იგივე განმეორდა უკრაინაში - 10 ოქტომბერს "დნიპრო-აზოტმა" "დონეცკს" უმასპინძლა და 78:94 დამარცხდა. სასტარტო ხუთეულში ორი ქართველი იყო: დონეცკელთა მხარეს გიორგი ცინცაძე, დნიპროელთა შორის - ლევან ფაცაცია.
გიორგი შარშან უკრაინის ჩემპიონი გახდა და იქაურ ჩემპიონატში დასამტკიცებელი არაფერი აქვს, ლევანი კი ამერიკიდან საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ პირველად გავიდა საერთაშორისო საკლუბო ასპარეზზე და უკრაინის ძლიერ ჩემპიონატში თამაში მისი შესაძლებლობების
მოვლენებს გავასწრებთ და დავწერთ, რომ ფაცაციამ იმაზე უკეთ დაიწყო, ვიდრე ზოგი მოელოდა.
თავად განსაჯეთ: პირველ ტაიმში იგი იმდენად სასარგებლო იყო გუნდისთვის, რომ მწვრთნელი ქართველი ფორვარდის შეცვლას არც ფიქრობდა. მხოლოდ მე-17 წუთზე შეახსენა ლევანმა, რომ პირველი წუთიდან არ დაუსვენია და ცოტა ხნით სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა.
მან მეორე ტაიმშიც თითქმის შეუსვენებლად ითამაშა. საბოლოოდ კი მოედანზე 35:28 წუთი გაატარა. მასზე მეტი მხოლოდ "დნიპრო-აზოტის" გამთამაშებელმა დონალდ სიმსმა ითამაშა (39 წუთი) და 28 ქულა ჩააგდო.
ლევანი დაცვაშიც მყარად იდგა (მასპინძელთა თავკაცი "დონეცკელთა" შესაჩერებლად უმეტესად ზონურ დაცვას იყენებდა) და მეტოქის ფარქვეშ ისევე თავისუფლად შედიოდა, როგორც "სოხუმში" თამაშისას. საბოლოოდ 11 ქულა (9-დან 4 ორქულიანი, 3-დან 3 საჯარიმო), 4 მოხსნა და 3 ჩაჭრა მოაგროვა.
რაც შეეხება გიორგი ცინცაძეს, მწვრთნელი არ ენდო - 13 წუთი ათამაშა. თუმცა დროის ამ მონაკვეთში 3 შედეგიანი გადაცემის, 2 ქულისა და 1 მოხსნის მოგროვება მაინც შეძლო.
მეოთხე რაუნდში მოედანზე არ გამოჩენილა. იმასაც გეტყვით, რომ ამ მატჩში რეკორდი დაფიქსირდა - "დონეცკმა" სუპერლიგის ისტორიაში ერთი მატჩის მიხედვით ყველაზე მეტი, 37 პასი შეასრულა.
საფინალო ანგარიში დასაწყისში გითხარით და შეხვედრის მსვლელობაზე ვრცლად აღარ შევჩერდებით - მეორე ტაიმიდან "დონეცკმა" მცირე უპირატესობა მოიპოვა და საფინალო სირენამდე ხელიდან არ გაუშვია.
დასაწყისში შეხვედრის კომენტატორმა ბევრი ილაპარაკა ქართველებზე: ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებში იყვნენ და პირველივე ტურში ერთმანეთის წინააღმდეგ თამაშობენო.
ერთ ეპიზოდში ცინცაძეს ფაცაციობა დააბრალა, ხოლო შემდეგ ორჯერ შეეშალა - ფაცაძე უტევსო.
კი დავწერეთ, ცინცაძეს მწვრთნელი არ ენდოო, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "დონეცკს" 13 ოქტომბერს ვითიბი-ლიგაზე პეტერბურგის "სპარტაკთან" პირველი საშინაო შეხვედრა ელის და შესაძლოა, მწვრთნელმა ცინცაძე ამ მატჩისთვის შემოინახა. "დნიპრო-აზოტი" კი მომდევნო თამაშს 20 ოქტომბერს "გოვერლასთან" ჩაატარებს (უკრაინის ჩემპიონატში).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"