თორნიკე შენგელია: ამერიკელები მეგობრული ხალხია, ზოგჯერ - ზედმეტადაც კი

AutoSharing Option
NBA-ში "ქართული" სეზონი დასრულდა - ამის თქმა უკვე დანამდვილებით შეიძლება, რადგან ოპერაციაგადატანილ ზაზა ფაჩულიას კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში მოუწევს უქმობა, თორნიკე შენგელია კი კლუბმა "დააღალატა" და ფლეი-ოფს პირველივე რაუნდში გამოეთიშა.

სერიის მეშვიდე, გადამწყვეტ მატჩში, "ბრუკლინ ნეთსმა" საკუთარ მოედანზე "ჩიკაგოსთან" წააგო და მომდევნო ეტაპის საგზური "ხარებს" გადაულოცა.

"ნეთსის" ქართველ ფორვარდს მისთვის სადებიუტო სეზონში თამაში იშვიათად უწევდა და მეტოქეების დაწიოკება, ძირითადად, D ლიგაში (Development League, ანუ განვითარების ლიგა. - ავტ.) უხდებოდა. თუმცა, თუ მის მონაცემებს და შრომისმოყვარეობას გავითვალისწინებთ, ეჭვგარეშეა, მომავალ სეზონში 21
წლის კალათბურთელს გაცილებით მეტი სათამაშო დრო ექნება.

თავად თორნიკე უკმაყოფილო არც განვლილი თვეებით არის: მერე რა, რომ ძირითად გუნდში თამაში, ფაქტობრივად, არ უწევდა? როცა ათამაშეს, ყველას დაუმტკიცა, რა შეუძლია, დანარჩენი კი... დანარჩენი მომავალ სეზონში იყოს.

- სათამაშო დროის სიმცირის მიუხედავად, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე როგორც პროფესიული, ისე ცხოვრებისეული თვალსაზრისით. "ბრუკლინში" ისეთი გამოცდილი კალათბურთელები თამაშობენ, მათგან ბევრი რამ ვისწავლე.

დამოუკიდებლად ცხოვრებას 15 წლის ასაკიდან ვარ ჩვეული. აშშ-ში ოჯახის წევრებიც ხშირად არიან ჩემს გვერდით, თუმცა აქ გატარებულმა თვეებმა კიდევ უფრო მეტი მასწავლა.

თითქოს წვრილმანია, მაგრამ მაგალითად, ევროპაში თამაშისას, "ქაღალდებთან" ურთიერთობას კლუბი აგვარებდა, ამერიკაში კი გადასახადების გადახდაც, საბუთების მოწესრიგებაც და ა.შ. ყველას თავად უხდება. ასე რომ, უკვე ამ მხრივაც გამოცდილი ვარ (იცინის).

- "ჩიკაგოსთან" ფლეი-ოფის პირველივე რაუნდში დამარცხდით. თანაც, გადამწყვეტი მატჩი საკუთარ მოედანზე დათმეთ...
- ჩვენზე მეტი ქულა ჩააგდეს და ამიტომ წავაგეთ (იცინის).

- NBA-ს უკვე კარგად იცნობ. რა არის ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი?
- ასე ძალისმიერად და სწრაფად სხვაგან არსად თამაშობენ. უძლიერესი კალათბურთელები არიან თავმოყრილნი, მინიმუმ, ერთი ლიდერი ყველა კლუბს ჰყავს. თანაც, უმეტესობა ჩემს ამპლუაში, ფორვარდის პოზიციაზე თამაშობს. წელს მხოლოდ რამდენიმე მათგანის წინააღმდეგ მომიხდა თამაში, მაგრამ მოედანზე მხოლოდ მათი ხილვითაც კი დიდი გამოცდილება მივიღე. მართლაც ზებუნებრივად ძლიერები არიან!

- ახალგაზრდა კალათბურთელზე უარყოფითად ხომ არ მოქმედებს, როცა საკუთარ შესაძლებლობებს ასეთი ვარსკვლავების თამაშს ადარებს?
- ჩემს შემთხვევაში პირიქით არის, უფრო მოტივირებული ვარ. ისეთ კალათბურთელებთან ერთად მიწევს ვარჯიში და თამაში, აქამდე მხოლოდ ტელევიზიისა და ინტერნეტის მეშვეობით რომ მინახავს. ამიტომ უფრო მეტი მოტივაციით და ხალისით ვეკიდები საქმეს.

- სადებიუტო სეზონში შენთვის საუკეთესო შეხვედრად, ალბათ, "ვაშინგტონთან" თამაშს (ამ მატჩში თორნიკემ 11 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა. - ავტ.) მიიჩნევ...
- უფლის წყალობით, საკმარისი სათა­მაშო დრო რეგულარული ჩემპიონატის ბო­ლოსწინა მატჩში მაინც მომეცა და თავი ნამდვილად არ შემირცხვენია. მით უმეტეს, ძირითადად, ახალგაზრდებმა ვითამაშეთ და რომ გავიმარჯვეთ, ორმაგად ბედნიერი ვიყავი...

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

- NBA-ს კლუბებში, სადაც, მეტ-ნაკლებად, ყველა ერთმანეთის კონკურენტია, როგორი დამოკიდებულება აქვთ ახალგაზრდა მოთამაშეების მიმართ?
- ვერ გეტყვით, როგორ არის სხვა კლუბებში, მაგრამ "ბრუკლინში" ახალგაზრდა მოთამაშეებს ძალიან გვქომაგობენ და ამას აშკარადაც გამოხატავენ.

- სათამაშო პრაქტიკის გარდა, რა მოგცა D ლიგაში თამაშმა?
- განვითარების ლიგა კარგი საშუალებაა იმის დასანახად, პროგრესირებ თუ არა. "ბრუკლინში" თამაში არ მიწევდა, მაგრამ თავდაუზოგავად ვვარჯიშობდი და ამის შედეგი სწორედ D ლიგაში ჩატარებული მატჩებისას ჩანდა.

როცა დაბალ ლიგაში კარგად თამაშობ, NBA-ს კლუბში დაბრუნებისას ბევრად თავდაჯერებული ხარ. ამას ფსიქოლოგიურადაც დიდი დატვირთვა აქვს. მით უმეტეს, D ლიგაში ბევრია ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ისეთი მოთამაშე, რომლებსაც ძირითად კლუბებში თამაში არ უწევთ. თამაში NBA-დან "ჩასულებზე" ეწყობოდა და ეს თავდაჯერებას გვმატებდა...

- "ახლოდან" ნანახი NBA-ს ვარსკვლავებიდან ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ვინ მოახდინა შენზე?
- ძალიან მომწონს კევინ დურანტის თამაში. თუმცა მის წინააღმდეგ თამაშის შესაძლებლობა ჯერჯერობით არ მომცემია.

- ზაზა ფაჩულიასთვის სეზონი კიდევ უფრო ნაადრევად დასრულდა...
- ზაზას ამბავი ძალიან განვიცადე. თუმცა ვერაფერს ვიზამთ... ისღა დაგვრჩენია, ამ ამბავში პოზიტიური მხარეებიც ვეძებოთ. კარგია, რომ დასვენების შესაძლებლობა მიეცემა, აქილევსის მყესი აღარასდროს შეაწუხებს და ა.შ.

- მას შემდეგ, რაც ევროპის ჩემპიონატზე მისი თამაში, ფაქტობრივად, გამოირიცხა, ხშირად გვესმის, რომ ნატურალიზებული მოთამაშის დამატება ცენტრის პოზიციაზეც გვჭირდება... შენც ასე ფიქრობ?
- ნამდვილად არ ვართ ერთადერთი ნაკრები, ვისაც ნატურალიზებული კალათბურთელი დაუმატებია. ვისურვებდი, ისეთი ნაკრები გვყავდეს, უცხოელის დამატება აღარ გვჭირდებოდეს, მაგრამ თუ უცხოელს ვიმატებთ, მის მიმართ პატივისცემაც უნდა გამოვხატოთ.

კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან ამ თემაზე ნამდვილად არ მილაპარაკია და ვერ გეტყვით, აპირებენ თუ არა ცენტრის პოზიციაზე უცხოელის დამატებას...

- აშშ-ში რამ მოახდინა შენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება?
- ნიუ-იორკის გადატვირთულმა ქუჩებმა (იცინის). აქ მართლაც საშინელი საცობებია. რაც შეეხება სხვა ქალაქებს, რაც ვნახე, ყველა მხარე თავისებურად განსხვავებული და საინტერესოა. ყველაზე მეტად კი მაიამი მომეწონა...

ქართველებთან შედარებით, ამერიკელები ბევრად უფრო თავისუფალი ხალხია. თუმცა, ბუნებრივია, მე ჩვენებურ ტრადიციებს მეტ პატივს ვცემ.

ამერიკელები მეგობრული ხალხია, ზოგჯერ - ზედმეტადაც კი. შესაძლოა, აქაურს სულაც არ აინტერესებდეს, როგორ ხარ, არც გიცნობდეს, მაგრამ თავს ვალდებულად თვლის, გაგიღიმოს და მოგიკითხოს...

- აღდგომის დღესასწაული როგორ აღნიშნეთ ნიუ-იორკში?
- "ჩიკაგოსთან" მატჩის შემდეგ ოჯახის წევრებთან ერთად ნიუ-იორკის გარეუბანში მდებარე ქართულ ტაძარში წავედი. ლიტანიობასაც დავესწარით... მეორე დღეს ნიუ-ჯერსიში გავემგზავრეთ და მთელი დღე იქაურ ტყე-პარკში გავატარეთ.

- ნიუ-იორკში საყვარელი ადგილი თუ გაქვს? ყველაზე ხშირად სად შეიძლება თორნიკე შენგელიას ნახვა?
- საკალათბურთო დარბაზში (იცინის). ნიუ-იორკში იმდენი გასართობი ადგილია, ერთ ადგილას ორჯერ ნამდვილად არ ვყოფილვარ. ვცდილობ, ქალაქი კარგად შევისწავლო და ახალი "წერტილები" აღმოვაჩინო...

რატი შელეგია
გაზეთი "ყველა სიახლე"

ასევე იხილეთ:
თორნიკე შენგელია: არ მგონია, ნაკრებში ზაზა ფაჩულიას სრულყოფილი შეცვლა შევძლოთ
Time Line: ისე უნდა შეჭამო, რომ წვენი არ დაიქცეს [VIDEO]
"ბრუკლინის" ქართველი ნაპერწკალი - ამერიკული პრესა თორნიკე შენგელიაზე
თორნიკე შენგელიას პირველი ორმაგი დუბლი ნბა-ში [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
ულამაზესი და უნიჭიერესიიიი
ნინი
00:47 09-05-2013
0

სიახლეები პოპულარული