საქართველოს ეროვნული ნაკრების ამერიკელმა უკანახაზელმა ჯეიკობ პულენმა ჩინებულად ითამაშა ისრაელის ჩემპიონატში, მაგრამ საკუთარი გუნდი დამარცხებისგან მაინც ვერ იხსნა. პულენის "ჰაპოელი" სტუმრად გალილეის "გილბოას" დაუპირისპირდა და 9-ქულიანი მარცხი განიცადა - 78:87.
პულენი იერუსალიმელთა სასტარტო ხუთეულში იყო და კარგადაც თამაშობდა, მაგრამ მწვრთნელმა ის მხოლოდ 18 წუთს დატოვა მოედანზე. არადა, საქართველოს ნაკრების უკანახაზელი საკმაოდ პროდუქტიული იყო. პულენმა 6-დან 4 სამქულიანი ჩააგდო, რასაც 4-ში 1 ორიანი მოაყოლა და მისმა მონაგარმა 14 ქულა შეადგინა. გარდა ამისა, ჯეიკობს 2 პასიც ჰქონდა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა.
5-5
მოგებ-წაგებით იერუსალიმის "ჰაპოელი" ცხრილში მე-6 ადგილზეა. მომდევნო ტურში, 30 დეკემბერს, პულენის გუნდი ელიათის "ჰაპოელს" უმასპინძლებს.
gbf.ge