გიორგი ცინცაძემ ჯეიკობ პულენს გადაუწყვიტა

AutoSharing Option
გასულ კვირას იერუსალიმში გიორგი ცინცაძის "ბუდიველნიკმა" 67:81 დათმო. ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრა 28 ნოემბერს უკრაინაში გაიმართა და კიეველებმა რევანში აიღეს - 84:77.

თუმცა დღეს ძნელი სათქმელია, რამდენად სრულფასოვანია რევანში, რადგან უკრაინელებმა იმაზე ნაკლები სხვაობით გაიმარჯვეს, რამდენითაც წააგეს. თუ ორივე გუნდს თანაბარი ქულა მოუგროვდება, ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები უკეთესი შედეგის წყალობით წინ "ჰაპოელი" აღმოჩნდება.

რეალურად რა სიტუაციაა ჯგუფში, ამას სატურნირო ცხრილის გაცნობის შემდეგ განსაზღვრავთ. ჩვენ კი დავამატებთ, რომ მომდევნო ეტაპზე ორი საუკეთესო გავა და ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი.

"ბუდიველნიკის" გამარჯვებაში 12-ქულიანი
წვლილი შეიტანა ჩვენი ნაკრების გამთამაშებელმა ცინცაძემ, რომელმაც ქულების უმეტესობა მეორე ტაიმში მოაგროვა.

უფრო საინტერესოსაც გეტყვით - გადამწყვეტ მომენტში "ბუ" მთავარი მოქმედი პირი იყო: საფინალო სირენამდე 2:04 წუთით ადრე ჯეიკობ პულენმა "ჰაპოელს" 3-ქულიანი უპირატესობა მოუტანა - 77:74.

თუმცა ამის შემდეგ მხოლოდ უკრაინელები აგდებდნენ. ჯერ ცინცაძის პასით ანისიმოვმა სხვაობა ქულამდე შეამცირა, შემდეგ გიორგიმ სამი საჯარიმო 3 ქულად გარდასახა. ამას მოჰყვა დილეინის ორქულიანი (ისევ ცინცაძის პასით), ხოლო მატჩის დასრულებას 8 წამი რომ უკლდა, ქართველმა გამთამაშებელმა ორი ჯარიმით საბოლოო წერტილი დასვა - 84:77.

"ბუს" სრული მონაგარი ასეთი იყო: 29 წუთი, 12 ქულა (4/2 ორქულიანი, 5/1 სამიანი, 5/5 საჯარიმო), 3 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 5 პასი. მასპინძელთაგან ყველაზე მეტი დილეინიმ ჩააგდო - 22.

სწორედ ამდენი ქულით დაასრულა მატჩი საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა უკანახაზელმა პულენმა, თუმცა, როგორც გითხარით, გადამწყვეტ მომენტში მასზე გამოცდილმა ცინცაძემ მატჩის ბედი "ბუდიველნიკის" სასარგებლოდ გადაწყვიტა.

პულენმა 34 წუთში 22 ქულა (14/8 ორქულიანი, 4/0 სამიანი, 7/6 საჯარიმო), 1 მოხსნა, 4 ჩაჭრა, 3 პასი მიითვალა.

მომდევნო ტურში, 5 დეკემბერს "ბუდიველნიკი" ჩეხეთის "ნიმბურკს" უმასპინძლებს, ხოლო "ჰაპოელი" - ლიტვურ "პრიენაის".

გუნდი
1 ნიმბურკი 4 3 1 7
2 ბუდიველნიკი 4 2 2 6
3 პრიენაი 4 2 2 6
4 ჰაპოელი 4 1 3 5

* * *
ესპანეთში ბექა ბურჯანაძის "კახასოლმა" ფრანგული "ორლეანი" მიიღო და 84:78 გაუმასპინძლდა. ბექამ 1:13 წუთში ბურთი ორჯერ მოხსნა.

სევილიელებს 4 ტურის შემდეგ 2 მოგება აქვთ და მათზეა დამოკიდებული მომდევნო ეტაპზე გასვლის ბედი.

ყველაფერი დარჩენილ ორ ტურში, იტალიურ "სასარისა" და სერბულ "ცრვენა ზვეზდასთან" შეხვედრებში გადაწყდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული