მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუმ" სტუმრად იმარჯვა, ხოლო ვიქტორ სანიკიძის "სიენამ" სტუმარი - "კასერტა" არ დაინდო.
სიენელებმა მეტოქეს 2 ქულის სხვაობით, ანგარიშით 86:66 აჯობეს. სანიკიძემ მცირე შესვენების შემდეგ კვლავ დაძლია 10-ქულიანი თამასა.
მან 26 წუთში 10 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა და სარგებლიანობის კოეფიციენტის (12) მიხედვით, მხოლოდ ამერიკელ ბობი ბრაუნს (20 ქულა) ჩამორჩა. ვიქტორი სასტარტო ხუთეულში იყო და 4-ივე ორქულიანი და 2-ივე საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი კი ააცილა.
8 მატჩიდან სიენელებს 6 მოგება აქვთ -
ეს გუნდები სერია A-ს ცხრილში მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ. კანტუელებმა ამ ტურში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.
მარკოიშვილის გუნდმა სტუმრად "სკავოლინი" 76:66 დაამარცხა. მანუჩარი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 32 წუთში 16 ქულა, 5 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 პასი მიითვალა.
ქართველმა უკანახაზელმა 8-დან 2 ორქულიანი და 6-დან 4 სამქულიანი გამოიყენა, ერთხელ მას დაუფარეს, ბურთი ხუთჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.
სტუმართა რიგებში საუკეთესო ბელგიის ნაკრების წევრი ჯონათან ტაბუ იყო 19 ქულით, 5 მოხსნით და 3 პასით.
იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-9 ტურის მატჩები 25-26 ნოემბერს შედგება, ჩვენთვის საინტერესო შეხვედრა კი 26-ში ჩატარდება და მასში მარკოიშვილის "კანტუ" სანიკიძის "მონტეპასკის" უმასპინძლებს.
ისრაელის ჩემპიონატში მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრთა გუნდებმა - გიორგი შერმადინის "მაკაბიმ" და ნატურალიზებული ჯეიკობ პულენის "ჰაპოელმა.
სამწუხარო ისაა, რომ მოედანზე არ გამოჩენილა გიორგი შერმადინი, რომელსაც სავარაუდოდ, ტრავმა აქვს და მწვრთნელმა არ ათამაშა.
ქართველი ცენტრის გარეშე კი თელ ავივის "მაკაბიმ" დიდი ბრძოლა გადაიტანა ელიათში "ჰაპოელთან", რომელთანაც ბოლო მეოთხედამდე აგებდა და გადამწყვეტ ათწუთეულში მოახერხა გამარჯვების მოპოვება - 79:68.
მაკაბელთაგან თავი ლიორ ელიაჰუნ გამოიჩინა, რომელმაც 18 ქულა მიითვალა, ხოლო რიკი ჰიკმანის ანგარიშზე 17 დაგროვდა. ამ ტურში ჰაიფაში დამარცხდა ლიდერი "ნეთანია", რამაც შერმადინის გუნდს ლიდერის დაწევის საშუალება მისცა.
5 მოგებითა და 1 წაგებით ისრაელის ლიგას "მაკაბი" და "ნეთანია" ლიდერობენ.
ჯეიკობ პულენის "ჰაპოელმა" კი ჩემპიონატის 3 წაგებით დაწყების შემდეგ ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა. იერუსალიმელებმა ამჯერად ჰოლონში, მოსახელე "ჰაპოელი" 76:68 დაამარცხეს.
შეხვედრა დაძაბული იყო და მისი ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა. პულენი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 30 წუთში 10 ქულა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 4 პასი მიითვალა.
ჯეიკობმა 5-დან 3 ორქულიანი და 4-ივე საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი ოთხჯერ დაკარგა, ერთხელ დაჯარიმდა, მის წინაღმდეგ კი თამაშის წესები სამჯერ დაირღვა.
3 მოგებითა და ამდენივე წაგებით იერუსალიმელებმა ცხრილში მე-5 ადგილზე აინაცვლეს. მომდევნო ტურში, 25 ნოემბერს პულენის გუნდი "აშქელონს" უმასპინძლებს, ხოლო თელ ავივის "მაკაბი" ჰოლონში "ჰაპოელს" შეხვდება.
gbf.ge