ქართველები ევროთასებზე: მარკოიშვილის მარცხიანი დებიუტი, ცინცაძის გასროლა ჩერნოგორიაში

AutoSharing Option
მანუჩარ მარკოიშვილმა იტალიურ "კანტუში" ბოლო მატჩი 27 იანვარს ითამაშა, 30 იანვარს კი თურქულ "გალათასარაიში" დებიუტი ჰქონდა.

მისი სტამბულურ გუნდში გადასვლით ერთგვარი ქართული რეკორდი დამყარდა - ევროთასის ტოპ-16-ში აქამდე ერთდროულად არ უთამაშია სამ ქართველს.

გიორგი ცინცაძემ ჩერნოგორიაში მეტად შედეგიანი მატჩი ჩაატარა, ხოლო ბექა ბურჯანაძე რუსეთში, ყუბანის "ლოკომოტივთან" შეხვედრაში ესპანური "კახასოლის" სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა. ეს ბექასთვის დიდ კალათბურთში პირველი ხუთეული იყო.

ყუბანური მარცხი
ყველაზე ადრე ყუბანური მატჩი გაიმართა. სევილიელებს წინა ტურში "ლოკომოტივთან" შინ ჰქონდათ წაგებული და რუსეთში რევანშისთვის ჩავიდნენ. კარგადაც დაიწყეს, მესამე
პერიოდამდე იგებდნენ, მაგრამ ბოლოს მასპინძლებმა გადაწონეს და 83:72 გაიმარჯვეს.

ბურჯანაძემ 10 წუთში 2 ქულა (1/1 ორქულიანი), 1 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ 18 წლისაა, მეტად თამამად თამაშობდა.

შეიძლება ითქვას, რომ მას მაღალი დონის კალათბურთელობამდე გამოცდილებაღა უკლია, რაც სათამაშო პრაქტიკას მოაქვს.

ეს იყო "კახასოლის" მეოთხე მარცხი ტოპ-16-ში.

Sportall.Geბუდიველნიკის რევანში
ასევე შინ ჰქონდა წაგებული ჩერნოგორიულ "ბუდუჩნოსტთან" ცინცაძის "ბუდიველნიკს". საპასუხო შეხვედრაში უკრაინელები მესამე პერიოდში 14 ქულის სხვაობითაც აგებდნენ, მაგრამ ბოლო მეოთხედში მასპინძლებს შანსი არ დაუტოვეს და სრულფასოვანი რევანშიც აიღეს - 77:75.

თამაშის შემოტრიალებაში დიდი წვლილი მიუძღვის გიორგი ცინცაძეს, რომელიც მწვრთნელს ბოლო 15 წუთში არ შეუცვლია. მან საბოლოოდ 32 წუთში 12 ქულა (6-დან 5 ორქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 2 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 7 პასი მოაგროვა.

ამ მოგებით "ბუდიველნიკმა" ჯგუფში პირველ ადგილზე გადაინაცვლა და მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

მას 3 მოგება აქვს (1 მარცხი), ხოლო მდევრებს - "ბუდუჩნოსტსა" და "ბანვიტს" (თურქეთი) - 2-2 მოგება-წაგება. ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი.

ულმობელი გერმანელები
გერმანიის "ულმთან" სტუმრად ითამაშა მარკოიშვილის ახალმა კლუბმა "გალათასარაიმ". სამმა პერიოდმა მეტ-ნაკლებად თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა. მანუს სამქულიანის შემდეგ მეოთხე პერიოდის წინ თურქებმა სხვაობა სამამდე შეამცირეს (53:56).

თუმცა გადამწყვეტ ათწუთეულში გერმანელებმა იფეთქეს და "გალა" 91:70 დაამარცხეს.

მანუჩარმა სადებიუტო მატჩში 22 წუთი ითამაშა, 8 ქულა (6-დან 2 სამქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო) და 2 მოხსნა მოაგროვა.

L ჯგუფში მეოთხე ტურის შემდეგ საინტერესო ვითარებაა - ოთხივე გუნდს 2-2 გამარჯვება აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული