მანუჩარ მარკოიშვილი: მადრიდის "რეალთან" მატჩი ჩვენთვის ფინალი იყო

AutoSharing Option
"კანტუ"-"რეალის" მატჩი ხუთშაბათს ჩატარდა, ევროლიგის მე-9 ტურის შეხვედრათა ნახევარი კი პარასკევს გაიმართა. ამიტომ, ვიდრე გაზეთი დასაბეჭდად გავიდოდა, არ იყო ცნობილი მეცხრე ტურის საუკეთესო კალათბურთელის ვინაობა.

თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ ეს მანუჩარ მარკოიშვილი იქნება, რომელმაც მადრიდელთა ძლევაში (76:70) 23-ქულიანი წვლილი შეიტანა.

ამ შეხვედრას დიდი გამოხმაურება მოჰყვა როგორც იტალიაში, ასევე ესპანეთში. ქართულ გვარს სტატიების საპატიო ადგილებში ვხვდებით. "გაზეტა დელო სპორტში" მატჩის მიმოხილვაში ერთი ქვეთავია სახელწოდებით "ვარსკვლავური მოთამაშე": "კანტუელების მთავარი მამოძრავებელი იყო მანუჩარ მარკოიშვილი, 23 ქულა ჩააგდო და კიდევ არაერთ კომპონენტში იყო კანტუელთაგან
საუკეთესო".

ესპანურ "სოლობასკეტში" ერთი სტატიის სათაური ასე ჟღერს: "მარკოიშვილმა "რეალი" დაამარცხა". ქვემოთ ვკითხულობთ: "მთავარი მექულეების არადორისა და ფერნანდესის არყოფნაში სროლაში ერთმანეთს მარკოიშვილი და ქეროლი გაეჯიბრნენ. გამარჯვება თავის გუნდს ქართველმა უკანახაზელმა მოუტანა".

იტალიურ გაზეთ "დეილი ბასკეტში" მატჩის მონაწილე თითოეული კალათბურთელი იყო შეფასებული. ყველაზე მაღალი ქულები მანუსა და ტაბუს ერგოთ.

"კანტუს" მწვრთნელმა ანდრეა ტრინკიერიმ "რეალთან" მატჩზე მსჯელობისას მარკოიშვილსაც ვერ აუარა გვერდი:

"მთელმა გუნდმა კარგად ითამაშა. უკანა ხაზში ჩვენი საკვანძო ფიგურა მანუჩარ მარკოიშვილი იყო, ხოლო წინა ხაზში - ჯეფ ბრუკსი.

მართალია მომდევნო ეტაპზე გასვლის მაინც მცირე შანსი გვქონდა, მაგრამ ვეცადეთ ის ბოლომდე გამოგვეყენებინა. ახლა უნდა დაველოდოთ "ფენერბაჰჩეს" თამაშს ათენში და "ფენერთან" უშუალო დაპირისპირებას".

დროა, მანუჩარ მარკოიშვილის ინტერვიუს გავეცნოთ:

- ძალიან გახარებული ვარ. ამ გამარჯვებით ტოპ-16-ში მოხვედრის შანსი შევინარჩუნეთ. დაცვაში დიდებულად გავისარჯეთ, რაც წარმატების გასაღები აღმოჩნდა.

მართალია, შეხვედრის მსვლელობისას არაერთი ჩასაგდები ტყორცნა ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ დაცვამ და გუნდურმა თამაშმა ყველა ნაკლოვანება გადაფარა.

- რას ნიშნავდა "რეალთან" გამარჯვება თქვენთვის?
- ევროლიგაზე ზედიზედ ორი შეხვედრა გვქონდა წაგებული და სწორედ ასეთ ძლიერ მეტოქესთან უნდა გამოჩენილიყო, რომ ჩვენც არ გვყავს ნაკლები გუნდი. ეს ჩვენთვის ფინალი იყო.

მატჩისთვის ყოველმხრივ კარგად მოვემზადეთ და სასიხარულოა რომ შრომა დაგვიფასდა. როგორც აღვნიშნე, წაგების შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე გასვლის ყოველგვარ იმედს ვკარგავდით.

მომდევნო კვირას სტამბულში ასეთივე შემართებით ვიბრძოლებთ, თუმცა მეტოქე მაშინაც სერიოზული გვეყოლება - "ფენერბაჰჩე".

- გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანეთ, 23 ქულა ჩააგდეთ...
- შეტევაში რიგ ეპიზოდებში ყველაფერი კარგად გამოგვდიოდა, ზოგჯერ - პირიქით. ბევრი ტყორცნა მეც ვერ გამოვიყენე. მადლობა ჩემს თანაგუნდელებს, რომლებიც ყველანაირად მეხმარებოდნენ.

რომ არა გუნდური გარჯა, "რეალის" დონის გუნდს ვერ ვაჯობებდით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მანუჩარ მარკოიშვილის 23 ქულა და წაქცეული მადრიდის "რეალი" [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
მალადეც მარკო! მიაწექი, ეგებ გაგვიძლიერდეს მაგრად კალათბურთის სკოლა!!!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული