მისთვის უმალ გამოიძებნა ახალი კლუბი - ლიბანის "ჩამპვილი". ბეირუთელთა შემადგენლობაში ცქიტიშვილმა კარიერა როგორ ააწყო, აქამდეც დაგვიწერია, მაგრამ ლიბანში გადასვლის შემდეგ იგი ჩვენი გაზეთის მკითხველს არ შეხვედრია.
აზიურ თავგადასავლებზე ნიკოლოზ ცქიტიშვილი ინტერვიუში მოგვითხრობს.
- რამდენად კმაყოფილი ხარ ლიბანური კარიერით?
- უკმაყოფილების საბაბი ნამდვილად არ მაქვს. შეიძლება ითქვას, რაც კარიერაში დავკარგე, აზიაში გადმოსვლით ვინაზღაურებ.
თითქოს ყველაფერი თავიდან
"ჩამპვილში" კალათბურთელებიც ძალიან მეგობრულები არიან და მწვრთნელიც ბოლომდე მენდობა.
- "ჩამპვილი" სატურნირო მდგომარეობას ნელ-ნელა იუმჯობესებს. სეზონის დასაწყისში რა იყო წარუმატებლობის მიზეზი?
- საერთოდ, კარგი გუნდია, თუმცა თავიდან სერიოზული ჩავარდნა ჰქონდა. საქმე ისაა, რომ ჩემამდე ამერიკელი ლეგიონერი დუეინ ჯონსი ჰყავდათ, რომელსაც ამერიკის ნაციონალურ ასოციაციაში 9 წელი აქვს გატარებული. იგი ჩინეთშიც ეფექტურად თამაშობდა, საშუალოდ 18 მოხსნა ჰქონდა, თუმცა "ჩამპვილში" ვერ ათამაშდა. არადა, გუნდში მნიშვნელოვანი ფუნქცია ჰქონდა.
- გამოდის, რომ ლიბანის ჩემპიონატში დიდ როლს ლეგიონერები თამაშობენ...
- ნამდვილად ასეა. ადგილობრივი კალათბურთელებიდან უმაღლესი დონისა ბევრი არ არის. ერთ-ერთი მათგანი ჩემს გუნდში თამაშობს - ჰატიბი, რომელიც 34 წლისაა, ლიბანელთათვის ცოცხალი ლეგენდაა, ისეთივე ენერგიულობითა და სიზუსტით გამოირჩევა, როგორც კარიერის პიკში მყოფნი.
ამას წინათ გაიმართა ვრანკოვიჩის სახელობის თასი, რომელშიც ირანი ლიბანს დაუპირისპირდა. ზოგადად რომ შევაფასოთ, ირანელები ბევრად აღემატებიან ლიბანელებს, მაგრამ იმ დღეს ჰატიბი ვერ შეაჩერეს და მოხდა სასწაული, სპარსელები დამარცხდნენ.
- იანვარში თამაშები მეჩხერად გქონდათ. რა იყო მიზეზი?
- საქმე ისაა, რომ ნაკრებები აზიის თასისთვის ემზადებიან და ჩემპიონატებშიც ამიტომაა შესვენებები. სხვათა შორის, ნატურალიზებისთვის კალათბურთელებს რომ არჩევდნენ, პირველ რიგში, მე შემომთავაზეს. თუმცა ვუთხარი, რომ ფიბას წესებით, ამის უფლება არ მაქვს.
რაც შეეხება ლიბანის ჩემპიონატს, უახლოესი მატჩი 13 თებერვალსაა და მას კიდევ სამი მოჰყვება. ზედიზედ ვეთამაშებით "ბიბლოსს", "ალ რიადს", "საჯესს", "მუტაჰედს". მათგან ყველას აქვს მედლებისთვის ბრძოლის პრეტენზია და ზემოთ ნახსენები ოთხი მატჩი ბევრს გადაწყვეტს.
- ლიბანში ცხოვრებასაც შეეგუე?
- თუ მკითხველი გადამეტებულ შედარებად არ მიიღებს, ვიტყვი, რომ ბეირუთი ქალაქ ბარსელონას ჰგავს, ძველი და ახალი არქიტექტურა ერთმანეთთან კარგადაა შერწყმული, ზღვის პირასაა. მოკლედ, ცხოვრების პირობების მხრივ, ყველაფერი წესრიგშია. ამ მხრივაც კმაყოფილი ვარ.
- ალბათ, ჩვენი ნაკრების კალათბურთელთა ევროპაში გამოსვლასაც ადევნებ თვალს...
