რატომ წამოვიდა ერთი გუნდიდან, რატომ ვერ გამოვიდა "მაჰრამის" ვარიანტი და რატომ მაინცდამაინც ლიბანი? ამ და საინტერესო სანაკრებო კითხვებზე პასუხს ნიკას ინტერვიუში ამოიკითხავთ.
- "მაჰანი" ფინანსურად წელში გამართული გუნდია, კონტრაქტს ხელს რომ ვაწერდი, მეგონა, ორგანიზაციის მხრივაც ასეთივე სიტუაცია იქნებოდა, მაგრამ... ვერც იმას ვიტყვი, რომ ვარჯიშიდან ვარჯიშამდე ფორმაში შევდიოდი.
გუნდიდან წამოსვლის მთავარი მიზეზი კი მწვრთნელების გადაწყვეტილება იყო: ჩემი ჩათვლით, სამი ლეგიონერი ჩამოიყვანეს, რომელთაგან მოედანზე
ირანის პირველობაში არსებული ლიმიტის გამო ამა თუ იმ მატჩის განაცხადში მხოლოდ ორი უცხოელის შეყვანა შეიძლება, თუმცა მათი მოედანზე ერთდროულად გაყვანის უფლება მწვრთნელს არა აქვს (ამიტომ მერგო ზოგიერთ მატჩში შეზღუდული სათამაშო დრო), მესამე ლეგიონერი კი განაცხადშიც ვერ ხვდებოდა.
სხვების მოქმედებას არ დაველოდე, კლუბის ხელმძღვანელობასთან მივედი და გათავისუფლება ვთხოვე. პასუხი დადებითი იყო.
- ვიდრე "მაჰანიდან" წამოხვიდოდით, ჩემპიონი "მაჰრამი" ბოლო წამზე ჩაგდებული სამქულიანით დაამარცხეთ...
- დაძაბული შეხვედრა იყო. ბოლოს ბურთი გვერდიდან უნდა შემოგვეტანა. გვქონდა 2-3 ტაქტიკური ვარიანტი: არ გაგეცინოთ, მაგრამ მონახაზის მიხედვით, ბურთი ფარსზემოთ უნდა აგვეგდო და ჩემს თანაგუნდელს ალეი უპი შეესრულებინა.
მეორე ვარიანტის მიხედვით, ფარისკენ უნდა დავძრულიყავი... თუმცა ბურთი რომ მივიღე, მხოლოდ სროლის დრო რჩებოდა.
საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად გამოვიდა და გავიმარჯვეთ. ამის მერე მოვლენები საინტერესოდ განვითარდა: გუნდში დატოვეს "მაჰანის" თავკაცი, რომელსაც მანამდე გათავისუფლებას უპირებდნენ, ხოლო წაგების გამო "მაჰრამის" მწვრთნელი დაითხოვეს და მის ადგილას მეჰმედ ბეჩიროვიჩი დანიშნეს.
- "მაჰანიდან" "მაჰრამში გადასვლას გეგმავდით, მაგრამ ტრანსფერი ვერ შედგა...
- ირანში იყო პრეცედენტი სეზონის მსვლელობისას კლუბიდან კლუბში კალათბურთელის გადასვლისა. ამიტომ მეც იმედი მქონდა, რომ ფედერაცია "მაჰრამში" თამაშის ნებას დამრთავდა.
ჩემს თემას სამსაათიანი შეხვედრა მიეძღვნა, მაგრამ საბოლოოდ უარი მითხრეს. არადა, ამ გუნდს კარგად ვიცნობ, შარშან მასთან ერთად ირანის ჩემპიონობა მოვიგე. თან, მწვრთნელიც მაღალი დონისაა - ბეჩიროვიჩი.
- ლიბანის ვარიანტი უცბად გამოჩნდა?
- "ჩამპვილისგან" შემოთავაზება მანამ მივიღე, ვიდრე "მაჰრამში" გადასვლას გადავწყვეტდი. რადგან ირანის კალათბურთის ფედერაციამ უარი მითხრა, გადაწყვეტილება მალევე მივიღე - არ მსურდა დროის დაკარგვა.
მხოლოდ ფულზე რომ მეფიქრა და სათამაშო პრაქტიკაზე ხელი ჩამექნია, "მაჰანში" დავრჩებოდი. თუმცა მინდა, ამ სეზონში ისევე ვითამაშო, როგორც შარშან.
რადგან, თუ ნაკრებში გამომიძახებენ, კარგ ფორმაში ვიყო. ცხადია, მწვრთნელის გადასაწყვეტია, ამიყვანს თუ არა. რაც შეეხება გასულ ზაფხულს ნაკრებში არმიწვევას, ახლაც იმ აზრზე ვარ, რომ ეს ცუდი ფორმით მოხდა.
- სლოვენიაში 6 დღეში 5 მატჩის გამართვა გვიწევს...
- ზაფხულის თამაშებს რომ ვუყურებდი, აშკარა იყო, წამყვან კალათბურთელებს შეცვლა სჭირდებოდათ, რაშიც ნამდვილად შეგვეძლო დახმარება მე, ვლადიმერ ბოისას და ლაშა გამყრელიძეს.
სლოვენიაში კიდევ უფრო რთული იქნება, ასეთი დონის ტურნირში ორი თანაბარი ხუთეულია საჭირო. თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, შემადგენლობის შერჩევა მწვრთნელის გადასაწყვეტია და თუ შემეხმიანებიან, სიამოვნებით ვითამაშებ.
- სანაკრებო მატჩები ცელიეშია. სლოვენიაში გამოდიოდი და, ალბათ, ამ ქალაქსაც იცნობ.
- ცელიეში პირველად 1998 წელს ჩავედი, როცა კადეტთა ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატი ვითამაშე. ლამაზი ქალაქია.
- ესპანეთთან ერთად ჯგუფის ფავორიტად ყველა სლოვენიას მიიჩნევს. არადა, 2011 წელს ევრობასკეტზე მას თანაბრად ვეთამაშეთ და კინაღამ მოვუგეთ.
- ის მატჩი მაღალ დონეზე ჩავატარეთ, მაგრამ გამარჯვებისთვის მაინც არ გვეყო. სლოვენია 2013 წლისთვის ყველა საუკეთესოს შეკრებს და მისი დამარცხება კიდევ უფრო გაჭირდება.
ჩვენი უშუალო კონკურენტები ჩეხეთი, პოლონეთი და ხორვატია იქნებიან. სწორედ მათი ბარიერის დაძლევაა საქართველოს ნაკრების მთავარი მიზანი, რასაც არარეალურს ნამდვილად ვერ ვუწოდებ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"