რას ეტყვის გიორგი შერმადინი "პანას" ქომაგს და როგორ შეხვდებიან "მწვანეების" ფანები მას?

AutoSharing Option
საფეხბურთო "ბარსელონადან" "რეალში" გადასულ ლუიშ ფიგუს მატჩისას ღორის თავი რომ გადაუგდეს, ცნობილი ამბავია.

"ბარსასა" და "რეალის" გარდა, მსოფლიო მასშტაბის კიდევ არაერთ "სამკვდრო-სასიცოცხლო" დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. გავიხსენოთ თუნდაც 2009 წლის საბერძნეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალი, როცა გაცოფებული გულშემატკივრების მიერ ნატყორცნი პეტარდების კვამლიდან ძლივს დააღწია თავი გიორგი შერმადინის "პანათინაიკოსმა". მისი მეტოქე "ოლიმპიაკოსი" იყო...

ცხადია, ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც აქვს მორგებული "პანას" თუ "ოლიმპიაკოსის" მაისური, საპირისპირო ბანაკში გადასვლის შემდეგ გულშემატკივრის სიყვარულს ნამდვილად არ უნდა ელოდეს.

ამ თემას ბერძნულ პრესაში სპეციალური სტატია მიეძღვნა,
რომელშიც ნათქვამია, რომ შერმადინი მეცამეტეა, რომელმაც "პანათინაიკოსის" შემდეგ "ოლიმპიაკოსის" წითელი ფორმა მოირგო.

დაველოდოთ გიორგის ათენში ჩასვლას და ქომაგთა რეაქციას. არადა, "მწვანეების" გულშემატკივარს ახალგაზრდა ქართველი ცენტრისადმი დიდი სიმპათია გააჩნდა, რაც 2010 წელს გამოჩნდა: სლოვენიის "ოლიმპიაში" განათხოვრებულ გიორგის ევროლიგის მატჩისთვის ათენში დაბრუნება და "პანათინაიკოსთან" დაპირისპირება მოუწია. ტრიბუნებზე გადმოფინეს პლაკატი: "შერმა, შენი სახლი აქაა".

Sportall.Ge

ბერძნულ სტატიას, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ, ასე ჰქვია: "შერმადინი წითლად შეღებილი მეცამეტე მწვანეა". შესავალში აღნიშნულია, რომ რამდენიმე თვის წინათ ათენიდან პირეოსში სტრატოს პერპეროგლუ გადავიდა...

"...არ გასულა სამი თვე, რომ "ოლიმპიაკოსში" გიორგი შერმადინი ჩაირიცხა. სხვათა შორის, 23 წლის ქართველი, ისევე, როგორც პერპეროგლუ და ვასილის სპანულისი, ჟელიმირ ობრადოვიჩის მიერ გაწვრთნილი ლეგენდარული "პანათინაიკოსის" წევრები იყვნენ.

ახლა ისინი პირეოსულ გუნდში კიდევ ერთხელ შეიყარნენ.

შერმადინმა 2008-09 წლების ევროლიგაზე სულ ერთი მატჩი ითამაშა, მომდევნო სეზონში - 12, თუმცა იგი ჯერ სლოვენიის "ოლიმპიაში" გაანათხოვრეს, 2011-12 წლების სეზონში კი იტალიურ "კანტუში" გამოიჩინა თავი.

მიმდინარე სეზონის დასაწყისში იგი "მაქაბიმ" აიყვანა, მაგრამ შუა სეზონში "ოლიმპიაკოსში" აღმოჩნდა. სხვათა შორის, ამ ტრანსფერით "მწვანეებიდან" "წითლებში" გადასულთა რიცხვი იმდენად გაიზარდა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ახლო მომავალში "ოლიმპიაკოსიდან" "პანათინაიკოსში" გადასულებმა აჯობონ - ასეთი "მხოლოდ" 9 კალათბურთელია, მათ შორის შორციანიტისი, ვუგიუკასი..."


(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გიორგი შერმადინი: "ოლიმპიაკოსის" წინადადებაზე არც დავფიქრებულვარ
ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში: ჩვენც გვყავს ჰალკი
რატომ თამაშობს გიორგი შერმადინი კლუბებში უკეთ, ვიდრე ნაკრებში?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული