ევროლიგაზე ტოპ-16-ის ბოლო ტურის მატჩები გაიმართა.
ვიქტორ სანიკიძის "მონტეპასკიმ" ესპანეთში "კახა ლაბორალთან" 64:76 დათმო, ხოლო
გიორგი შერმადინის "ოლიმპიაკოსმა" რუსული "ხიმკი" პირეოსში 79:70 დაამარცხა.
ამ შედეგებმა მეოთხედფინალის საგზური (F ჯგუფიდან) "ოლიმპიაკოსს", "ბარსელონას", "მაქაბისა" და "კახა ლაბორალს" უბოძა. სანიკიძემ კი, ისევე, როგორც მისმა მეგობარმა
გიორგი ცინცაძემ, ევროტურნირებზე წლევანდელი გამოსვლა ბასკეთში დაასრულა.
ვიქტორმა "ლაბორალთან" 19 წუთში 7 ქულა (2-დან 2 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი), 3 მოხსნა და თითო ჩაჭრა-დაფარება მიითვალა.
რაც შეეხება შერმადინს, იგი 4 აპრილს განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.
აქვე შეგახსენებთ,
რომ ევროლიგის პლეი ოფში ქართული გვარი მეოთხედ გამოჩნდება: პირველად 2003 წელს
მანუჩარ მარკოიშვილმა იტალიური "ბენეტონის" ღირსება დაიცვა; მეორედ 2009 წელს შერმადინმა "ოლიმპიაკოსთან" ერთად შეჯიბრება მოიგო. მან მომდევნო სეზონშიც პლეი ოფში ითამაშა, წლეულს კი "ოლიმპიაკოსთან" ერთად მოუწევს მეოთხედფინალში ბრძოლა; 1997 წელს
ვლადიმერ სტეფანიამაც ითამაშა ნახევარფინალში, მაგრამ მაშინ ამ შეჯიბრებას ჩემპიონთა ლიგა ერქვა და სხვა ფორმატით მიმდინარეობდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"