გიორგი ცინცაძემ 7-მატჩიანი წაუგებელი სერია "ოდესასთან" დაასრულა

AutoSharing Option
გიორგი ცინცაძის "ბუდიველნიკმა" უკრაინის ჩემპიონატში "ოდესასთან" დასანანი მარცხი იწვნია.

ბოლო წამებზე ზღვისპირელებმა 87:85 იმარჯვეს. არადა, სამი პერიოდის მიხედვით ჩემპიონატის ლიდერი იმდენად დამაჯერებლად თამაშობდა, რომ მის გამარჯვებაში ეჭვის შეტანა რთული იყო.

თავად განსაჯეთ: 24-ე წუთისთვის "ბუდიველნიკი" 57:40-ს იგებდა...

თუმცა, ოდესელებმა ხელის ერთი მოსმით თამაში შემოატრიალეს და საფინალო სირენამდე ორნახევარი წუთით ადრე 83:73 დაწინაურდნენ.

ამის შემდეგ მასპინძელთა მწვრთნელმა აინარს ბაგაცკისმა მოედნის მთელს პერიმეტრზე პერსონალურ მეურვეობას მიმართა და ახლა "ბუდიველნიკმა" გამოასწორა სიტუაცია, რაშიც დიდი წვლილი გიორგი ცინცაძეს მიუძღვის.

შეხვედრის ბოლო წამზე იგი მეტოქის
საჯარიმოში შეიჭრა, პერიმეტრზე მყოფ ლეო ლეიონსს ბურთი გადააწოდა, თუმცა ამ უკანასკნელის ტყორცნამ მიზანს ვერ მიაღწია და "მშენებლებმა" შვიდმატჩიანი გამარჯვებათა სერია შინ შეწყვიტეს.

"ბუდიველნიკის" შემადგენლობიდან ყველაზე მეტი, 23 ქულა, 23-ე ნომერმა მალკოლმ დილეინიმ ჩააგდო. ვიცე-სნაიპერი მე-6 ნომერი, 27 წლის გიორგი ცინცაძე გახდა - 16 ქულა (4-დან 4 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი, 8-დან 5 საჯარიმო). გარდა ამისა, მის ანგარიშზე 25 წუთში 4 შედეგიანი გადაცემა და 2 მოხსნა იყო.

წაგების მიუხედავად კიეველები სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს ინარჩუნებენ. მათ ანგარიშზე 25 მოგებაა.

"ბუდიველნიკს" სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა 6 მარტს ელის - ევროთასის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში სანკტ პეტერბურგში "სპარტაკს" "დაეჭიდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული