ზაზა ფაჩულიამ კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი "ბრუკლინთან" ჩაატარა

AutoSharing Option
17 იანვარს NBA-ში ქართულ დერბის ველოდით, თუმცა ბრუკლინელი თორნიკე შენგელია მწვრთნელმა "ატლანტასთან" მატჩის განაცხადში არ შეიყვანა.

ეს, რა თქმა უნდა, არ მოეწონა ატლანტელთა ქართველ ცენტრ ზაზა ფაჩულიას, რომელიც თორნიკეს მატჩამდე საკუთარ სახლში გულთბილად შეხვდა და მასთან შეხვედრა მოედანზეც სურდა.

ფაჩულია ჯოშ სმიტის დისკვალიფიკაციის გამო სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და ზაზამ კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ქართველ ცენტრს სამმაგ დუბლამდე 2 პასი დააკლდა.

8 შედეგიანი გადაცემა ფაჩულიასთვის თავისთავად კარიერის რეკორდია. აქამდე ზაზას საუკეთესო შედეგი 7 პასი იყო, რომელიც ქართველმა ცენტრმა წინა სეზონში,
16 მარტს, "ვაშინგტონის" წინააღმდეგ მოაგროვა.

17 იანვარს, გამთენიისას კი, ფაჩულიამ ეს შედეგი ერთით გააუმჯობესა და კიდევ 2-იც რომ მიეთვალა, სამმაგ დუბლს გაიფორმებდა.

ფაჩულია სასტარტო ხუთეულში ჯოშ სმიტის არყოფნის გამო იმყოფებოდა. ერთ-ერთი ლიდერის არყოფნა, მით უფრო მაშინ, როცა გუნდმა ბოლო 7 მატჩიდან 6 წააგო, ატლანტელებს ურთულეს სიტუაციაში აყენებდა.

მაგრამ მასპინძელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ მებრძოლი სულისკვეთება გამოავლინეს და ამ ავბედით ჟამს ლიგის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გუნდი დაამარცხეს.

"ბრუკლინს" ბოლო 7 მატჩი მოგებული ჰქონდა და ატლანტაშიც, ცხადია, მოსაგებად ჩავიდა, მაგრამ ფაჩულიას გუნდმა დიდებულად ითამაშა და საბოლოოდ 109:95 გაიმარჯვა.

ამ წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართველ ცენტრს. ფაჩულიამ 39 წუთი ითამაშა და 13 ქულა, 11 მოხსნა, 8 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა.

ზაზამ 8-დან 5 ორქულიანი ჩააგდო, რასაც 6-დან 3 საჯარიმოც მოაყოლა. ატლანტელთაგან საუკეთესოდ ჯეფ ტიგი დასახელდა, რომელმაც 28 ქულა და 11 პასი მოაგროვა.

ამ მოგების შემდეგ "ატლანტა" აღმოსავლეთის ცხრილში ბრუკლინელებს მიუახლოვდა. ამ 2 გუნდს შორის სხვაობა 1 გამარჯვებაა - მეხუთეზე მყოფ ბრუკლინს 23 მოგება და 16 მარცხი აქვს, ხოლო ატლანტელთა მონაგარის შეფარდება ასეთია: 22-16.

მაშ ასე, ქართველები მოედანზე ერთმანეთს ვერ შეხვდნენ, თუმცა ამის შანსი მომდევნო მატჩშივეა: 18 იანვარს ამ გუნდების მატჩი უკვე ბრუკლინში შედგება.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული