ზაზა ფაჩულიამ "ვაშინგტონთან" 7 ქულა და 6 მოხსნა დააგროვა

AutoSharing Option
ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ლიგის მაჩანჩალა "ვაშინგტონმა", რომელსაც ჯერ ერთი გამარჯვებაც კი არ მოუპოვებია, ატლანტაში "ჰოუქსი" გვარიანად ანერვიულა.

ზაზა ფაჩულიას გუნდს დამატებითი დრო დასჭირდა გამარჯვების მოსაპოვებლად. ატლანტელებმა დიდი გაჭირვებით, 101:100 იმარჯვეს და წარმატებული სერია სამ მატჩამდე გაზარდეს.

დედაქალაქელებთან ბრძოლის სიმძიმემ, ძირითადად, სასტარტოებზე გადაიარა, რომელთა შორისაც ამჯერადაც ვერ ვიხილეთ ზაზა ფაჩულია.

ატლანტელთა დამრიგებელმა ხუთეულში ადგილი მოუძებნა ბასრი მიზნის მქონე კაილი კორვერს, რომელიც ჩინებულად თამაშობს და აღნიშნულ მატჩშიც ვაშინგტონელებს 5 სამქულიანი ჩაუგდო. წინა ხაზში კი ჯოშ სმიტისა და ალ ჰორფორდის სახით მყარი ტანდემი
ჩამოყალიბდა.

ქართველმა ცენტრმა სათადარიგოთაგან ყველაზე მეტი - 18:30 წუთი ითამაშა. ფაჩულიამ 4-დან 2 ორქულიანი და 3-დან სამივე საჯარიმო ჩააგდო, 7 ქულა დააგროვა, რასაც 6 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მოაყოლა.

თავიდან ბოლომდე მატჩი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა. ატლანტელები ვერ ახერხებდნენ ლიგის უსუსტესი გუნდის გატეხვას და ბოლო წამებზე წაგებას ბეწვზე გადაურჩნენ. შეხვედრა დამატებით დროში გაგრძელდა, სადაც 1 ქულით მასპინძლებმა იმარჯვეს.

სამმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა ალ ჰორფორდს, რომელმაც 15 ქულა, 10 პასი და 9 მოხსნა მოაგროვა. საუკეთესო შედეგი ჯოშ სმიტმა დააფიქსირა: 25 ქულა, 12 მოხსნა, 4 დაფარება, 2 ჩაჭრა.

ეს ატლანტელთა მე-6 გამარჯვებაა 4 მარცხის წილ და ზუსტად ასეთი შედეგი აქვს თორნიკე შენგელიას "ბრუკლინს", რომელიც 22 ნოემბერს, გამთენიისას, ოკლენდში "გოლდენ სტეიტთან" 93:102 დამარცხდა.

შენგელიამ შეხვედრაში სიმბოლური მონაწილეობა მიიღო. იგი მწვრთნელმა მატჩის დასასრულს 53 წამით შეუშვა მოედანზე.

მომდევნო მატჩს ბრუკლინელები 23 ნოემბერს, შინ "კლიპერსთან" გამართავენ, ხოლო ფაჩულიას გუნდი ამავე დღეს შარლოტში "ბობქეთსს" დაუპირისპირდება.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული