"კასერტას" მოედანზე გამართული მატჩი საწყისი სამი პერიოდის განმავლობაში თანაბარი გამოდგა, მეოთხე ათწუთეულში კი კანტუელებს "პეპსი" "ყელზე დაადგათ" და საბოლოოდ 8 ქულის სხვაობით დამარცხდნენ.
"კანტუს" მე-11 ნომერმა, მარკოიშვილმა 11 ქულა (2-დან 1 ორქულიანი, 3-დან 2 სამიანი, 2-დან 1 საჯარიმო) ჩააგდო, რასაც 1 მოხსნა მიამატა. მან მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე 18 წუთი გაატარა.
კანტუელთა მწვრთნელმა, ანდრეა ტრინჩიერიმ მატჩის ანალიზი მარტივად გააკეთა:
"პეპსის" დამრიგებელმა პინო საკრიპანტიმ მეტოქისადმი კომპლიმენტები არ დაიშურა:
- "კანტუ" შეკრული და კარგად გაწვრთნილი გუნდია. მწვრთნელმა შარშანდელი სეზონის შემდეგ ძირითადი ბირთვის (მარკოიშვილი, მარაცინო, ორტნერი, ლეუნენი, მიკოვი) შენარჩუნება მოახერხა და დაიმატა კარგი კალათბურთელები: გრინი და ტაბუ. ასე რომ, "კანტუ" იტალიის ჩემპიონატში ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო გუნდია.
საინტერესოა, ამ საკითხზე რას ფიქრობენ გულშემატკივრები. გაზეთ "კორიერე დელო სპორტში" გამოქვეყნდა გამოკითხვა, რომელსაც უნდა გამოევლინა გუნდები, რომლებიც "მონტეპასკის" ჩემპიონობაში შეეცილებიან. გამოკითხულთა 41 პროცენტი მიიჩნევს, რომ "მონტეპასკი" ჩემპიონობას თუ დაკარგავს, ეს "მილანის" დამსახურება იქნება. 6,4 პროცენტს სიენელთა კონკურენტად ვიქტორ სანიკიძის "ვირტუსი" მიაჩნია, ხოლო 3,9 პროცენტს - "კანტუ".
აქვე მანუს გუნდთან დაკავშირებით ორ ამბავს გეტყვით. ერთი კარგია, მეორე - ცუდი. კარგით დავიწყოთ: "კანტუს" ხელმძღვანელობამ კონტრაქტი გააფორმა საათების მწარმოებელ ფირმა "ჩაპელეტისთან". ცუდი კი ისაა, რომ "კასერტასთან" მატჩში კოჭის ტრავმა მიიღო ერთ-ერთმა ლიდერმა ბენჟამინ ორტნერმა და იგი გუნდს ჰოლანდიის ქალაქ გრონინგემში ვერ გაჰყვება. შეგახსენებთ, რომ დღეს "კანტუ" ევროთასზე სწორედ "გრონინგემს" ეთამაშება.
დავბრუნდეთ იტალიაში. დამარცხდა ვიქტორ სანიკიძის "ვირტუსიც". ბოლონიელებმა "ვარეზესთან" სტუმრად ვერაფერი გააწყვეს (81:91). სანიკიძე "ვირტუსს" კოჭის ტრავმის გამო ვერ დაეხმარა. ასევე ფეხის ტკივილი გახდა მეორე ლიდერის ვინსტონის უთამაშებლობის მიზეზი.
"კანტუსა" და "ვირტუსს" 4-4 მოგება, 3-3 წაგება აქვთ და ექვს გუნდთან ერთად სატურნირო ცხრილში მეხუთე-მეათე ადგილებს ინაწილებენ.
***
"რიმინიში" დაბრუნების შემდეგ იტალიის მეორე ლიგაში ყველაზე ნაყოფიერი მატჩი ჩაატარა ნიკა მეტრეველმა, რომელმაც 10 წუთში 5-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 6 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა. იმედი დავიტოვოთ, რომ იგი 6-ქულიან რეკორდს მალე გადალახავს.
გამოცემა "ბასკეტნეტმა" ქართველი ფორვარდის თამაში 6,5 ბალით შეაფასა: "მეტრეველი მოედანზე მატჩის ბოლო წუთებზე გამოჩნდა. მან დაგვარწმუნა, რომ გააჩნია თვისებები, რაც გუნდს სარგებელს მოუტანს. მას შეუძლია "რიმინის" თამაშზე დადებითად იმოქმედოს, თუმცა ამისთვის არასათანადო სათამაშო დრო აქვს."
"რიმინიმ" სტუმრად "მონფერატოსთან" 72:53 წააგო და ცხრილში მეშვიდე ადგილამდე ჩამოქვეითდა.