გრინიალური - ტორინმა იუბილეზე რეალი დაამარცხა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ამერიკელმა გამთამაშებელმა კანარელი გულშემატკივარის მქუხარე აპლოდისმენტები ჯერ ეფექტური დრიბლინგის შემდეგ დაიმსახურა. მატჩის გადამწყვეტ წუთებზე კი ფეხზე წამომდგარი ქომაგი გრინის სამქულიანებით ტკბებოდა და მის გვარს სკანდირებდა. მეოთხე პერიოდის მეექვსე წუთზე სამქულიანის რკალიდან ერთი მეტრის მოშორებით მდგარმა ტორინმა სამქულიანი ზუსტად ისროლა და "გრან კანარია" 57:52 დააწინაურა. მალე მან მორიგი შორი სამქულიანი ჩააგდო და - 65:59. კანარელებმა შეხვედრა 70:59 მოიგეს.

გრინმა 30 წუთში 15 ქულა, 5 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. მან 6-დან 3 სამქულიანი, 5-დან 1 ორიანი და 5-დან
4 საჯარიმო ჩააგდო. ტორინს 15 ქულა მატჩის სნაიპერობისთვისაც ეყო.

"რეალის" ძლევის შემდეგ ესპანურ გაზეთებში მისი გვარი არაერთ სათაურში მოხვდა: "გენიალურმა გრინმა "რეალი დაამარცხა"; "გრინმა 25 წლის იუბილე მადრიდელების ძლევით აღნიშნა" და ა.შ.

გამოცემა "ლაპროვინციაში" საქართველოს ნაკრების უკანახაზელს ერთი სტატია მიეძღვნა:

"გრინს დაბადების დღე ასე კარგად ჯერ არ აღუნიშნავს - მისი შეწევნით "კანარიამ" "რეალი" დაამარცხა.

- "გრან კანარიას" ერთგული ქომაგი ჰყავს. მათ გუნდის წარმატებები ძალიან ახარებთ და მეც კმაყოფილი ვარ, რომ მადრიდის "რეალის" ძლევით ქომაგს დიდი სიხარული მოვუტანეთ, - აღნიშნა ტორინ გრინმა.

იგი მატჩის ბოლო წუთებსაც შეეხო:
- ძალიან ხისტად და აგრესიულად ვთამაშობდით, მეტოქეს ბოლომდე, უშეღავათოდ ვებრძოდით და არ შეიძლებოდა ჩვენი მონდომება არ დაფასებულიყო.

გრინმა საკუთარ დამსახურებაზე მეტად მწვრთნელის, პედრო მარტინესის ღვაწლზე ილაპარაკა:
- მატჩის წინ მწვრთნელთან ერთად "რეალის" ტაქტიკას ვიხილავდით. სწორედ მაშინ დავრწმუნდით, რომ შეგვეძლო ევროპისა და ესპანეთის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის დამარცხება. საბოლოოდ, ასეც მოხდა.

გრინს რეალელი უკანახაზელი სერხიო როდრიგესის წინააღმდეგ უწევდა თამაში, რომელთანაც 2006-07 წლების სეზონში "პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსში" ასპარეზობდა.
- როდრიგესს კარგად ვიცნობ. იგი არაჩვეულებრივი კალათბურთელია. მანაც კარგად ითამაშა, თუმცა ბოლო წუთებზე ჩვენს წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო. გასახდელში ძალიან გავიხარეთ.

შეგახსენებთ, რომ გრინის რეალელმა თანაამპლუელებმა შეტევაში თავი ვერ გამოიჩინეს: პრიჯიონიმ 3 ქულა ჩააგდო, ხოლო როდრიგესმა - 4.

"სარაგოსას" და აეკ-ის მოვლის შემდეგ, გრინმა, როგორც იქნა, იპოვნა თავისი ადგილი. იგი "გრან კანარიაში" თავს კარგად გრძნობს:
- იმედი მაქვს, რომ გულშემატკივრები კვლავ ჩვენს გვერდით იქნებიან და ვეცდებით, ისეთივე ბედნიერი დღეები ვაჩუქოთ, როგორიც "რეალის" ძლევისას იყო.

30 ნოემბერს "გრან კანარიას" ევროთასზე ლიტვურ "შიაულიაისთან" გასვლითი მატჩი უწევს:
- ლიტვაში რთული ბრძოლა გველის. ვფიქრობ, ხისტი თამაში იქნება, თუმცა ვეცდებით ევროთასზე მეორე გამარჯვება მოვიპოვოთ, -
დასძენს "გრან კანარიას" ახალი ვარსკვლავი."


***
ნიკა ცქიტიშვილისა და მისი "ლაგუნ აროსთვის" მეცხრე ტური წარუმატებელი გამოდგა. ბასკებმა "ვალენსიასთან" შინ წააგეს - 75:82.  ცქიტომ 10 წუთში 2 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა.


***
სტუმრად გაიმარჯვა ქუინტონ ჰოსლის "ხუვენტუდმა" - "ალიკანტეს" 75:71 აჯობა.
ქუინტონმა მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო და 29 წუთში 8-8 ქულა-მოხსნა გაიფორმა.


***
საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრის, ტაირონ ელისის "ესტუდიანტესმა" სარაგოსაში, ამავე სახელწოდების გუნდთან 70:84 დათმო. ელისმა 34 წუთში 6 ქულა, 1 მოხსნა და 2 პასი მოინაგრა.


***
ესპანეთის პირველობის სატურნირო ცხრილსაც გადავხედოთ. მეოთხე ადგილზეა "ხუვენტუდი" (6 მოგება, 3 წაგება), მეცხრე-მეათე ადგილებს ინაწილებენ "გრან კანარია" და "ლაგუნ არო" (5-5 გამარჯვება, 4-4 მარცხი). "ესტუდიანტესს" 9 ტურის შემდეგ 3 მოგება უწერია და ცხრილში მეთოთხმეტეა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული