ერთადერთი გამარჯვება ჩამპვილელებმა "მუტაჰედთან" მოიპოვეს, რომელიც სარკისებური ანგარიშით, 76:67 დაამარცხეს.
ამ შეხვედრაში სკიტამ შეუცვლელად იასპარეზა და ქულა-მოხსნებიც სარკისებურად შეუფარდა ერთმანეთს - 21/12. 21-დან 8 მოხსნა მეტოქის ფარზე მიითვალა, ხოლო სამქულიანები ჩვეული სიზუსტით რომ ესროლა, შესაძლოა, ქულების მაჩვენებელს მოხსნებისთვის გაესწრო. ნიკამ 7-დან 4 ორქულიანი, 4-დან 4 საჯარიმო გამოიყენა, ხოლო ხუთი სამქულიანიდან მიზანში ერთიც ვერ მოარტყა.
იტალია
მარტში ვიქტორ სანიკიძის "მონტეპასკი" ისეთივე სტაბილური ვერ არის, როგორც იანვარში. ევროლიგაზე თუ ევროგრანდებთან უწევს "ჭიდაობა", იტალიის ჩემპიონატში ისეთ გუნდებთან აგებს, შემადგენლობით ნამდვილად რომ ვერ სჯობნიან. ამის მაგალითი კვირას "კასერტასთან" მარცხი იყო.
ვიქტორმა 8 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა, რაც ურიგო შედეგი ნამდვილად არ არის. გაცილებით მნიშვნელოვანი ის არის, რომ "ოლიმპიაკოსთან" ევროლიგის მატჩის მსგავსად, როცა "მონტეპასკის" მწვრთნელს ბოლო წუთებზე გარკვეული ჩამორჩენის აღმოფხვრა დასჭირდა, ნომინალური ცენტრი თამაშიდან მოხსნა და შეხვედრის გადარჩენა ვიქტორს მიანდო.
...თუმცა სიენელებმა მარცხს თავი ვერცერთ შემთხვევაში დააღწიეს.
შედეგად, იტალიის ჩემპიონატში "მონტეპასკი" მეექვსე ადგილზეა და ოთხი მოგებით ჩამორჩება პირველ პოზიციაზე მყოფ "დინამო სასარის". ევროლიგაზე კი "ოლიმპიაკოსსაც" და სიენურ გუნდსაც 7-7 გამარჯვება (4-4 წაგება) აქვთ და მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებენ.
ჯგუფიდან მეოთხედფინალში გამსვლელ კვარტეტში მოხვედრისთვის ორივეს ჰაერივით სჭირდება ამ კვირაში გამარჯვება. 22 მარტს "მონტეპასკი" აუტსაიდერ "ბეშიქთაშს" ეწვევა, ხოლო "ოლიმპიაკოსი" "მაქაბის" მიიღებს.
იტალიის ჩემპიონატის მესამე ლიგაში გასულ კვირას დასვენება იყო გამოცხადებული. ამიტომ არ უთამაშიათ "ომენასა" და "კასალპუსტერლენგოს" ლეგიონერებს, ნიკა მეტრეველსა და გიგა ჯანელიძეს.
სამაგიეროდ, ერთწლიანი შესვენების შემდეგ სერია A-ში დაბრუნდა ჯეიკობ პულენი. იგი 2011-12 წლების სეზონში "ბიელას" ღირსებას იცავდა, შემდეგ იერუსალიმის "ჰაპოელში" გადავიდა. თუმცა გასულ კვირას ისრაელიდან იტალიაში გადაბარგდა, ბოლონიის "ვირტუსში" ჩაირიცხა და პირველი მატჩი 17 მარტს "რეჯო ემილიას" წინააღმდეგ გამართა.
ბოლონიელებმა 82:74 გაიმარჯვეს. საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა (ჯერჯერობით უცნობია, ევრობასკეტზე ისევ პულენი გვეყოლება თუ სხვა კალათბურთელს დავიმატებთ) 21 წუთში 22 ქულა ჩააგდო - 6/5 ორქულიანი, 5/3 სამიანი, 6/3 საჯარიმო.
"ვირტუსი" მე-13 ადგილზეა და საპლეიოფო რვავეულში გასასვლელად დარჩენილ 7 ტურში ხუთი მატჩი მაინც უნდა მოიგოს.
აშშ
მოვლენები ერთმანეთს მეტად არასასიამოვნოდ დაემთხვა ამერიკაში. ზაზა ფაჩულიასა და თორნიკე შენგელიას გუნდებმა ერთმანეთში ოთხჯერ ითამაშეს.
საწყის ორ შემთხვევაში ზაზამ ითამაშა და თორნიკემ დაისვენა, მომდევნო ორ მატჩში - პირიქით. 18 მარტს, გამთენიისას, "ბრუკლინმა" "ატლანტა" მიიღო და 93:105 დამარცხდა.
მწვრთნელმა შენგელიას მხოლოდ წუთნახევარი არგუნა, ფაჩულია კი განაცხადში არ იყო. მან "ჰოქსის" ზედიზედ მეშვიდე მატჩი გამოტოვა.
ქართველი ცენტრის შესახებ ცალკე სტატია მოამზადა გამოცემა "ატლანტა კონსტიტუშენმა".
* * *
ჯერჯერობით უცნობია, როდის დაბრუნდება ზაზა ფაჩულია მოედანზე. მას აქილევსის მყესი აწუხებს.
"დღეს მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ გაურკვეველია, როდის შევძლებ სრულფასოვნად ვარჯიშს. ექიმების პასუხებს ველი.
იმედი მაქვს, მკურნალობა დადებით შედეგს გამოიღებს და სიტუაცია უკეთესობისკენ წავა.
აქილევსის მყესის დაზიანება სერიოზულ მიხედვას მოითხოვს. დომინიკ უილკინსისგან ვიცი, რომ ასეთი ტრავმის გამო მას ერთი წელი გაუცდა. ძალიან საშიში რამაა.
კარიერის ისეთ ეტაპზე ვარ, დიდი ყურადღების გამოჩენა მმართებს (სეზონის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით ისარგებლებს - ვ.ს) და სწორად მკურნალობა მჭირდება".
ქართველი ცენტრი მიმდინარე სეზონში 52 მატჩში საშუალოდ 21.8 წუთში 5.9 ქულასა და 6.5 მოხსნას აგროვებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"