გიორგი ცინცაძე ევროთასზე "ბუდიველნიკს" გამარჯვებისკენ გაუძღვა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა გიორგი ცინცაძემ უკრაინულ "ბუდიველნიკში" ძველი დრო გაიხსენა.

იგი 2008 წელს ევროჩელენჯზე "ტარტუ როკს" ფინალური ოთხეულისკენ გაუძღვა - რუსულ "ურალ გრეიტთან" გადამწყვეტ შეხვედრაში მეოთხე პერიოდში 15 ქულა ჩააგდო...

ევროსარბიელზე დაბრუნებულმა "ბუმ" კიდევ ერთი ეფექტური მატჩი ჩაატარა: 14 ნოემბერს ღამით ევროთასის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ლიტვურ "პრიენაის" ფაქტობრივად მარტომ მოუთავა საქმე.

გადამეტებით რომ არაფერს ვამბობთ, მატჩის ქრონოლოგიაც "დაგვეთანხმება": მესამე პერიოდის შუაში "ბუდიველნიკი" ორი ქულის სხვაობით იგებდა (40:38), როცა ცინცაძემ ორქულიანი ჩააგდო, ამას კიდევ ოთხი ქულა მიაყოლა და მის მიერ
მოწყობილი 6:0 გაქცევის შემდეგ კიეველები 46:38 დაწინაურდნენ.

ცინცაძე ამაზე არ შეჩერებულა, მესამე მეოთხედში კიდევ ერთი ორქულიანი, ორი საჯარიმო გამოიყენა, რომლის შემდეგაც "ბუდიველნიკის" უპირატესობა 13 ქულამდე გაიზარდა - 55:42. ეს უკვე გამარჯვებას ნიშნავდა.

მატჩის დასრულებიდან რამდენიმე წუთში უკრაინულ საიტ "ისპორტზე" გამოქვეყნდა შეხვედრის ვრცელი მიმოხილვა, რომელშიც ერთი აბზაცი ქართველ გამთამაშებელს დაეთმო:

"მატჩის გარდამტეხი ცინცაძე იყო, რომელიც მეტოქეებზე ჭკვიანი, სწრაფი და მოხერხებული ჩანდა. გიორგიმ თავადაც მნიშვნელოვანი ქულები მოუტანა გუნდს და მეგობრებიც აიყოლია."

ციფრებს მივხედოთ. "ბუდიველნიკმა" "პრიენაი" 84:57 დაამარცხა. გიორგი ცინცაძე თანაგუნდელ ლეო ლაიონსთან ერთად მატჩის სნაიპერი გახდა, ორივემ 16-16 ქულა მიითვალა. თუმცა, მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით, "ბუს" ბადალი არ ჰყავდა: +24. გიორგიმ 27 წუთში 7-დან 6 ორქულიანი, 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 4 ჩაჭრა, 4 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

* * *

ამავე ჯგუფის ორმა ბინადარმა ერთმანეთთან ურთიერთობა იერუსალიმში გაარკვია. "ჰაპოელმა" ჩეხურ "ნიმბურკს" უმასპინძლა და მეოთხე პერიოდში დაშვებული შეცდომების გამო დიდი სხვაობით წააგო - 69:86.

ჰაპოელელების შემადგენლობაში მხოლოდ ორი კალათბურთელი გადასცდა 10-ქულიან ნიშნულს - კრეიგ სმიტი და ჯეიკობ პულენი. პირველმა 23 ქულა ჩააგდო, ხოლო საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა - 14. ჯეიკობის ანგარიშზე 8-დან 4 ორქულიანი, 7-დან 2 სამიანი, 3-3 მოხსნა-ჩაჭრა და 1 შედეგიანი გადაცემაა.

მომდევნო კვირაში, 21 ნოემბერს, პულენის "ჰაპოელი" ცინცაძის "ბუდიველნიკს" მიიღებს.


გუნდი
1 ნიმბურკი (ჩეხ) 2 2 0 4
2 ბუდიველნიკი (უკრ) 2 1 1 3
3 პრიენაი (ლიტ) 2 1 1 3
4 ჰაპოელი (ისრ) 0 0 2 2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული