გიორგი შერმადინი: "ოლიმპიაკოსში" ადაპტაციის პრობლემა არ მქონია

AutoSharing Option
ბერძნულ გამოცემა "გაზეტაში" გამოქვეყნდა ინტერვიუ საქართველოს ნაკრებისა და "ოლიმპიაკოსის" ცენტრ გიორგი შერმადინთან.

იგი ლაპარაკობს როგორც "პანათინაიკოსთან" დაპირისპირებებზე, ასევე, მანძარისის ტრავმასა და "ოლიმპიაკოსში" თავის სამომავლო მიზნებზე.

"საბერძნეთში გუნდის დასახმარებლად ჩამოვედი. ვეცდები, "ოლიმპიაკოსისთვის" მაქსიმუმი გავიღო, შესაძლებლობები სრულად გამოვავლინო მხოლოდ იმისთვის, რომ გუნდმა მოიგოს.

თვეზე მეტია, რაც პირეოსში ვარ და მიხარია, რომ ადაპტაციის პროცესმა წარმატებით ჩაიარა. არანაირი პრობლემა არ მქონია, ყველა მხარში მიდგას.

ბოლო დროს "ოლიმპიაკოსის" ირგვლივ მოვლენები ელვის სისწრაფით ვითარდება, მოგებას მოგება ენაცვლება. ამასთან, გუნდს ტრავმები არ სცილდება...

განსაკუთრებული ფასი ჰქონდა ევროლიგაზე
"ფენერბაჰჩესთან" საშინაო გამარჯვებას.

თურქული გუნდის დამარცხებისთვის რამე საიდუმლო იარაღი არ გამოგვიყენებია. მარტივია: როცა გუნდურად შრომობ, თავს არ ზოგავ, თამაშზეც დადებითად ისახება.

ევროლიგისა თუ საბერძნეთის ჩემპიონატის მატჩებში თითოეული ოლიმპიაკოსელი მეორის გვერდში დგას და ამიტომაც გვაქვს შედეგი.

რაც შეეხება "ფენერბაჰჩესთან" შეხვედრას, დამატებითი სტიმული გვქონდა - თამაში მანძარისს მივუძღვენით, რომელიც ტრა
ვმის გამო ვერ გვეხმარება. მისი არყოფნა გუნდისთვის დიდი დანაკლისია.

მანძარისის ტრავმის შესახებ რომ გავიგე, ძალიან მეწყინა, მაგრამ როცა შევიტყვეთ, რომ საქმე მეტად სერიოზულადაა, მთელი გუნდი შოკირებული იყო".


ამ სეზონში "ოლიმპიაკოსის" მაისურით გიორგი ორ ისეთ გუნდს დაუპირისპირდა, რომლებშიც მანამდე თამაშობდა - ისრაელის "მაქაბისა" (ევროლიგაზე) და ათენის "პანათინაიკოსს". ბერძენი ჟურნალისტი დაინტერესდა, რას გრძნობდა შერმადინი, როცა მოედანზე გადიოდა.

"ვერ ვიტყვი, განსაკუთრებული გრძნობა დამეუფლა-მეთქი. ისეთივე განწყობით გავედი სათამაშოდ, როგორც სხვა შეხვედრებში. ვცდილობდი, გუნდის წარმატებაში საკუთარი წვლილი შემეტანა. თელ-ავივში მართლაც ოქროს ორი ქულა მოვიპოვეთ".

ბოლო კვირაში "ოლიმპიაკოსმა" "პანათინაიკოსის" წინააღმდეგ ორჯერ ითამაშა. ჯერ საბერძნეთის ჩემპიონატში (პირეოსელებმა მოიგეს), შემდეგ საბერძნეთის თასის ფინალში (გამარჯვება ათენელებს დარჩათ).

აი, რას ამბობს ბერძნულ "კლასიკოზე" გიორგი შერმადინი:

"როცა ერთმანეთს ასეთი დონის გუნდები ხვდებიან, ყველაფერს დაცვა წყვეტს. ამას ჩვენი მწვრთნელი ყოველთვის გვეუბნება.

განსაკუთრებით, "პანათინაიკოსთან" შეხვედრებში გვჭირდება ენერგიის ბოლომდე დახარჯვა, რათა მეტოქეს საკუთარი თამაშის ჩვენების შესაძლებლობა არ მიეცეს და სათამაშო რიტმიდან ამოვარდეს.

დავალებებს როდის როგორ ვასრულებთ, შედეგებიდანაც ჩანს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გიორგი შერმადინის "ოლიმპიაკოსი" საბერძნეთში პირველობას არავის უთმობს
გიორგი შერმადინმა "ფენერბაჰჩეს" სძლია, ვიქტორ სანიკიძე "ბარსელონასთან" ვერას გახდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული