გივი ბაქრაძე ფინურ "კორიკობრატში" გადავიდა

AutoSharing Option
თსუ-ს აწ უკვე ყოფილი მოთამაშე, 22 წლის გივი ბაქრაძე კარიერას ფინეთში გააგრძელებს.

ეს უკვე გადაწყვეტილია, რადგან კალათბურთელმა "კორიკობრატთან" ხელშეკრულება უკვე გააფორმა. აი, რა წერია ამ გუნდის ოფიციალურ საიტზე:

"ჭაბუკობის ასაკში, 2009-10 წლებ2ის სეზონში, გივი ბაქრაძე ჩვენი გუნდის ღირსებას იცავდა. მას მერე მან სამი სეზონი გაატარა საქართველოს ჩემპიონატში და ბოლო წელს საშუალოდ 12.5 ქულას აგროვებდა.

"კორიკობრატის" მენეჯერი მარკუ ტურია შენაძენით კმაყოფილია:

- მოხარული ვარ, რომ ბაქრაძე ქალაქ ლაპუაში დაბრუნდა. იგი მაღალი დონის კალათბურთელია და ფინეთის ჩემპიონატში დიდ სამსახურს გაგვიწევს."

საინტერესოა თავად
კალათბურთელის მოსაზრება ტრანსფერთან დაკავშირებით.

- ამა წლის დასაწყისში ხელშეკრულება გავაფორმე ამერიკულ სააგენტოსთან, რომლის წარმომადგენლებმაც სეზონის დასრულების შემდეგ ორი კლუბის ვარიანტი შემომთავაზეს.

საბოლოოდ შევარჩიე ის ფინური გუნდი, რომელშიც რამდენიმე წლის წინათ გამოვდიოდი, - გვითხრა 16 მაისს გივიკომ.

- სხვა რომელი ქვეყნის ვარიანტი იყო?
- შვედეთიდან მქონდა შეთავაზება, მაგრამ იქ არ იყო გარკვეული, სასტარტო გამთამაშებელი ვიქნებოდი თუ - არა. ამიტომ ნაცნობი გუნდი ვარჩიე და რაც მთავარია, მითხრეს, რომ პირველ პლეიმეიქერად ვჭირდები.

- "კორიკობრატში" რამდენი ხნით დარჩები?
- 1+1 სისტემის კონტრაქტი გავაფორმე. ფინეთში 15 აგვისტოსთვის უნდა ჩავიდე.

- 2009-10 წლებში ეს გუნდი მეორე ლიგაში გამოდიოდა. ახლა რომელშია?
- უმაღლეს ლიგაშია და მაღალ მიზნებსაც ისახავს. ფინეთის ზედა ლიგა სერიოზული პირველობაა.

მახსოვს, ლაპუაში რომ ვიყავი, უმაღლესში რიკი ჰიკმანი თამაშობდა. იგი ჯერ იტალიაში, შემდეგ კი ისრაელის "მაქაბიში" მოხვდა. თან გუნდის ლიდერია.

- 2010 წლის შემდეგ გუნდში რა ცვლილებებია?
- კალათბურთელებიდან პირველს მე გამიფორმეს კონტრაქტი. არ ვიცი, კიდევ ვის დაიმატებენ.

კლუბის პრეზიდენტს ვესაუბრე, მესამე, მეოთხე და მეხუთე ნომრების პოზიციებზე ამერიკელების ჩამოყვანას აპირებენ. რაც შეეხება მწვრთნელს, ისიც ახალია, ამერიკიდან ჩამოიყვანეს ტერენს სტანსბარინი.

- მიმდინარე სეზონზეც გკითხავ. რა ადგილს მიაკუთვნებდი შენს კარიერაში?
- ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო, მათ შორის, რაც საქართველოში ჩამიტარებია. თამაშიც საკმარისად მიწევდა და სტატისტიკაც კარგი მქონდა. ერთადერთი, რაზეც გული მწყდება, ის არის, რომ თსუ-ს უკეთესი შედეგის ჩვენება შეეძლო, მაგრამ ტრავმებისა და გამოუცდელობის გამო მერვე ადგილზე გავედით.

თუმცა ამ სეზონმა დამანახვა, რომ სტუდენტებით სუპერლიგის ღირსეული გუნდის შექმნა შეიძლება.

საამისოდ საჭიროა შესაბამისი თანხა და ერთი-ორი გამოცდილი უცხოელი კალათბურთელის დამატება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული