ზაზა ფაჩულია "ატლანტას" გამარჯვებაში დაეხმარა

AutoSharing Option
წარმატებულ სვლას აგრძელებს ზაზა ფაჩულიას გუნდი. "ატლანტა ჰოუქსმა" მომდევნო მატჩი დღეს, გამთენიისას, კლივლენდში მოიგო.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, რომლის ბედიც ქართველი კალათბურთელის დახმარებით ბოლო მეოთხედში გადაწყდა.

საბოლოოდ ატლანტელებმა 102:94 იმარჯვეს და აღმოსავლეთ კონფერენციაშ მე-3 ადგილს მყარად ინარჩუნებენ.

ბოლო მეოთხედის წინ მასპინძლები წინ იყვნენ. მესამე პერიოდის 26:20 მოგების შემდეგ კაილი ირვინის "კლივლენდი" 80:75 დაწინაურდა. ბოლო 12-წუთეული ატლანტელებმა 27:14 მოიგეს და სეზონის 27-ე მატჩში მე-18 მატჩი მოიგეს.

ბოლო მეოთხედში ფაჩულიამ ოთხივე საჯარიმო ზუსტად შეასრულა, 2 პასი გაიღო და 2 ბურთი მოხსნა. ერთი
სიტყვით, კლივლენდელთა გატეხვაში ქართველ ცენტრს სოლიდური წვლილი მიუძღვის, რაზეც ისიც მოწმობს, რომ მთელი ბოლო 12-წუთეული ზაზამ მოედანზე გაატარა.

მთლიანობაში ფაჩულიამ სათადარიგოთაგან ყველაზე მეტი, 26 წუთი ითამაშა. ზაზამ 4-დან 2 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. თავი 9 ქულას, 7 მოხსნას, 2 პასს და 1 ჩაჭრას მოუყარა, ბურთი კი არ დაუკარგავს.

ატლანტელთა ყველაზე შედეგიანი მოთამაშე 27 ქულისა და 8 პასის მიმთვლელი ჯეფ ტიგი გახდა.

"ატლანტა" უკვე კვირაზე მეტია, აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა და როგორც ჩანს, ამ საბოლოოდ ამ ადგილზე ნაკლები არ დააკმაყოფილებს.

ოდნავ გაიუმჯობესა სატურნირე ვითარება და აღმოსავლეთში მე-7 პოზიციაზე ავიდა თორნიკე შენგელიას "ბრუკლინი", რომელმაც დღეს უსახური "შარლოტი" 97:81 ისე დაამარცხა, ქართველი ფორვარდის დახმარება არ დასჭირვებია.

შენგელია განაცხადში არ იყო, თორემ მოედანზე გასვლა სავარაუდოდ მოუწევდა, რაკი მატჩის ბედი ნაადრევად გაირკვა და მწვრთნელმა ყველა სათადარიგო ათამაშა.

აქვე ვთქვათ, რომ აივერი ჯონსონის გაშვების შემდეგ ბრუკლინელებს მისი ასისტენტი პიჯეი კარლისიმო მოძღვრავს.

მომდევნო მატჩში ატლანტელებს სერიოზული გამოცდა ელით. 29 დეკემბერს ფაჩულიას გუნდი აღმოსავლეთში მე-4 ადგილზე მყოფ "ინდიანას" უმასპინძლებენ, ხოლო "ბრუკლინი" ამავე დღეს "კლივლენდს" უმასპინძლებს.

www.gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული