შერმადინი მილანის ასაღებად ემზადება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ცენტრმა გიორგი შერმადინმა სლოვენიის "ოლიმპიაში" ორი მატჩი ჩაატარა. პირველში, "ეფესთან" 11 ქულა ჩააგდო, მეორეში, "ციბონასთან" 8:30 წუთში 8 - ქულა. სტატისტიკა კარგია, თუმცა მთავარი ისაა, რომ მწვრთნელი იურე ზვოდჩი ქართველ ახალგაზრდას გადამწყვეტ მომენტებშიც ენდობა. პირველივე შეხვედრის შემდეგ გიორგიმ "ოლიმპიას" ქომაგებისგან აპლოდისმენტები დაიმსახურა, ხოლო სლოვენიელი ჟურნალისტებისგან - ყურადღება.

გამოცემა "ჟურნალ 24-ის" კორესპონდენტმა შერმადინს მცირე სტატია მიუძღვნა სათაურით "შერმადინი, ბოისას მემკვიდრე". პუბლიკაციის დასაწყისში გიორგი "ოლიმპიაში" გადასვლის მიზეზებზე ლაპარაკობს:

- "პანათინაიკოსის" მწვრთნელმა ჟელკო ობრადოვიჩმა მითხრა - შენი პროგრესისთვის "ოლიმპია" კარგი ვარიანტია.
სწორედ იქ შეძლებ საკუთარი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენასო.

"ოლიმპიას" თავკაც იურე ზვოდჩს ობრადოვიჩთან ხშირი ურთიერთობა აქვს და, ცხადია, მათი საუბრის ობიექტი გიორგიც იქნება. თავის მხრივ, ახალი მწვრთნელით შერმადინიც კმაყოფილია:

- ძლიერი გუნდი გვყავს, რომლის ხარისხიან თამაშსაც მწვრთნელი განაპირობებს. აქტიური სპორტსმენობისას დიდი კალათბურთელი იყო.

სლოვენიელმა ჟურნალისტმა გიორგის იმ ქართველების გვარები ჩამოუთვალა, რომლებსაც მანამდე "ოლიმპიაში" უთამაშიათ: ვლადიმერ სტეფანია, ვლადიმერ ბოისა, მანუჩარ მარკოიშვილი.

- მათ სლოვენიაში დიდი სკოლა გაიარეს და გუნდსაც დიდი სამსახური გაუწიეს. ვეცდები, მათ გზას მეც გავყვე და "ოლიმპიას" მაღალი მიზნების მიღწევაში დავეხმარო, - ამბობს ქართველი მოთამაშე.

მის შესახებ "ოლიმპიას" კაპიტანმა გორან იაგოდნიკმაც ილაპარაკა:

- რამდენიმე ახალ კალათბურთელს თამაშის უფლება გვიან დართეს. მათ პირევლივე შეხვედრაში დაამტკიცეს, რომ ბევრი რამ შეუძლიათ. პინკნი და შერმადინი სათადარიგოთა სკამიდან ძალიან დაგვეხმარნენ. ასე რომ, თამამად შეიძლება ითქვას: "ოლიმპიაში" ევროლიგის დონის 12 კალათბურთელია თავმოყრილი.

ევროლიგაზე შერმადინის ყოფილი და ამჟამინდელი გუნდები ერთ ჯგუფში არიან. სლოვენიელები დაინტერესდნენ, რამდენად რეალურია "პანათინაიკოსის" ძლევა. გიორგიმ პასუხი ოპტიმიზმით შეაზავა:

- "ოლიმპიას" არენაზე გამარჯვება ნებისმიერ მეტოქეს გაუჭირდება, მათ შორის "პანათინაიკოსსაც". ეს მატჩი ჩემთვის ბევრს ნიშნავს, განსაკუთრებულად მოვემზადები და იმედი მაქვს რომ "ოლიმპიასთან" ერთად გავიმარჯვებ.

ვახსენეთ "ეფესთან" შეხვედრა, "პანათინაიკოსთან" მომავალი დაპირისპირება, თუმცა არაფერი გვითქვამს კვირას გამართულ მატჩზე, რომელიც სლოვენიელებმა ხორვატიაში "ციბონასთან" დათმეს. ამ შეხვედრის შესახებ გიორგიმ გვითხრა:

- ზაგრებში საინტერესო თამაში გამოვიდა. ბოლო წუთებამდე თანაბარი ბრძოლა იყო და გამარჯვებაც შეგვეძლო, მაგრამ... მხოლოდ 3 ქულის სხვაობით დავთმეთ. არა უშავს, საშინაო მატჩიდან ციბონელებს ორ ქულას არ გავატანთ.

აქვე მეოთხე შეხვედრა უნდა ვახსენოთ, რომელიც სადღეისოდ "ოლიმპიასთვის" ყველაზე აქტუალურია - 28 ოქტომბერს ევროლიგაზე სლოვენიელები მილანის "არმანის" ესტუმრებიან. "ოლიმპია" იტალიაში ავტობუსით გაემგზავრება, თუმცა ლიუბლიანიდან მილანი ისე შორის არ არის, რომ კალათბურთელები მგზავრობამ გადაღალოს. გიორგიც მოგებაზე ფიქრობს.

- მილანში "არმანის" ევროლიგაზე შარშანაც მოვუგე. იმედი მაქვს, "ოლიმპიასთან" ერთადაც წარმატებით ვითამაშებ. თუმცა არც ის მავიწყდება, რომ "არმანი" მაღალი დონის გუნდია და მისი ძლევა იოლი არ იქნება.

დამშვიდობებისას გიორგის შევახსენე, რომ მილანთან ახლოს, კანტუში მანუჩარ მარკოიშვილი ცხოვრობს და თამაშობს და თუ ეცლება, "ოლიმპიას" თამაშსაც დაესწრება. მანუს აუცილებლად დავურეკავო, თქვა შერმადინმა.




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული