ვიქტორ სანიკიძისა და მანუჩარ მარკოიშვილის უშეღავათო ბრძოლა

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატში მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუმ" ვიქტორ სანიკიძის "მონტეპასკის" უმასპინძლა.

ორივე ქართველი სასტარტო ხუთეულში იყო და თანაგუნდელთა შორის გამოირჩეოდა კიდეც.

მაგალითად, ვიქტორმა პირველი მეოთხედის ბოლოსა და მეორის დასაწყისში ჯერ ეფექტურად ჩატენა, შემდეგ სამქულიანი ჩააგდო, ზედ ორი საჯარიმო მიაყოლა და 7:0 გაქცევის შედეგად სიენელები 21:14 დააწინაურა.

მათ უპირატესობა მეოთხე პერიოდამდე შეინარჩუნეს, თუმცა ბოლო რაუნდის დასაწყისში დადგა მარკოიშვილის ჯერი, რომელმაც 9:0 სპურტი სამქულიანით დააგვირგვინა და "კანტუ" წინ გაიჭრა - 46:45.

ეს იყო და ეს, მასპინძლები 46-ეზე დიდხანს გაიყინნენ და მეტოქეს 13 ქულით დაწინაურების
უფლება მისცეს. საბოლოოდ 67:54 "მონტეპასკის" სასარგებლოდ.

მანუჩარს, რომელსაც წაგება ყველაზე ნაკლებად სურდა (ასე ჩანდა გარედან), ბრძოლის ჟინი სტატისტიკამ დაუფასა - იტალიაში გადასვლის შემდეგ პირველად მიითვალა ორმაგი დუბლი: 37 წუთი, 18 ქულა (5-დან 3 ორქულიანი, 6-დან 2 სამიანი, 6-დან 6 საჯარიმო), 11 მოხსნა, 1 პასი.

ვიქტორი იმდენად ენერგიულად მოქმედებდა, რომ აუცილებლად მიითვლიდა ორმაგ დუბლს, მაგრამ მწვრთნელმა რატომღაც მეოთხე პერიოდში მოედანზე აღარ გამოიყვანა.

სანიკიძის (23 წუთი) ანგარიშზეა 10 ქულა (2-დან 1 ორქულიანი, 3-დან 2 სამიანი, 2-დან 2 საჯარიმო) და 8 მოხსნა.

მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით, იგი დევიდ მოსთან ერთად "მონტეპასკიში" საუკეთესო იყო - 15. მატჩის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე კი მარკოიშვილი გახლდათ, რომლის მქკ-მა 24-ს უწია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული