ორი ლიდერი: "ბუ" და "ბუდიველნიკი"

AutoSharing Option
უკრაინა
მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა მოძმე რესპუბლიკიდან დავიწყოთ. იტალიისგან განსხვავებით, უკრაინის ჩემპიონატის მატჩების ხილვის საშუალება გვაქვს და ვინც "ბუდიველნიკის" შეხვედრებს ადევნებს თვალს, უკმაყოფილო ნამდვილად არ უნდა იყოს.

ავიღოთ თუნდაც "მშენებელთა" ბოლო სამი მატჩი - ჯერ ევროთასზე სტუმრად ლიტვის "პრიენაი" დაამარცხეს, შემდეგ ჩერკასელები დაიბრიყვეს, ბოლოს კი "მიკოლაივს" 82:73 აჯობეს.

სტუმარმა მიკოლაიველებმა საწყისი სამი პერიოდი დამაჯერებლად ჩაატარეს და მესამე მეოთხედის ბოლოსკენ 63:50 დაწინაურდნენ.

მანამდე გიორგი ცინცაძემ ცოტა ითამაშა და როგორც შემდეგ აღმოჩნდა, მწვრთნელი გადამწყვეტი მომენტისთვის ინახავდა.

მეოთხე პერიოდში აინარს ბაგაცკისს "ბუ" (ცინცაძის მეტსახელი)
აღარ შეუცვლია და მასპინძლებმა სწორედ ქართველი გამთამაშებლის გააზრებული მოქმედების შედეგად გამოასწორეს სიტუაცია.

მატჩის 32-ე წუთზე გიორგიმ ჯერ ორქულიანი ჩააგდო, შემდეგ სამიანი და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა - 62:63. სტუმრებმა სისწრაფეაკრეფილი "ბუდიველნიკის" შეჩერება ვეღარ შეძლეს და მეოთხე პერიოდი 27:10 წააგეს.

ცინცაძემ ზემოთ ნახსენებ 5 ქულას ბოლო წუთებზე კიდევ ოთხი მიამატა და ცხრავე ქულა მეოთხე რაუნდში ჩაიწერა. გარდა ამისა, მის ანგარიშზე (22 წუთში) 3 ქულა, 2 პასი და 1 ჩაჭრა იყო.

ამავე ტურში პირველადგილოსანმა "ფერომ" "დნიპროსთან" სტუმრად წააგო (69:76) და სატურნირო ცხრილის ლიდერობა "ბუდიველნიკს" გადააბარა. "მშენებლებს" 21 მატჩიდან 16 აქვთ მოგებული.

ევროტურნირები
ამ ქვეთავში ევროტურნირებზე მოასპარეზე ქართველებზე დავწერთ. გულდასაწყვეტია, რომ სლოვენიის "ოლიმპიასთან" ორი მოულოდნელი მარცხის გამო მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუ" ევროლიგას გამოეთიშა.

კანტუელებმა გასულ კვირას ძლიერ მეტოქესთან, თურქეთის "ფენერბაჰჩესთან" სტუმრად ვერაფერი გააწყვეს და ახლა მხოლოდ იტალიურ სარბიელზე მოუწევთ თამაში.

ვიქტორ სანიკიძის "მონტეპასკიმ" და გიორგი შერმადინის "მაქაბიმ" დროზე ადრე გაინაღდეს ევროლიგის მომდევნო ეტაპზე თამაში.

ეს გუნდები კვლავ ერთ ჯგუფში მოხვდნენ: "მაქაბი", "ბარსელონა", "ხიმკი", "ოლიმპიაკოსი", "მონტეპასკი", "ბეშიქთაში", "ფენერბაჰჩე" და "კახა ლაბორალი".

წლეულს ევროლიგის გათამაშება ახლებური სისტემით მიმდინარეობს: ტოპ-16-ში მოხვედრილი კლუბები ორ 8-გუნდიან ჯგუფად გაიყვნენ. მათგან 4-4 საუკეთესო მეოთხედფინალში იასპარეზებს.

"მონტეპასკის" ევროლიგაზე უახლოესი მატჩი 27 დეკემბერს ელის და შესაძლოა კიდევ ერთხელ ვიხილოთ ქართული დუელი: სანიკიძის გუნდი შერმადინის "მაქაბის" უმასპინძლებს. თუმცა არის ალბათობა, რომ მანამდე გიორგი "მაქაბიდან" სხვა, ისეთ გუნდში გადავიდეს, სადაც მეტი სათამაშო დრო ექნება.

რანგით მეორე ევროშეჯიბრებაა ევროთასი, რომლის მეორე ეტაპზე ორი ქართველი ითამაშებს - გიორგი ცინცაძე და ბექა ბურჯანაძე.

გიორგის "ბუდიველნიკი" ჯგუფში რუსულ "ტრიუმფთან", ჩერნოგორიულ "ბუდუჩნოსტთან" და თურქულ "ბანვიტთან" მოხვდა. ბურჯანაძის "კახასოლსაც" არ ასცდება რუსეთში ჩასვლა: "ლოკომოტივი ყუბანი" (რუსეთი), "პეტერბურგი" (რუსეთი), "ზიელონა გორა" (პოლონეთი). ოთხი ჯგუფის ორ-ორი რჩეული ბრძოლას მეოთხედფინალიდან განაგრძობს.

აზია
ლიბანის ჩემპიონატში დებიუტი ჰქონდა ნიკოლოზ ცქიტიშვილს. ვიდრე ირანიდან კედრების ქვეყანას მიაშურებდა, სკიტამ ჩვენთან ინტერვიუში თქვა - "მაჰანიდან" იმიტომ წამოვედი, რომ სამი უცხოელი ვიყავით და საკმარისი სათამაშო დრო არ მექნებოდაო.

ახალ გუნდში კი დროც ბევრი აქვს და საქმეც: ბოლო მატჩში მოედანზე 40 წუთი გაატარა, ხოლო სადებიუტოში - 30. პირველ შეხვედრაში ნიკამ 8-დან 7 ორქულიანი, 5-დან 4 საჯარიმო გამოიყენა და ორმაგი დუბლით გამოირჩა - 18 ქულა, 10 მოხსნა.

მეორე მატჩში კი "დაბლ-დაბლამდე" ერთი ქულა დააკლდა: 9 ქულა, 15 მოხსნა. როგორც იტყვიან, ამ შემთხვევაში ნიკას სროლა არ წაუვიდა, 11-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო ოთხი მცდელობიდან სამქულიანი ერთხელაც ვერ ჩააგდო.

ნიკას ახალმა გუნდმა "ჩამპვილმა" ორივე მატჩი სტუმრად ჩაატარა და ორჯერვე დამარცხდა.

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული