იმიტომ, რომ ბრუს ლი მაგარი იყო, ყველაზე მაგარი, სწორედ ისეთი, ბავშვებს რომ წარმოუდგენიათ საკუთარი თავი მომავალში.
"სპაიდერმენი" მასთან რა მოსატანია, მით უმეტეს, ჩაკ ნორისი...
...იცით, ბრუს ლის კიდევ რატომ ვერ ერეოდა ვერავინ? იმიტომ, რომ მისი სიკვდილი სცენარის მიხედვით არ შეიძლებოდა - ფილმიც მაშინვე დასრულდებოდა.
არადა, ყველა სცენარისტს
ყველა მეტოქემ იცის, რომ მთავარი საფრთხე სწორედ "შავი მამბასგან" (კობის მეტსახელი) ელის - შეუძლია ხუთი კაცის ერთმანეთის მიყოლებით გაბითურება, თავისებური ილეთებით რამდენიმე მოწინააღმდეგეზე გადახტომა, ბოლო წამზე ერთი დარტყმით სასიკვდილო განაჩენის გამოტანა, მაგრამ ამის მიუხედავად ბრუს... არა, ბრაიანტს ვერ აჩერებენ.
ამაში ის გულშემატკივარიც დაგვეთანხმება, რომელმაც 4 მარტს, დილით, "ლეიკერსი"-"ატლანტას" შეხვედრა პირდაპირი ეთერით იხილა. ლოსანჯელესელებს აკლდათ პაუ გასოლი; ფაჩულიამ და პეტრომ ცენტრ დუაით ჰოვარდს სისხლი გაუშრეს; სტივ ნეში უფრო ორგანიზატორია, პასებზე ფიქრობს, "ლეიკერსს" კი "ატლანტასთან" გასამარჯვებლად ქულები სჭირდებოდა.
სწორედ ამისთვისაა ბრაიანტი, რომელმაც საბოლოოდ 34 ქულა მოაგროვა.
მესამე პერიოდის დასრულებას 2 წამი აკლდა, როცა "ლეიკერსმა" ბურთი გვერდითი ხაზიდან შემოიტანა. ყველამ იცოდა, კობის უნდა მიეღო და ესროლა. "ატლანტას" მწვრთნელმა ლარი დრიუმ ბრაიანტს კარგი მცველი, სტივენსონი მიუჩინა, მაგრამ "მამბამ" ყველაფერი ელვის სისწრაფით გააკეთა, ერთ წამში ჩაეტია და სამქულიანით "ლეიკერსი" 79:73 დააწინაურა.
ამ სტატიის ფორმა კი საფინალო სირენამდე 9 წამით ადრე მომხდარმა ამბავმა მოხაზა. მეოთხე რაუნდში "ატლანტა" თავსაც კარგად იცავდა, მასპინძელთა კალათისკენაც გაიკვლია გზა (ზაზა ფაჩულია ფარქვეშ არავის არაფერს ანებებდა, შეტევაში ისეთ პასებს არიგებდა, ზოგ გამთამაშებელს შეშურდებოდა (ნეშს არა, უფრო ტიგს)) და ბოლომდე თანაბარი თამაში გააჩაღა.
მატჩის დასრულებამდე 26 წამით ადრე ჯორჯიელები 98:97-ს იგებდნენ (ჰორფორდის ტყორცნის შემდეგ), თუმცა მომდევნო შეტევა, როგორც მოსალოდნელი იყო, ბრაიანტმა წამოიწყო. ყველამ იცოდა, მას უნდა ესროლა.
ელ ჰორფორდი ლანდივით აედევნა, ხოლო ჯოშ სმიტი სამწამიანში ელოდა.
მოკლედ, "ატლანტას" მწვრთნელმა ყველაფერი კარგად გათვალა - ტანმაღალი ჰორფორდი შორიდან არ ასროლინებდა, ხოლო თუ კობი ფარქვეშ შესვლას გადაწყვეტდა, სმიტი-ჰორფორდის დუეტს შედარებით დაბალი ლეიკერსელი უნდა შეეჩერებინა.
...მაგრამ თითქოს ეს მატჩიც ბრუს ლის ფილმების სცენარისტმა დაწერა... მთავარი გმირი (ჩვენს შემთხვევაში ბრაიანტი) ბოლო წამებზე მოწინააღმდეგის ბანაკში შეიჭრა, ორ კაცს გადააფრინდა (სმიტსა და ჰორფორდს) და "ატლანტას" სასიკვდილო დარტყმა მიაყენა - 99:98.
The End - უმალ ასეთი წარწერა გამოჩნდა შავ ეკრანზე, რაც ფილმის დასრულებას ნიშნავს.
ტიტრებში, როგორც წესი, უამრავი გვარი წერია, რომელთაგან თვალი ერთზეა მიჩვეული: Zaza Pachulia. მის გასწვრივ ვკითხულობთ: 20 წუთი, 2 ქულა (1/1 ორქულიანი, 4 პასი, 2 მოხსნა, 1 დაფარება).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"