ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულს "ლეიკერსთან" დაუბრუნდა

AutoSharing Option
ატლანტელების მორიგი მარცხი... ზაზა ფაჩულიას გუნდმა ამჯერად მრისხანე მეტოქესთან დრამატულ ფინალში 1 ქულით წააგო.

ლოს ანჯელესში, ადგილობრივ "ლეიკერსთან" დაძაბული შეხვედრის ბოლო წამებზე კობი ბრაიანტმა ჯორჯიელებს გამარჯვება წაართვა.

მატჩის დასრულებამდე 20 წამით ადრე ჯოშ სმიტმა და ალ ჰორფორდმა კარგი კომბინაცია გაითამაშეს და ამ უკანასკნელის მოხდენილად ჩატენილი ბურთით ატლანტელები 98:97 დაწინაურდნენ.

თამაში, როგორც ხდება ხოლმე, საკუთარ თავზე ბრაიანტმა აიღო და ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო დამცველი ჯოშ სმიტის ხელებიდან გამარჯვების ბურთი ჩააგდო.

ატლანტელებს შეტევისთვის დარჩენილი ჰქონდათ 9 წამი და ზუსტად იგივე კომბინაცია გაათამაშეს, რაც
წინა შეტევისას, თუმცა ამჯერად მასპინძლებმა დაცვაში იყოჩაღეს, კარგად დააზღვიეს ჰორფორდი, რომელიც პირით ხაზთან მიიმწყვდიეს და აიძულეს, პერიმეტრზე უზუსტო პასი გაეკეთებინა. ბურთი სტივ ბლეიკმა ჩაჭრა და "ლეიკერსმა" გამარჯვება გაიფორმა - 99:98.

ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა, მაგრამ ბოლო მეოთხედამდე მოედანზე მხოლოდ 10 წუთი იმყოფებოდა.

გადამწყვეტ პერიოდში ქართველმა ცენტრმა 6 წუთი ითამაშა და საკმაოდ დიდი როლი შეასრულა იმაში, რომ ატლანტელებმა გამარჯვების შანსი ბოლო წამებამდე შეინარჩუნეს.

შეტევაში ვერა, მაგრამ ზაზა დაცვაში საიმედო იყო და რამდენიმე ძალიან საჭირო პასი გასცა.

საბოლოოდ ფაჩულიას ანგარიშზე 2 ქულა, 2 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა დაგროვდა.

ზაზამ მხოლოდ ერთხელ შეუტია ლეიკერსელთა ფარს და ისიც ზუსტად.

33 მოგებითა და 25 წაგებით "ატლანტა" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზე რჩება. მომდევნო, 6-მატჩიანი გასვლითი ტურნეს ბოლო შეხვედრას ატლანტელები დენვერში, 5 მარტს, გამთენიისას გამართავენ.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული