებული ტრავმები მოვირჩინე. ღმერთის წყალობით, თავს კარგად ვგრძნობ.
- მიმდინარე სეზონში ორჯერ მოხდა, რომ შენც და ალ ჰორფორდმაც თამაში სასტარტო
- ამ ყველაფერს მწვრთნელი წყვეტს. ჩემთვის მთავარია, მოედანზე ვიყო დიდხანს.
- ჰასლემთან ინციდენტს გაგრძელება ხომ არ მოჰყვა (მაიამისთან შეხვედრაში ფაჩულიას და ჰასლემს კამათი მოუვიდათ)?
- არ მოჰყოლია. არც იყო საჭირო. თან, ერთი ტექნიკური შენიშვნა უკვე მქონდა და მეორის მიღების შემთხვევაში, მოედნიდან გამაძევებდნენ. ამდენად, თამაში ჩვეულებრივად გაგრძელდა.
- თუ არის შანსი, ჯეფ ტიგმა საქართველოს ნაკრებში რომ ითამაშოს?
- არა მგონია, ტიგმა საქართველოს ნაკრებში თამაში ისურვოს. არც ამის საჭიროება აქვს და არც შეთავაზება.
- როგორც ვიცი, სეზონის "ატლანტასთან" კონტრაქტი სეზონის ბოლოს გიმთავრდება. გეგმავ თუ არა "ჰოუქსთან" კონტრაქტის გაგრძელებას? გქონდა საუბარი ხელმძღვანელობასთან ამის თაობაზე?
- კონტრაქტის გაგრძელებასთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა. ზაფხულში გადავხედავ შემოთავაზებებს და გადაწყვეტილებასაც მივიღებ. თუმცა ახლა ამაზე არ ვფიქრობ და ვცდილობ, ყველა მატჩი კარგად ვითამაშო.
- როგორ შეაფასებ NBA-ში თორნიკე შენგელიას დებიუტს და რას ფიქრობ, დიდ სათამაშო პრაქტიკას როდის მისცემენ? ცხადია, იგი შეცდომებსაც უშვებს, მაგრამ ფაქტია, რომ მცირე დროშიც კი მისი ქმედებები "ჰაილაითებში" ხვდება ხოლმე...
- თოკოს მომავალი წინ აქვს. პირველი წელი საერთოდ, სწავლის წელია. გამონაკლისების გარდა, ახალწვეულები ხან თამაშობენ, ხან - არა. ასე რომ, ამ ეტაპზე გული არავის უნდა დაგვწყდეს. მომავალ წლებში უფრო სტაბილურ თოკოს ვიხილავთ.
- შენთვის ყველაზე რთული ვის წინააღმდეგ თამაშია?
- ყველაზე ძალიან შაკილ ო'ნილის და იაო მინის წინააღმდეგ თამაში მიჭირდა. დღესდღეობით კალათბურთს არცერთი აღარ თამაშობს.
- ზაზა, შენი აზრით, კიდევ რამდენ ხანს ითამაშებ კალათბურთს მაღალ დონეზე და კარიერის დასრულების შემდეგ რა სფეროში აპირებ მოღვაწეობის გაგრძელებას?
- მაქსიმალურად გამოვიყენებ ამ შანსს და ვითამაშებ მანამდე, სანამ შევძლებ და სიამოვნებას ვიღებ. რაც შეეხება შემდგომ პერიოდს, ბიზნესით ვარ დაინტერესებული და მინდა, ისეთივე წარმატებული კარიერა მქონდეს, როგორც კალათბურთში. ამისთვის უკვე დაწყებული მაქვს ფიქრიც და მზადებაც.
- მახსოვს, ადრე, 4-5 წლის წინ, ტელევიზიით საქართველოში საკალათბურთო სპორტ-სკოლის თუ აკადემიის არსებობის მიზანშეწონილობაზე საუბრობდი, ისეთებზე, როგორებიც ბალტიისპირეთის ქვეყნებშია. ამ მიმართულებით სიახლე ხომ არაფერია?
- საკალათბურთო სკოლის გაკეთების დიდი სურვილი გამაჩნია, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს. ჯერ აქტიური სპორტით ვარ დაკავებული და როცა კალათბურთს თავს დავანებებ, დეტალებზე უფრო რეალურად ვიფიქრებ.
- ძალიან ბევრი ახალგაზრდა ცდილობს წარმატების მიღწევას კალათბურთის განხრით, თუმცა ძალიან ცოტა გადის ამ რთულ გზას ბოლომდე... ზოგი ტრავმის გამო ტოვებს სპორტს, ზოგი იმედგაცრუების და ა.შ. რა არის შენი წარმატების საიდუმლო? და რამდენად განაპირობებს საკუთარი საქმის სიყვარული და პასუხისმგებლობა წარმატების მიღწევას?
- შემიძლია რამდენიმე კომპონენტი გამოვყო, რაც ახალგაზრდა კალათბურთელს (და არა მარტო კალათბურთელს) წარმატებისა და მიზნის მიღწევაში დაეხმარება: ტალანტი, შრომის უნარი, ნებისყოფა, საქმის სიყვარული, განათლება, მუშაობა, ვარჯიში და რაც მთავარია, ღვთის წყალობა.
- საერთაშორისო ტურნირებზე ფორმატის ცვლილების გამო სანაკრებო დონეზე NBA-ს მოთამაშეები გუნდებს ვეღარ დაეხმარებიან? და ფიბა-მ მარტომ მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება?
- ვიცი, რომ ფიბა-მ რაღაც ცვლილებები მართლაც მოახდინა, მაგრამ ზუსტ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ვფლობ. ამიტომ შეკითხვაზე ვერ გიპასუხებთ.
gbf.ge
ასევე იხილეთ:
ზაზა ფაჩულიას 9 მოხსნა და 8-ქულიანი მოგება "პორტლენდთან"