- გამიხარდა მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუდან" "გალათასარაიში" გადასვლა. შესაძლოა, მას იტალიაში მეტი ნდობა ჰქონდა (რაც მეტ დროს ატარებ ერთ გუნდში, მით მეტად იზრდება ნდობა) და ლიდერიც იყო, მაგრამ დღევანდელი საზომებით, თურქეთის ჩემპიონატი იტალიისას სჯობს.
ვიქტორ სანიკიძე "ვირტუსიდან" ევროლიგის "მონტეპასკიში" რომ გადავიდა, თავიდან ჩვეული შედეგიანობით ვერ თამაშობდა, რადგან იქ ყველა უმაღლესი დონის კალათბურთელი დახვდა, თუმცა იგი მალევე ათამაშდა ჩვეულ სტილში.
დარწმუნებული ვარ, მარკოიშვილიც იტყვის თავის სიტყვას "გალათასარაიში".
- კარიერის განმავლობაში შენც ხშირად გიწევდა კლუბების გამოცვლა...
- ეს იოლი საქმე არ არის. დიდი გამოცდილება დამიგროვდა. ყოველთვის კარგად უნდა გააცნობიერო, სად და რისთვის მიდიხარ, რადგან ერთმა ნაბიჯმა შესაძლოა უკან მნიშვნელოვნად დაგწიოს. ეგებ ერთმა გუნდმა 100 ან 200 ათასით მეტი შემოგთავაზოს, მაგრამ წასვლა არ ღირდეს.
- რატომ?
- ყოფილა შემთხვევები, როცა კალათბურთელი უკეთეს გუნდში, უკეთესი კონტრაქტით გადასულა, მაგრამ ფეხი ვერ მოუკიდებია და ყველაფრის ახლიდან დაწყება დასჭირვებია. ერთწლიანი ჩავარდნის შემდეგ მისი სატრანსფერო ღირებულებაც საგრძნობლად დაწეულა.
- საქართველოს ნაკრებზეც გკითხავ. იგორ კოკოშკოვთან ხომ არ გილაპარაკია?
- ნაკრების მწვრთნელთან არ მისაუბრია. ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა დამირეკა და სანაკრებო საკითხებზეც ვიმსჯელეთ. მითხრა, რომ გუნდში ჩემი დაბრუნება სურს.
ყველას კარგად მოეხსენება, რომ შემადგენლობასთან დაკავშირებულ საკითხებს მთავარი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი წყვეტს. გასულ ზაფხულს სწორედ მან ჩათვალა საჭიროდ ჩემი არგამოძახება და თუ დავჭირდები, ისევ და ისევ მან უნდა დამირეკოს.
ვთვლი, რთულ ჯგუფში მოვხვდით, თუმცა, როგორც არასდროს, ახლა ძლიერი გუნდი გვყავს და საერთო ძალისხმევით ნამდვილად შეიძლება ევრობასკეტზე წარმატებაზე ფიქრი.
დოსიე
ნიკოლოზ ცქიტიშვილი
დაიბადა: 14.04.1983
სიმაღლე: 215 სმ
პოზიცია: ფორვარდი
გუნდი: ჩამპვილი (ლიბანი)
საკლუბო კარიერა
1997-98 სოხუმის "კოლხა"
1998 თსუ
1999 "სტუ-ჯეოსელი"
1999-01 სლოვენიის "სლოვანი"
2001-02 იტალიის "ბენეტონი"
2002-04 "დენვერ ნაგეთსი" (NBA)
2004 "გოლდენ სტეიტ უორიორზი" (NBA)
2005 "მინესოტა ტიმბერვულვზი" (NBA)
2006 "ფინიქს სანსი" (NBA)
2006 "ნიუ იორკ ნიქსი" (NBA)
2007 ესპანეთის "კახასოლი"
2007-08 იტალიის "ტერამო"
2008-09 ესპანეთის "ფუენლაბრადა"
2009 საბერძნეთის "პანიონიოსი"
2009-10 ესპანეთის "ფუენლაბრადა"
2010-11 ესპანეთის "ლაგუნ არო"
2011-12 ირანის "მაჰრამი"
მიღწევები
2001 სლოვენიის მესამე პრიზიორი
2002 იტალიის ჩემპიონი
2002 NBA-ს დრაფტზე "დენვერმა" მე-5 ნომრად აირჩია
2012 ირანის ჩემპიონი
2012 დასავლეთ აზიის თასის მფლობელი
2011 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"