გამყრელიძე გიგანტებსაც არ დაგიდევთ

AutoSharing Option
ლაშა გამყრელიძის "გისენმა" კვირას ევროლიგის წარმომადგენელ "ბამბერგთან" თანაბრად ითამაშა (80:81 დათმო). ამ შეხვედრის შემდეგ ახალგაზრდა გისენელებმა უფრო მეტად ირწმუნეს საკუთარი შესაძლებლობებისა და დიუსელდორფში გამართული შეხვედრა თავიდანვე დამაჯერებლად დაიწყეს. "გისენი" მასპინძელ "გიგანტებს" პირველი ტაიმის შემდეგ 46:36-ს უგებდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში გამყრელიძემ სამქულიანი გამოიყენა, მას ბრუკსმა მიბაძა, შემდეგ მათ ორქულიანით ოვჩინა შეეშველა და სტუმრები 16 ქულით დაწინაურდნენ (56:40). გისენელებმა რომ თავი ქუდში დაიგულეს, სწორედ მაშინ ამოქმედდნენ "გიგანტები", რომელთა შორის ლაშას ყოფილი თანაგუნდელი ("მიტელდოიჩერიდან") ნიკიტა ხარჩენკოვი გამოირჩეოდა. შეხვედრის დასრულებამდე 1:28 წუთით ადრე მასპინძლები
პირველად დაწინაურდნენ - 82:81. საპასუხოდ, გამყრელიძემ ორი საჯარიმო გამოიყენა. შემდეგ იყო რაითის (დიუსელდორფი) ორქულიანი, სმიტის (გისენი) ერთი საჯარიმო, 83:83 და ოვერტაიმი...

დამატებითი ხუთწუთეულის დასრულებას 9 წამი უკლდა, როცა ლაშა გამყრელიძე საჯარიმოს ხაზთან დადგა, ორივე ტყორცნა გამოიყენა და სხვაობა 3 ქულამდე გაზარდა - 92:89. ეს უკვე გამარჯვებას ნიშნავდა, საბოლოოდ 94:89 "გისენის" სასარგებლოდ.

გამყრელიძის მონაგარი ასე გამოიყურებოდა: 27 წუთი, 10 ქულა (3-დან 0 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი, 4-დან 4 საჯარიმო), 3 მოხსნა, 2 პასი.

ბუნდესლიგას "ბამბერგი" ლიდერობს, შვიდივე მატჩი მოგებული აქვს. "გისენი" "სკაილაინერსთან" მეორე-მესამე ადგილებს იყოფს: 5 მოგება, 2 წაგება. ლაშას თანაგუნდელები მომდევნო მატჩს 6 ნოემბერს, ფრანკფურტში სწორედ "სკაილაინერსის" წინააღმდეგ ჩაატარებენ.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული