მანუჩარ მარკოიშვილი "გალათასარაიში" - გალა-წარმოდგენა იწყება!

AutoSharing Option
გაცნობეთ, რომ იტალიურ "კანტუში" მოასპარეზე მანუჩარ მარკოიშვილმა თურქული "გალათასარაისგან" მეგა-შეთავაზება მიიღო.

მას შემდეგ მოვლენები უსწრაფესად განვითარდა: 28 იანვარს მანუმ თურქულ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რის შემდეგაც უმალ სტამბულში გაემგზავრა.

წინა ნომერში ისიც დავწერეთ, რომ მანუჩარის "კანტუს" ფინანსური პრობლემები შეექმნა და ტრანსფერის დაჩქარებას ამანაც შეუწყო ხელი.

ამ თემაზე ვრცელი სტატია მოამზადა "დეილიბასკეტის" ჟურნალისტმა კარლო პეროტიმ. იგი ესაუბრა გუნდის პრეზიდენტს ანა კრემასკოლის, რომელმაც გულისტკივილით ილაპარაკა:

"ზოგჯერ არის შემთხვევა, როცა უნდა გადადგა ისეთი ნაბიჯი, რაც შენს სურვილს ეწინააღმდეგება. მტკივნეული, ძალიან მტკივნეული იყო მანუჩარის
გუნდიდან გაშვება. ის შესანიშნავია როგორც სპორტსმენი და როგორც პიროვნება".

პრეზიდენტმა გუნდში არსებულ სიტუაციაზეც იმსჯელა:

"სპონსორთან შეხვედრამ უამრავი კითხვა დამიტოვა, როგორც ახალ დარბაზთან, ასევე გუნდის მომავალთან დაკავშირებით. მანუჩარის გაშვებაც ამან გადაგვაწყვეტინა.

დღეს ძალიან ნაღვლიანი დღეა, თუმცა ამავე დროს, ვამაყობთ, რომ ჩვენი კალათბურთელი გადავიდა ისეთ ძლიერ გუნდში, როგორიც "გალათასარაია".

მარკოიშვილს დიდი მადლობა ეკუთვნის იმ საქმისთვის, რაც ბოლო წლებში "კანტუს" გაუკეთა. შეიძლება ითქვას, იგი ჩვენი წარმატების სიმბოლოდ იქცა და აუცილებლად დაიკავებს საპატიო ადგილს "კანტუს" უდიდეს კალათბურთელთა შორის.

ახლა კობი ბრაიანტი რომ ჩამოვიყვანოთ, ისე არ გამეხარდება, როგორც მანუჩარის დარჩენა".

ჩვენი მხრივ, მადლობა უნდა ვუთხრათ ჟურნალისტ კარლო პეროტის, რომელმაც "კანტუს" პრეზიდენტის ქართველი კალათბურთელისადმი დამოკიდებულება ზედმიწევნით კარგად გაგვაცნო.

კვირას, "რომასთან" მატჩის ("კანტუ" 60:65 დამარცხდა) შემდეგ, ლომბარდიელთა მთავარ მწვრთნელ ანდრეა ტრინკიერის ჰკითხეს: გუნდის განწყობაზე მანუჩარ მარკოიშვილთან დაკავშირებულმა ამბავმა ხომ არ იმოქმედაო.

მწვრთნელმა უარყოფითი პასუხი გასცა და იქვე დასძინა, მანუჩარის ტრანსფერზე ლაპარაკისგან ახლა თავს შევიკავებო.

ისღა დაგვრჩენია, შეგახსენოთ, რომ 2011 წელს, NBA-ს ლოკაუტის დროს "გალათასარაიში" ზაზა ფაჩულია თამაშობდა. გუნდი თურქეთის ჩემპიონატში მესამე ადგილზეა (13 მოგება, 3 მარცხი), ხოლო ევროთასზე მეოთხედფინალში მოხვედრისთვის იბრძვის: ჯგუფში რუსულ "უნიქსთან", სერბულ "ცრვენა ზვეზდასთან" და გერმანულ "ულმთან" თამაშობს.

"გალათასარაის" სამი ტურის შემდეგ 2 მოგება აქვს. სტამბულელები უახლოეს მატჩს 30 იანვარს გერმანიაში "ულმის" წინააღმდეგ ჩაატარებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მანუჩარ მარკოიშვილმა "გალათასარაისთან" 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
მანუჩარ მარკოიშვილის 23 ქულა და წაქცეული მადრიდის "რეალი" [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული