ვიქტორ სანიკიძის "სიენამ" ევროლიგაზე" გიორგი შერმადინის ყოფილი გუნდი დაამარცხა

AutoSharing Option
წარმატებით დაიწყო ევროლიგის მეორე ჯგუფური ეტაპი - ეგრეთ წოდებული ტოპ-16 - ვიქტორ სანიკიძის "სიენამ".

იტალიურმა კლუბმა გიორგი შერმადინის ყოფილ გუნდ "მაკაბის" 79:69 მოუგო. რაც შეეხება თავად შერმადინს, ის უკვე ბერძნული "ოლიმპიაკოსის" საკუთრებაა, მაგრამ წუხანდელ შეხვედრაში განაცხადში არ ყოფილა.

აქვე ვთქვათ, რომ "ოლიმპიაკოსმა" ესპანეთში, "კახა ლაბორალთან" 74:82 წააგო. 18 ქულით ბერძნულ კლუბში საუკეთესო ვასილის პანულისი იყო, მაკედონიელმა ცენტრმა პერო ანტიჩმა კი თავი 13 ქულას მოუყარა.

"სიენა" და "მაკაბი" პირველ ჯგუფურ ეტაპზეც ერთად იყვნენ და მაშინ მოგებები გაცვალეს. ტოპ-16-ის პირველ ტურში კი
"სიენამ" 79:69 იმარჯვა.

სანიკიძე იტალიური გუნდის სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 19,19 წუთი გაატარა. ქართველმა ფორვარდმა თამაშიდან განხორციელებული სამივე (2 სამიანი) სროლა ააცილა და შეხვედრა უქულოდ დაასრულა.

სამაგიეროდ, სანიკიძე საუკეთესო მეფარე გახდა და სიენელთაგან ყველაზე მეტი ფარიდან ასხლეტილი ბურთი მოხსნა.

მაკაბელთაგან ამ კომპონენტში საუკეთესო რიკი ჰიკმანი იყო. ორივე კალათბურთელს 8-8 მოხსნა დაუგროვდა.

გარდა ამისა, სანიკიძის 2 დაფარება და 1 პასიც გახლდათ. სიენაში 16 ქულითა და 7 პასით საუკეთესო ბობი ბრაუნი გახდა, ბომბარდირ ტონას რესის ანგარიშზე კი 18 ქულა დაგროვდა.

ტურის დარჩენილი მატჩები 28 დეკემბერს გაიმართება. მომდევნო ტური კი 3-4 იანვარს ჩატარდება. "სიენა" სტამბულში "ფენერბაჰჩეს" ეთამაშება, "ოლიმპიაკოსი" კი "ბეშიქთაშსს" უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ პირველი ეტაპიდან გასული 16 გუნდი 2 ჯგუფში გადანაწილდა. გუნდები ჯგუფში ორ წრედ ითამაშებენ და მეოთხედფინალში თითო ჯგუფიდან 4 საუკეთესო გავა.

ევროლიგა. ტოპ-16

E ჯგუფი
ალბა (გერმანია) - რეალი (ესპანეთი) 63:77
უნიკახა (ესპანეთი) - ბროსე (გერმანია) 85:83

F ჯგუფი
ბეშიქთაში (თურქეთი) - ხიმკი (რუსეთი) 75:80
კახა ლაბორალი (ესპანეთი) - ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი) 82:74
სიენა (იტალია) - მაკაბი (იტალია) 79:69

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული