გიორგი შერმადინმა "ფენერბაჰჩე" წააქცია, ვიქტორ სანიკიძემ "ბარსა" ვერა

AutoSharing Option
ევროლიგის მეორე ეტაპის ბოლოსწინა ტურში ღირებული გამარჯვება მოიპოვა გიორგი შერმადინის "ოლიმპიაკოსმა", რომელმაც სტუმრად სტამბოლის "ფენერბაჰჩე" 78:73 დაამარცხა.

არადა, საფინალო სირენამდე 5 წუთით ადრე ბერძნები თურქებთან 9 ქულის სხვაობით აგებდნენ. გადამწყვეტი ეისი ლოუსა და ვასილის სპანულისის სამქულიანები გამოდგა.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და კარგადაც გაისარჯა: 11:29 წუთში 4 ქულა, 5 მოხსნა და 1 დაფარება (1 შეცდომა). გიორგიმ ასპროცენტიანი სიზუსტით სტყორცნა: 1-დან 1 ორქულიანი (ჩატენა) და 2-დან 2 საჯარიმო.

29 მარტს ფიცხელი ბრძოლა გაუმართა სიენაში "ბარსელონას" ვიქტორ სანიკიძის "მონტეპასკიმ".

ქართველი ხუთეულში იყო,
საწყის წუთებზე იტალიელები 16:2 დაწინაურდნენ, მაგრამ ევროლიგის ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა გამარჯვება მაინც კატალონიაში წაიღო - 77:69.

სანიკიძის მონაგარი ასეთი იყო: 18 წუთი, 8 ქულა, 5 მოხსნა, თითო პასი-დაფარება.

"მონტეპასკი" და "ოლიმპიაკოსი" ერთ ჯგუფში არიან. მეოთხედფინალში რვიდან ოთხი გადის. მერვე მოგებით ბერძნებმა თითქმის გაინაღდეს პლეი ოფში თამაში, ხოლო "მონტეპასკის" (7 გამარჯვება) საქმე რთულად აქვს: მეოთხედფინალში რომ მოხვდეს, ბოლო ტურში სტუმრად "კახა ლაბორალი" უნდა დაამარცხოს, ხოლო "ოლიმპიაკოსმა" შინ "ხიმკის" სძლიოს. ასე რომ, შერმადინს შეუძლია მომდევნო კვირას სანიკიძეს ღირებული საჩუქარი გაუკეთოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული