ქართული ლეგიონის კვირა: მეოთხედფინალის ზღურბლზე

AutoSharing Option
თურქეთი
მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა ჩვენი მეზობელი ქვეყნიდან დავიწყოთ, სადაც მანუჩარ მარკოიშვილმა გასულ კვირას ორი განსხვავებული მატჩი ჩაატარა.

17 თებერვალს "გალათასარაის" მაისურით "ეფესი" დაამარცხა, თუმცა ჯარიმების სიუხვის გამო მანუმ მხოლოდ 11 წუთი ითამაშა.

სამაგიეროდ, სწორედ 11 ქულა მოაგროვა ევროთასზე რუსულ "უნიქსთან" გასვლით შეხვედრაში.

თურქეთის ჩემპიონატში "გალა" საუკეთესო სამ გუნდს შორისაა და პირველადგილოსანს მხოლოდ ერთი მოგებით ჩამორჩება. ევროთასზე კი მეოთხედფინალში მოსახვედრად აუცილებელია, ჯგუფში პირველი ან მეორე ადგილი დაიკავოს.

ხუთი ტურის შემდეგ თურქებს 2 გამარჯვება აქვთ და ბოლო ტურში შინ სერბული "ცრვენა ზვეზდას"
(მასაც 2 მოგება, 3 მარცხი) დამარცხება მართებთ. თუმცა, ბევრი რამ ჯგუფის მეორე შეხვედრაზეც იქნება დამოკიდებული - "ულმი"-"უნიქსი" (ამ ორ გუნდს 3-3 გამარჯვება აქვს).

ჯგუფში სიტუაცია ჩახლართულია. ამიტომ ყველა ვარიანტის განხილვას არ მოვყვებით. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ თუ პლეი ოფში თამაში უნდა, "გალათასარაიმ" 19 თებერვალს (22:00 საათზე) "ზვეზდა" უნდა დაამარცხოს, ხოლო "ულმსა" და "უნიქსს" შორის რუსების გამარჯვება აძლევს ხელს.

ასეთ შემთხვევაში პირველზე "უნიქსი" აღმოჩნდება, მეორეზე - "გალა" (ურთიერთშეხვედრებში მოგებათა რაოდენობით "ულმსაც" აჯობებს და "ცრვენა ზვეზდასაც").

უკრაინა
ასევე მოგების შემთხვევაში გავა ევროთასის მეოთხედფინალში გიორგი ცინცაძის "ბუდიველნიკი". მისი მეტოქე ბოლო ტურში (ოთხშაბათს) რუსული "ტრიუმფი" იქნება. მატჩი კიევში შედგება.

მოკლედ, უკრაინელთა ბედი მათსავე ხელშია.

უკრაინის ჩემპიონატში "ბუდიველნიკს" საქმე უკეთესად აქვს - მისი შემჩერებელი დიდი ხანია, აღარ გამოჩენილა. 30 ტურის შემდეგ 23 გამარჯვებით კიეველები ცხრილის ზედა საფეხურზე არიან. მათ ბოლო ტურში "ფერო" სტუმრად დაამარცხეს.

როგორც ხშირად, ამჯერადაც სტაბილურად ჩაატარეს მეორე ტაიმი.

ესპანეთი
ევროთასზე მესამე ქართველიც თამაშობს - ბექა ბურჯანაძე, რომლის "კახასოლს" ჯგუფიდან გასვლის შანსი დიდი ხანია, გადაეწურა. სამაგიეროდ, ბექას აქვს მეტი თამაშის შანსი.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას მან 12 წუთში სამი სამქულიანი გამოიყენა, ერთი ორიანი მიამატა და 11 ქულას გამორჩა.

იტალია
იტალიის მესამე ლიგის "ომენაში" გადასვლის შემდეგ პირველი მარცხი განიცადა ნიკა მეტრეველმა, რომლის გუნდმა "ბენაკისტასთან" 79:88 დათმო.

მატჩის სრული სტატისტიკა შეჯიბრების ოფიციალურ საიტზე არ გამოქვეყნებულა, ამიტომ მხოლოდ ის ვიცით, რომ ნიკამ 19 ქულა ჩააგდო.

18 თებერვალს ღამით ითამაშა ვიქტორ სანიკიძემ. "მონტეპასკის" იტალიის ჩემპიონატში ჰაერივით სჭირდება გამარჯვებები, რადგან სატურნირო ცხრილში მისთვის შეუფერებელ მესამე პოზიციაზეა.

სამაგიეროდ, სიენელები ევროლიგაზე თამაშს თამაშზე იგებენ და პლეი ოფთანაც ახლოს არიან. გასულ კვირას მათ "კახა ლაბორალს" სძლიეს, თუმცა სანიკიძემ მხოლოდ 6 წუთი ითამაშა.

საბეძნეთი
ევროლიგაზე საოცარ გამარჯვებას მიაღწია გიორგი შერმადინის "ოლიმპიაკოსმა", რომელმაც რუსულ "ხიმკის" სტუმრად აჯობა.

ამ წარმატებით ბერძნები მეოთხედფინალში გამსვლელ კვარტეტში შევიდნენ, თუმცა ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე კიდევ დიდი დროა - 7 ტურია სათამაშო.

18 თებერვალს "ოლიმპიაკოსი" საბერძნეთის ჩემპიონატში კაოდ-ს ესტუმრა და ლოგიკური შედეგიც დააფიქსირა...

ლიბანი
ბეირუთის "ჩამპვილი" სწრაფი ნაბიჯებით მიიწევს წინ. იგი უშუალო კონკურენტებს სათანადოდ უსწორდება და ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციამდე ავიდა.

თუ ასე განაგრძო, "ჩამპვილი" რეგულარული ეტაპის ბოლოს პირველი უნდა იყოს.

კვირას, 17 თებერვალს ნიკა ცქიტიშვილის გუნდმა "მუტაჰედი" 98:94 დაამარცხა. სკიტამ შეუცვლელად ითამაშა და ორმაგი დუბლიც "გამოაცხო": 16 ქულა, 13 მოხსნა. მატჩის ბომბარდირი "ჩამპვილის" მეორე ლეგიონერი, ამერიკელი რეიშაუნ ტერი გახდა - 30 ქულა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული